უძველესი დროიდან საზოგადოებაში მუდამ არსებობდა მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. დროთა განმავლობაში, საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასა და რელიგიების ჩამოყალიბებასთან ერთად, საზოგადოებაში უფრო მყარად იკიდებდა ფეხს ის მოსაზრებები, რომ სამყაროში არსებობენ კეთილი და ბოროტი ძალები. აქედან გამომდინარე, თუ გინდოდა, რომ საიქიო ცხოვრებაში ან რეინკარნაციის შემდეგ უკეთესად გეცხოვრა, მნიშვნელოვანი იყო, რომ გეკეთებინა "კარგი" საქმეები. სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წყობილების ჩამოყალიბების დროიდან მოყოლებული, ჩვენ მუდამ ვცდილობთ ჩვენი ქმედებები შევეფასოთ "კარგი-ცუდი" პრიზმიდან. აღნიშნულ ხედვას მრავალი მიმდევარი ჰყავდა, მათ შორის ისეთი გამოჩენილი ფილოსოფოსიც, როგორიც თომა აქვინელია. მისი მოძღვრების თანახმად, საგნები მაშინ არიან "კარგი" თუ ისინი ჯეროვნად, სრულყოფილად ახორციელებენ საკუთარ მოვალეობას. იგი ამ მოსაზრებაში გულისხმობდა, რომ მაგალითად თვალი, მაშინ მიიჩნევა კარგად, როდესაც ის კარგად ხედავს, ანუ, ასრულებს საკუთარ მოვალეობას. რკო მაშინ მიიჩნევა კარგად, როდესაც ის ჯანსაღია და შეუძლია აღმოაცენოს ახალი სიცოცხლე როდესაც მიწაში მოხვდება და ა.შ. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ მსგავსი მიდგომა ერთი მხრივ ლოგიკურია, რადგან ცული მაშინაა კარგი, თუ თავის ფუნქციას ასრულებს და ვარგისია ხის მოსაჭრელად, მაგრამ საკითხავია თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება არა უსულო საგნებს, არამედ ისეთ მოაზროვნე არსებებს, ვთქვათ როგორიც ადამიანია? ჩვენ ვიცით რა არის ცულის დანიშნულება, რომ მოჭრას ხე და ა.შ. და არა დაბაროს მიწა, მაგრამ რა არის ადამიანის დანიშნულება? გვხვდება ბუნებაში რაიმე წესი, კანონზომიერება, რომლის გაცნობის შემდეგაც მივხვდებოდით, რომ თურმე ჩვენი დანიშნულება ყოფილა რაიმე კონკრეტული საქმის კეთება?
თომა აქვინელს საკმაოდ საინტერესო პასუხი აქვს ამ კითხვაზე. იგი საკუთარ მოსაზრებებს ამყარებს "ბუნებითი სამართლის" თეორიაზე და ამბობს, რომ ადამიანის ფუნქცია ემყარება ოთხ ძირითად პრინციპსო, ესენია: ადამიანის სიცოცხლის დაცვა და პატივისცემა, გამრავლება და განათლება, ღმერთის შეცნობა და თაყვანისცემა და ბოლოს, საზოგადოებაში ცხოვრება. ერთი შეხედვით თითქოს მარტივია მიხვდე, თუ რას გულისხმობდა თომა აქვინელი აღნიშნულ პრინციპებში, რომ ადამიანი დაიბადება, გახდება საზოგადოების წევრი, პატივი სცემს სხვებს, მიიღებს განათლებას, ეთაყვანება ღმერთს, შემდეგ დატოვებს შთამომავლობას და გარდაიცვლება. სწორედ ასე ჩანს ადამინის ფუნქციური დანიშნულება თომა აქვინელისათვის. სწორედ ამას მიიჩნევდა იგი ბუნებით სამართლად, რომელიც საერთო უნდა ყოფილიყო ყველასათვის იმპერატიულად, მაგრამ აღნიშნულ პრინციპებშიც არის გარკვეული წინააღმდეგობები.
მაგალითად, თომა აქვინელის აზრით, პირველი ბუნებითი კანონი არის, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ ადამიანების სიცოცხლეს. კი ბატონო, თითქოს ნათელია ყველაფერი, მაგრამ წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ ორმა ტერორისტმა გაიტაცეს კერძო თვითმფრინავი მგზავრებთან ერთად, და იმ მოტივით რომ საკუთარი ღმერთისთვის შეეწირათ თავი, გეზი აიღეს დასახლებული პუნქტისკენ, სადაც იმართებოდა მასობრივი შეკრება დღესასწაულის აღსანიშნავად. ამის შესახებ გაიგო უშიშროების სამსახურმა, და შეიქმნა სიტუაცია, რომ ან ლაინერი უნდა ჩამოაგდონ ათ მგზავრთან და ტერორისტებთან ერთად, საიდანაც ვერავინ გადარჩება, ან ნება მისცენ მოახდინონ ტერაქტი. აქვინელის მოძღვრების თანახმად, უშიშრობის სამსახურის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან სხვა პირების სიცოცხლე, ანუ იმ პირთა, რომლებიც შეკრებილები არიან დღესასწაულის აღსანიშნავად, და ამის საფუძველზე ჩამოაგდოს ლაინერი, და ამასთან, ისევ აქვინელის ბუნებითი კანონის თაახმად, ისინი ვალდებული არიან პატივი სცენ ლაინერზე მყოფ გატაცებული მგზავრების სიცოცხლესაც და არ ხელყონ იგი. წარმოიქმნება დილემა, როცა, ბუნებითი სამართლის ერთი პრინციპი ერთ გადაწყვეტილებასაც უჭერს მხარს და მეორესაც. მაშ როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორი იქნება "კარგი", "სწორი" გადაწყვეტილება? ბუნებითი სამართალი მსგავს შემთხვევაში ვერ გვცემს ამომწურავ პასუხს, რადგან იქ, სადაც გონება ერთვება და იქმნება შესაძლებლობა ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილების მიღებისა, შეუძლებელია დაადგინო ობიექტური ჭეშმარიტება, კი ჩვენ თითქოს ვიცით, რომ ადამიანის სიცოცხლე უძვირფასესია, მაგრამ ღირს უდანაშაულო გატაცებულების სიცოცხლის მოსპობა იმისათვის რომ სხვათა სიცოცხლე გადავარჩინოთ? ამ დროს ყოველთვის გაიყოფა აზრები და ორივე მხარეს ექნება საკმარისი არგუმენტები რათა ამტკიცონ საკუთარი სიმართლე, მაგრამ ობიექტურ ჭეშმარიტებამდე ვერასდროს მივალთ, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნებოდა "სწორი", ამაში ვერც ზემოთმოყვანილი ბუნებითი სამართლის პრინციპები დაგვეხმარება. სწორედ აქ იმალება ის ნაკლი, რომელიც თავის დროზე გამორჩა დიდ იტალიელ ფილოსოფოსსა და ღვთისმეტყველს თომა აქვინელს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.