,,ახლა როდესაც ასეთი ღრმა თეორიები მოვისმინეთ ეთიკის ისეთი ბრწყინვალე მცოდნისგან, როგორიც თქვენ ბრძანდებით ბატონო იმანუელ, გავკადნიერდებით და გკითხავთ როდის აქვს ჩვენ მიერ ჩადენილ სიკეთეს უმაღლესი ხასიათის ზნეობრივი ღირებულება?’’
იმანუელ კანტი ჩვენს შეკითხვაზე პასუხის გაცემას უპირველესყოვლისა მაღალი შეფასების ღირსი ქმედების ინდიკატორის განსაზღვრით დაიწყებდა და გვიპასუხებდა, რომ ის რაც ,,მუდამ პირველობს ჩვენი ქმედობის მთელი ღირებულების შეფასებისას და წარმოადგენს ყოველივე დანარჩენის პირობას არის ადამიანის მოვალეობა’’, ამის შემდეგ კი ,,რაც შეეხება თქვენს შეკითხვას’’ პასუხად დაამატებდა, რომ ,,კეთილის ქმნა ყველგან სადაც კი შესაძლებელია მოვალეობას წარმოადგენს’’.
მაშასადამე, კეთილის ქმნა ყოველთვის უმაღლესი ხასიათის ზნეობრივი ღირებულება ყოფილა რამე თუ იგი მოვალეობაა და სწორედ მოვალეობა განსაზღვრავს უმაღლესი ხასიათის ზნეობრივ ღირებულებას ?!
რა თქმა უნდა, არა. არსებობს შემთხვევები, როდესაც სიკეთე ჩადენილია არა თუ მოვალეობის, არამედ მიდრეკილების გამო და სწორედ მიდრეკილების არსებობა წარმოადგენს ყოველი სიკეთისმყოფელი ქმედებისთვის იმ ნაღმს, რომელიც აუცილებლად ნამსხვრევებად აქცევს ქმედების მაღალ ზნეობრივ შინაარსს. შესაბამისად, სიკეთე მაღალზნეობრივია მაშინ და მხოლოდ მაშინ თუ კი იგი არ მოიცავს მიდრეკილების კომპონენტს თუმცა, მეტი სიცხადისთვის საჭიროა განვსაზღვროთ რას წარმოადგენს თავად მიდრეკილება.
ამისთვის კანტი გვთავაზობს შემდეგ გამოსავალს. გვიხატავს იმას თუ რა არ არის მიდრეკილება, რითაც უფრო აადვილებს მიდრეკილების პოზიტიური ცნების დადგენას.
მას მაგალითად კაცთმოყვარე ადამიანი მოჰყავს, რომელიც რატომღაც მწუხარებით არის მოცული, ,,სულაც არ ეკარება გულს სხვისი ნაღველი’’, მაგრამ ამის მიუხედავად ,,იგი სძლევს თავის მომაკვდინებელ უგრძნობლობას, მოქმედებს ყოველგვარი მიდრეკილების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის კარნახით’’ .
აი, საქციელი/სიკეთე ჭეშმარიტი მორალური ღირებულებით, ამბობს ემანუელი, და ამ კაცთმოყვარე მაგრამ მწუხარებით მოცული მამაკაცის ქმედებას მორალურ ღირებულებათა 100 ქულიანი სისტემიდან ჩემი აზრით უწერს 100-ს.
უცნაურია არა? აღმოჩნდა რომ მინდოდეს სიკეთე და ვაკეთებდე სიკეთეს უნივერსალურად სულაც არ ნიშნავს ამ ქმედების ღირებულების მაღალ ხარისხს, თუმცა, არ მინდოდეს და ვაკეთებდე, არ შემეძლოს და ვეხმარებოდე, მენანებოდეს და ვაწვდიდე, მეზარებოდეს და ვმოქმედებდე, მეჯავრებოდეს და ხელს ვუწყობდე, ჩემთვის მინდოდეს და მას ვუთმობდე, ეს უკვე მაღალი შეფასებს ღირსი საქციელია და თუ რეალურად გვაინტერესებს , რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ჩვენი საქციელი უმაღლესი ხასიათის ზნეობრივ ღირებულებად იწოდებოდეს ამაზე პირველი პასუხი ასეთია: ,,რაცა არ გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა’’
რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი ადამიანისგან მოვალეობა ერთს ითხოვს და მიდრეკილება მეორეს კარნახობს? რა შემთხვევაში ექნება ჩვენს საქციელს მაღალი მორალური ღირებულება აღნიშნული შემთხვევისას?
სიკეთე დროებით გვერდზე რომ გადავდოთ და პასუხი მარტივად დავასაბუთოთ წარმოვიდგინოთ დიაბეტით დაავადებული ადამიანი, (კანტისეული მაგალითის ანალოგი) რომელიც რისკავს ჯანმრთელობას შოკოლადის ფასად და მზად არის ამ ყველაფრის შემდეგ დიდი ტანჯვა განიცადოს, ვინაიდან იმ მომენტში მის ვალდებულებას იყოს ჯანმრთელი სძლია მიდრეკილებამ იყოს ბედნიერი.
კანტის პასუხი ასეთ პრობლემაზე შემდეგია: პირად ბედნიერებას ხელი უნდა შევუწყოთ არა მიდრეკილების არამედ მოვალეობის კარნახით.
პირადი ბედნიერების გარდა შესაძლოა ასეთი პრობლემა სხვა შემთხვევაშიც გაჩნდეს. ამის საილუსტრაციოდ ძალიან მოკლედ მოგიყვებით ერთ-ერთი მოთხრობის სიუჟტს. ქმარი ცდილობს ხანძრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ცოლის ნანგრევებიდან გამოყვანას, თუმცა არაერთი ცდის შემდეგ რწმუნდება რომ ეს შეუძლებელია. აქ ქმარმა უნდა გადაწყვიტოს რის კარნახს მიჰყვეს, ვალდებულებისას - არ გაანადგუროს მეორე ადამიანის სიცოცხლე, თუ მიდრეკილებისას - აარიდოს მას ხანგრძლივი და მტკივნეული სიკვდილი. (შესაძლოა ეს გააკეთოს იმისთვის რათა თავად აირიდოს მისი ტანჯვით წარმოდგენილი დისკომფორტი)
პასუხი არც ამ შემთხვევაში არ იცვლება, ვხელმძღვანელობთ ყოველთვის იმით რითაც დავალდებულებულნი ვართ და არა იმით რასაც მიდრეკილება გვკარნახობს
ყველაფრის მიუხედავად მნიშვნელოვანია აქაც დაისვას მთავარი შეკითხვა რ ა ტ ო მ, რატომ აქვეითებს მიდრეკილების ქონა სიკეთის ზნეობრივ ღირებულებას?
ამის დასასაბუთებლად კანტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიკეთის მკეთებელ იმ ადამიანთა მოტივაციას, რომლებიც თანაგრძნობით განიმსჭვალებიან ყოველგვარი მოვალეობის გარეშე და ამბობს, რომ მათ ასაზრდოებთ გარემომყოფთათვის სიხარულის მინიჭება, იმდენად რამდენადაც ეს უკანასკნელი მათი მოქმედების ნაყოფია, რაც უფრო მეტად მიმართულია პატივისადმი მიდრეკილებისაკენ და მათ ქმედებას, თუ გინდ სიკეთეს, მორალურ ღირებულებათა 100 ქულიანი სისტემიდან ჩემი აზრით 50 ზე დაბალს უწერს.
აქედან გამომდინარე ,,არაფრისგან შობილი’’ მარტოდ მარტო თანაგრძნობებით ნაკარნახევი ქმედებები, რომლებიც შესაძლოა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების არც თუ ისე იშვიათი ნაწილი იყოს სულაც არ გვახასიათებენ, როგორც მაღალი ეთიკური და ზნეობრივი თვისებების მატარებელ ადამიანს. მაგრამ რა თქმა უნდა ამას არც გამორიცხავენ. ასეთი ქმედებები კანტის მიხედვით არის ქების ღირსი! არის წაქეზების ღირსი მაგრამ მაღალი შეფასების არამც და არამც, რადგან კეთილი ნება არ შეიძლება განისაზღვრებოდეს პიროვნების მიდრეკილებით მოიპოვოს პატივი, შეამჩნიონ და დააფასონ, ან თუნდაც სურვილით თავად იბედნიეროს სხვათა გაბედნიერებით.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.