დეონტოლოგია არის პიროვნების სავალდებულო ქცევის, ცალსახად განმსაზღვრელი, მორალური ნორმების ერთობლიობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეონტოლოგია არის მოვალეობის ეთიკა, რომელსაც აქვს იმპერატიული ხასიათი. განსხვავებით ზოგადი ეთიკის ნორმებისგან, აღნიშნული ნორმები არ იძლევა არჩევანის უფლებას და ქადაგებს, რომ წესები ყველამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს.
თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში სავსებით შესაძლებელია აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც გვიწევს არჩევანი გავაკეთოთ ორ მორალურ პრიცნიპს შორის. მაგალითისთვის, ავიღოთ შემთხვევა, როდესაც ჩვენს უახლოეს მეგობარს აქვს დიაბეტი, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრეპარატი ინსულინი, თუმცა მოცემულ სიტუაციაში მას არანაირი საშუალება არ აქვს ინსულინის შოვნის და გთხოვთ დახმარებას, რომ რაც შეიძლება მალე მიუტანოთ მას ეს პრეპარატი. მას შემდეგ რაც ყველა შესაძლო კანონიერი და მორალურად გამართლებული საშუალებით სცადეთ შოვნა და ვერ იშოვეთ, გაიგეთ, რომ არსებობს საწყობი, რომელშიც ინახება დიდი რაოდენობით ინსულინი. ამ დროს ხართ დილემის წინაშე, სიკვდილისთვის გაწიროთ თქვენთვის უახლოესი მეგობარი, თუ არაკანონიერად და მორალურად გაუმართლებლად შეიპაროთ ზემოხსენებულ საწყობში და ,,მოიპაროთ“ მეგობრისთვის საჭირო დოზა ინსულინი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით ,,მოპარვა“ არის სხვისი საკუთრების უკანონო მითვისება, რაც ისჯება კანონით, ასევე ეწინააღმდეგება ათ მცნებას და ასევე არის ცალსახად მორალურად გაუმართლებელი, თქვენ მაინც იპარავთ მეგობრისთვის საჭირო პრეპარატს, მიგაქვთ მასთან და ხვდებით, რომ თქვენ იყავით უკანასკნელი იმედი მისთვის, რომ სიკვდილს გადარჩენოდა.
ამ დროს თავში გიტრიალებს კითხვა, რამდენად სწორად მოიქეცი, უნდა დაგერღვია თუ არა კანონი, უნდა უგულებელყო თუ არა ღვთიური ნება, რაც გაცხადებულია ათ მცნებაში ,, არა იპარო “ და ზოგადად უნდა დაგეცვა თუ არა ის წესები, რომლებიც პიროვნების სავალდებულო ქცევას განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, ჩემთვის და ჩემი აზრით, ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, რადგან, როდესაც სასწორის ერთ მხარეს დევს შენთვის უახლოესი მეგობრის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოებაში გაბატონებული კანონებისა და წესების დაცვა, ვფიქრობ, არჩევანი უნდა გააკეთო იმაზე, რომელიც უფრო ღირებულია და ასევე უნდა გაითვალისწინო ის შედეგი, რაც შენს მოქმედებას მოჰყვება. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხავებული მიდგომა აქვთ დეონტოლოგიის მიმდევრებს, მათ მიაჩნიათ, რომ ქმედების სისწორე დამოკიდებულია არა შედეგზე, არამედ იმაზე, თუ ამ ქმედებით რამდენად ასრულებ შენს მოვალეობას და ასევე ამ ქმედებით ხომ არ ეწინააღმდეგები ზნეობის უმაღლეს პრინციპებს. დეონტოოლოგიის მიმდევართა ამ პოზიციის უკეთ გასაგებად, ვფიქრობ მნიშვნელოვანია განვიხილოთ, თუ როგორი მიდგომა ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ემანუელ კანტს. მისი აზრით, იმის დასადგენად მორალურად რამდენად გამართლებულია ესა თუ ის ქმედება უნდა მოვახდინოთ მისი განზოგადება. თვალსაჩინოებისთვის, წარმოვიდგინოთ სახელმწიფო სადაც ყველა ადამიანი გამუდმებით იპარავს, რასაკვირველია, ეს გამოიწვევს ქაოსს და საზოგადოებრივი წესრიგის ჩამოშლას, შესაბამისად დეონტოლოგიური თვალსაზრისით მოპარვა ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია, მათ შორის ზემოთგანხილულ შემთვევაშიც, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მორალური ვალდებულებების შესრულება და დაცვა, ვიდრე ის თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს იგი.
შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ კონკრეტული ქმედების შეფასება, არის თუ არა ის მორალურად გამართლებული ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის შეხედულებებსა და ფასეულობებზე, გამომდინარე აქედან ზოგისთვის შეიძლება მორალურად სწორი იყოს საზოგადოებაში გაბატონებული წესების უპირობო დაცვა, ხოლო ზოგისთვის უფრო პრიორიტეტული იყოს საყვარელი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.