ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ადამიანები ვაწყდებით გარკვეული სახის დილემებს, რომელთა გადასაწყვეტად სხვადასხვა გზას ვირჩევთ. ეს გზები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ღირებულებების მატარებელია ადამიანი. მაგრამ არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც გარკვეული წესებით უწევთ ინდივიდებს ცხოვრება და ამ წესებიდან გადახვევა არ არის შესაძლებელი მიუხედავად სუბიექტური წინააღმდეგობისა. სწორედ ასეთი სიტუაცია გვაქვს, როდესაც საქმე კანტის მოძღვრებას დეონტოლოგიის შესახებ ეხება. ბლოგის სათაურიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯერ განვიხილო წესების უტილიტარიზმი, რომელიც გარკვეულწილად ღირებულებების თვალსაზრისით გავს დეონტოლოგიას. ჩემი მიზანიც ამ ბლოგის ფარგლებში ის არის, რომ გავავლო პარალელები ამ ორ მოძღვრებას შორის, ვიპოვო მსგავსებები, განსხვავებები და შევაფასო კრიტიკულად.
წესების უტილიტარიზმის ფუძემდებლურ იდეას წარმოადგენს ის, რომ ცხოვრებაში უნდა დავნერგოთ გარკვეული სახის თამაშის წესები. წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ წესად დაინერგა ასეთი შინაარსის დებულება: ყოველგვარი ტყუილი დაუშვებელია და არავინ არ უნდა თქვას ტყუილი. პირველი მოთხოვნა, რომელიც წესების უტილიტარიზმს აქვს შესრულდა და შემოვიღეთ წესსი. მოცემული მოძღვრება ამბობს, რომ ეს წესი უნდა შესრულდეს ნებისმიერ სიტუაციაში, რადგან მიჩნეულია, რომ ეს წესი მოიტანს ყველაზე დიდ სიკეთეს ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანისათვის. მართლაც, რომ დავფიქრდეთ, რა ჯობია ისეთ თანაცხოვრებას, სადაც ადამიანები ერთმანეთს ვერ მოატყუებენ და უამრავ ცუდ შედეგს ავირიდებთ თავიან. მაგრამ, ამავე დროს მნიშვნელოვანია განვიხილოთ ასეთი სიტუაცია: სახლში იმყოფება ადამიანი მარტო, შუა ღამით და ამ დროს ისმის კარზე კაკუნი. მოცემულმა ადამიანმა იცის, რომ გარეთ მას სერიული მკვლელი ელოდება და ყველანაირად ცდილობს მკვლელმა სახლში ვერ შეაღწიოს. მკვლელი კი აკაკუნებს კარზე და მარტო მყოფ ადამიანს ეკითხება, არის თუ არა ის სახლში. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე შემოვიღეთ წესი, რომლითაც ავკრძალეთ ტყუილი მარტო დარჩენილს ადამიანს არ შეუძლია მოატყუოს სერიული მკვლელი და მას არ გასცეს ხმა. მაგრამ თუ მოატყუებს გადარჩება და სწორედ აქ მივდივართ წინააღმდეგობამდე, რომელიც წესების უტილიტარიზმის ფარგლებში მეტნაკლებად დაძლეულია. ამ დილემის სწორად და ოპტიმალურად გადასაწყვეტად წესების უტილიტარიზმში შემოიღეს სუსტი წესის ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ თუ საქმე ეხება უფრო დიდი სიკეთის გადარჩენას ვიდრე ტყუილის არ თქმაა, მაშინ ადამიანს შეუძლია დაარღვიოს ეს წესი, მოცემულ შემთხვევაში, თქვას ტყუილი.
სწორედ ამ უკანასკნელით განსხვავდება წესების უტილიტარიზმი დეონტოლოგიისაგან. კანტის მოძღვრების ფარგლებში, არ არსებობს წესი, რომლის დარღვევაც შესაძლებელია, თუნდაც იგი ემსახურებოდეს უფრო დიდი სიკეთის დაცვას, ვიდრე თავად ამ წესის არდარღვევაა. ვფიქრობ, რომ დეონტოლოგია ამ მიმართულებით უფრო მკაცრად უყურებს “თამაშის წესებს”. ლოგიკურია, რომ ასეთი ხისტი და პირდაპირი მიდგომა საკითხის მიმართ გარკვეულ უარყოფით შედეგებს იწვევს. თუნდაც მოცემული მაგალითიდან გამომდინარე, დეონტოლოგიის მიმდევარი ადამიანი არ მოატყუებდა სერიულ მკვლელს და მისი სიცოცხლეც შეეწირებოდა ამ წესს. დეონტოლოგია თვლის, რომ უნივერსალური წესი არის ის წესი, როდესაც ადამიანი თავის ქცევას აქცევს უნივერსალურ წესად, ის ჩათვლის რომ ყველამ ასე უნდა იმოქმედოს და სწორედ ამის მერე განსაზღვრავს რამდენად დამაზიანებელი იქნება ეს წესი მთლიანად საზოგადოებისათვის. თუ მოცემულმა ქცევამ მთლიანად საზოგადოებისათვის სასიკეთო შედეგები მოიტანა, მაშინ ეს წესი იქნება მიჩნეული, როგორვ უნივერსალური. მსგავსი სახით უნივერსალური წესის გამოყვანა განსხვავდება წესების უტილიტარიზმის მეთოდოლოგიისაგან. ეს უკანასკნელი ყურადღებას აქცევს, რომ წესმა მოიტანოს დიდი რაოდენობით სიკეთე მეტი რაოდენობის ხალხისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ორ მოძღვრებას საერთო ის გააჩნია, რომ ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანესია ფუნდამენტალური და უნივერსალური წესის შემოღება, რათა საზოგადოებრივი თანაცხოვრება გახდეს უფრო მარტივი და პროდუქტიული.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ დეონტოლოგია უფრო გამკაცრებული ვარიანტია წესების უტილიტარიზმის. როგორც უკვე აღვნიშნე, გარკვეულ შემთხვევებში ორივე მათგანს შეუძლია დიდი რაოდენობის სიკეთის მოტანა თუნდაც წესით “არ შეიძლება ტყუილის თქმა”, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც წესის დაცვით უფრო დიდ სიკეთეს ვლახავთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.