დეონტოლოგია არის ეთიკური თეორია, რომელიც იყენებს გარკვეულ წესებს იმისათვის, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოს რა არის კარგი და რა ცუდი. განსხვავებით კონსეკვენციალიზმისგან, დეონტოლოგია არ კონცენტრირდება მხოლოდ შედეგზე. ის მკაცრად მიჰყვება უნივერსალურ ზნეობრივ კანონებს, როგორიცაა არ იქურდო, არ ითაღლითო, არ მოიტყუო და სხვ. სწორედ ამიტომაც, იბადება კითხვა, არსებობს თუ არა გამონაკლისი უნივერსალური ზნეობრივი კანონებიდან.
ხშირად, დეონტოლოგია ასოცირდება ფილოსოფოს ემანულ კანტთან. მისი აზრით, ის მორალური კანონები, რომელსაც ეყრდნობა ზემოხსნებული ეთიკური თეორია თითოეული ადამიანის მიერ სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული და გაზიარებული. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ინდივიდს სურს თუ არა, რომ იყოს მორალური, რადგან ზნეობრივი კანონები ყველასთვის მბოჭავი ხასიათისაა.
იმანუელ კანტი აყალიბებს კატეგორიულ იმპერატივებს, რომელთაც მრავალგვარი გაგება შეიძლება ჰქონდეს ადამიანების მხრიდან. თუმცა, ამჯერად ვისაუბრებ მის ერთ-ერთ ფორმულირებაზე ტყუილთან, როგორც გამონაკლისთან მიმართებით.
კანტი კატეგორიული იმპერატივების მოცემულ ფორმულირებაში, კერძოდ, პრინციპების უნივერსალიზაციაში გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა მოიქცეს მხოლოდ ზნეობრივი კანონის ან პრინციპის საფუძველზე, სხვა შემთხვევაში მისი ქმედება გახდება უნივერსალური კანონის ნაწილი ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე. ამ განმარტების უკეთ გასაგებად, შესაძლებელია მაგალითის მოყვანა, რომელიც დღევანდელი რეალობისათვის საკმაოდ აქტუალურია. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ერთ დღესაც პანდემიის პირობებში თქვენ გადიხართ სახლიდან და სავაჭრო ცენტრში შესვლისას აცნობიერებთ, რომ ნიღაბი არ გაქვთ, საფულეც სახლში დაგრჩათ, რის გამოც ყიდვას ვერ ახერხებთ და თან ძალიან გეჩქარებათ. შესაბამისად, ნიღბის გარეშე შედიხართ და ამით არაზნეობრივ ქმედებას ახორციელებთ, რომელიც თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებსაც აზარალებთ. კანტის აზრით, ამგვარი ქმედებით თქვენ არღვევთ უნივერსალურ მორალურ კანონებს და ამბობთ, რომ ყველას შეუძლია პანდემიის პირობებში იაროს ნიღბის გარეშე. კანტი ამით ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება, რომ აუცილებელია იქამდე, სანამ ზნეობრივი კანონებიდან გადავუხვევთ, წარმოვიდგინოთ თუ რას გამოიწვევს ამგვარი ქმედების უნივერსალიზაცია, რათა ნათლად დავინახოთ მისი შედეგები. ცხადია, ის ამგვარ გადახვევაში საფრთხეს ხედავს და ასკვნის, რომ არავინ, არასდროს არ უნდა მოიქცეს ზნეობრივი კანონებისგან განსხვავებულად, რათა შემდგომ ეს არ იქცეს სხვებისთვის მოწოდებად.
ტყუილთან მიმართებში კანტს უცვლელი პოზიცია აქვს. ის თვლის, რომ ტყუილი დაუშვებელია განურჩევლად ვითარებისა. ერთი შეხედვით, მისი ეს პოზიცია საკმაოდ სამართლიანია, რადგან ყველას თანაბრად ეხება და არ უშვებს გამონაკლისებს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტები, როცა რთულია ამ მორალური კანონის დაცვა და მისგან გამოწვეული შედეგებიც საკმაოდ არასახრბიელოა. ამ შემთხვევაში აუცილებელია გავიმეოროთ, რომ დენტოლოგიისთვის მთავარი არ არის შედეგი. თუმცა მეტი სიცხადითვის, აქაც სჯობს განხილულ იქნეს კანტისეული ფორმულირება კონკრეტული მაგალითის მოყვანით. წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ თქვენს მეგობართან ერთად სახლში ვახშმობთ. უეცრად ისმის ზარის ხმა, თქვენ აღებთ კარს და გხვდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს მეგობარზე გისვამთ კითხვებს და გეუბნებათ რომ მას ეძებს, რადგან დიდი ხანია მისი ვალი აქვს და აპირებს ამისთვის მოკლას. შემდგომ ის გეკითხებათ შემთვევით თქვენთან ხომ არ არის. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს, როცა თქვენი ინსტიქტები გკარნახობთ, რომ სჯობს მეგობარი დაიცვათ და ტყუილი თქვათ ? წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ იცრუეთ და თქვით, რომ ის თქვენთან არ არის, მაშინ, როცა იცით, რომ ის სასადილო მაგიდასთან ზის. ამ დროს, თქვენი მეგობარი იგებს თქვენსა და იმ პირს შორის წარმართულ საუბარს და ფანჯრიდან გადაძრომის მეშვეობით გარბის სახლიდან რა დროსაც გზაში ხვდება მას და ეს შემთხვევა თქვენი მეგობრის მკვლელობით მთავრდება.
ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა თქვენ ამბობთ სიმართლეს, რომ მეგობარი თქვენს სასადილო მაგიდასთან ზის, მასთან ერთად შედიხართ სამზარეულოში, მაგრამ თქვენი მეგობარი იქ არ გხვდებათ, რადგან ის ფანჯრიდან გადაძრომით ახერხებს გაქცევას. კანტის აზრით, ტყუილის შემთხვევაში თქვენი მეგობრის მკვლელობისთვის პასუხისმგებელი თქვენ ხართ, რადგან ეს თქვენ მიერ ნათქვამი ტყუილის შედეგია. ამით კანტი ამტკიცებს, რომ არასდროს უნდა დაარღვიოთ უნივერსალური ზნეობრივი კანონი, იმ შემთხვევაშიც კი თუ სხვა ახორციელებს მსგავს ქმედებას.
საბოლოოდ, კანტი სწორედ ასე ასაბუთებს იმას, რომ მაშინ, როცა საქმე ეხება უნივერსალურ მორალურ კანონებს, დაუშვებელია გამონაკლისები, რადგან ის არასამართლიანად მოქმედებს საზოგადოებაზე და ზოგჯერ საფრთხესაც უქმნის მას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.