დეონტოლოგიის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს პასუხისმგებლობებზე დაფუძნებული მოქმედებების მორალურობა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანის გადაწყვეტილებების ერთადერთი გამართლება არის მოქმედება კონკრეტული პასუხისმგებლობისა და კეთილი ნების ფარგლებში. პრაქტიკულად თეორია საკმაოდ მარტივად შესრულებადია: მოცემული გვაქვს საყოველთაოდ აღიარებული წესები, იქნება ეს პროფესიული, თუ უფრო ფართო და ერთადერთი რაც გვევალება არის მათი შესრულება მაშინაც კი, თუ საზოგადოება, რომლისკენაც მიმართულია აქტი, ჩვენში სიმპათიას არ იწვევს.
მორალური მოქმედება დაფუძნებული უნდა იყოს წესზე, რომელიც არის ან აქვს რეალური პერსპექტივა მომავალში გახდეს უნივერსალური. შეუძლებელია ოდესმე თავისთავად და მისაღებად ჩავთვალოთ ტყუილის თქმა ან ადამიანის მოკვლა, რაც, კანტის აზრით, ნიშნავს, რომ მსგავსი მოქმედებები ვერც ერთ შემთხვევასა თუ კონტექსში ვერ იქნება გამართლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში დამკვდრდება სიცრუე/ადამიანის მოკვლა, როგორც მისაღები და ბუნებრივი ნორმა. ხოლო თავისუფალი ნება, თუ კი ის არ ეფუძნება წესებს ან ნაკარნახებია მხოლოდ შინაგანი სურვილებითა და ემოციებით, მოკლებულია მორალურობას. იმევე მიზეზით კატეგირიულად იმპერატიული ხასიათი აქვს ქველმოქმედებასა და ზოგადად სხვების დახმარებასაც. რადგან ყველა ადამიანს სურს მიიღოს ის საჭიროების დროს, ეგოიზმი და გულგრილობა ვერასდროს გახდება უნივერსალური. აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება კანტის რწმენას, ადამიანს მოექცე ისე, როგორც საკუთარ თავს. მიიჩნიო ის მიზნად და არასდროს მიზნის მიღწევის საშუალებად.
ერთი შეხედვით,აღნიშნული მსჯელობა იდეალურად გამოიყურება, თუმცა აქაც იბადება კითხვები. განსაკუთებით მაშინ, როცა ჩნდება საჭიროება განისაზღროს კანტის ქმედების შედეგი. Მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პროცესი და არა შედეგი, რითაც სრულიად საპირისპიროა უტილიტარისტული თეორიისგან. თუ ეს უკანასკნელი ეფუძნება საერთო სიკეთის შექმნას და მთავარ მიზნად ისახავს უდიდეს კეთილდღეობას უდიდესი რაოდენობის საზოგადოებისთვის, დეონტოლოგია, ფიქრობს მხოლოდ შედეგამდე მისასვლელი პროცესის სრულყოფილად, ზედმიწევნით განხორციელებაზე, რის შემდეგაც, დამდგარ შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.
SS-ის ოფიცერი მოითხოვს გერმანელი მოქალაქისგან მის მიერ დამალული ებრაელების ჩვენებას. Მოქალაქეს აქვს ორი ვარიანტი, იცრუოს-დაარღვიოს ჩვენ მიერ უკვე აღნიშნული ე.წ უნივერსალური წესი ან თქვას სიმართლე, აჩვენოს დამალული ებრაელები. პირველი ალტერნატივის დანაშაულებრივობა დგება მისი განხორციელებისთანავე, ის თავის თავშივე არასწორია და რაიმე შედეგის დადგომამდე ავლენს გერმანელი მოქალაქის ამორალურ(კანტისთვის) ქმედებას, ხოლო მეორე უკვე შედეგია, რომელიც ამბობს, რომ ალტერნატიული ქმედება გადაარჩენდა ადამიანების სიცოცხლეს მომავალში. კანტის თეორიის მიხედვით, მორალურად გამართლებულია ქმედება, თუ გერმანელი მოქალაქე შეასრულებს თავის ვალდებულებას და ოფიცერს უყოყმანოდ ეტყვის ებრაელების ადგილმდებარეობას. შემდეგ როგორ განვითარდება სცენარი, ეს მოქალაქეს აღარ ეხება. კანტის მიხედვით, სიმართლის თქმით დამდგარი შედეგი ვერ მოექცევა ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროში,ამდენად გადაწყვეტილებების მიღებისას მის შედეგზე შეგვიძლია არ ვიფიქროთ, რამდენაც მიიჩნევა,რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ხოლო თუ ვიცრუებთ ნებისმიერი ტიპის დამდაგრი შედეგი ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება განპირობებული. მაგალითად, მკვლელს დავუმალე მეგობარი,რომელიც უკანა კარიდან გაიპარა,შემთხვევით მაინც წააწყდა მკვლელს და მოკლეს. თუ სიმართლეს ვიტყოდით მეგობრის მკვლელობა, როგორც შედეგი, ჩემი პასუხით არ იქნებოდა განპირობებული, განსხვავებით სიცრუის შემთხვევისგან. კანტისვე მსჯელობით, წარმოუდგენელია ალტენატიული მომავლის განსაზღვრა, რომელიც სიცრუეს შეიძლება მოჰყვეს. Ამდენად, შესაძლებელია ეს შედეგი რამდენჯერმე უარესი იყოს სიმართლის თქმით დამდგარ შედეგზე.
აღნიშნული მიდგომა შესაძლოა გახდეს ცივი და გულგრილი საზოგადოების ფორმირების საფუძველი, სადაც ყოველი ქმედება ეფუძნება მხოლოდ ვალდებულებს, არა გრძნობებსა და ემოციებს. Როგორც კანტი ამბობს, ადამიანი ჯერ უნდა დაფიქრდეს რამდენად შეესაბამება ქმედება უნივერსალურ კანონებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგას ყოველი ნაბიჯი. მაგალითად, ავადმყოფი მეგობრის სანახავად წახვიდე მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობ ეს შენი ვალდებულებაა და არა მისი ნახვის რეალური სურვილის გამო,რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერი გადაეწყო ვალდებულებების შესრულების სისტემაზე. Მითუმეტეს,რომ კანტისვე მოძღვრებით ემოციები, გართობა, სიყვარულის გამოხატვა, არასაჭიროა.
ამდენად, უნივერსალურ კანონებზე მსჯელობას მივყავართ კანტის ეთიკის ისეთ გაგებამდე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და სამყაროს სრულყოფილად მოწყობის საკმაოდ არარეალურ პრაქტიკულობისგან მოშორებულ იდეას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.