ENG GEO

Search form

უტილიტარიზმი და ინდივიდუალური უფლებები

უტილიტარიზმი, როგორც ეთიკური თეორია, არის ისეთი მსოფლმხედველობა, რომელიც მორალურად კარგსა და ცუდს განასხვავებს იმის მიხედვით, თუ რამდენად სიკეთისა და ბედნიერების მომტანია ესა თუ ის ქმედება შედეგობრივად და რამდენად აგვარიდებს ის ტკივილს. შესაბამისად, აღნიშნული კონცეფცია კონსეკვენციალიზმის ნაწილს წარმოადგენს, რადგან ყოველი ქმედების ღირებულება განისაზღვრება შედეგით. გარდა ამისა, ის შეიცავს ჰედონისტურ ელემენტებს იქიდან გამომდინარე, რომ გრძნობებთან დაკავშირებულია.

უტილიტარიზმს გააჩნია თავისი დადებითი მხარე, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ხსენებული არის პრაგმატული და შედეგზეა ორიენტირებული, თუმცა მას, ისევე, როგორც სხვა ეთიკურ თეორიებს, გააჩნია უარყოფითი, სუსტი, მხარეც, კერძოდ, შეგვიძლია მივუთითოთ იმ დამოკიდებულებაზე, რომ თითქოსდა შედეგები პროგნოზირებადი და განსაზღვრადია, როდესაც ეს ობიექტურად ასე არ არის. ამასთანავე, უტილიტარიზმი შესაძლოა დემოკრატიულ საზოგადოებაში საფრთხისშემცველი გახდეს ლიბერალური ღირებულებებთან მიმართებით, რაც გამოიხატება ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვაში. სწორედ ეს იქნება ჩემი განხილვის თემა.

ლიბერალიზმის საფუძველს წარმოადგენს კერძო ავტონომიის პრინციპი და ინდივიდუალური თავისუფლება, რაშიც იგულისხმება ყველა ის ძირეული უფლებები, რომლებიც დღეს თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში არსებობს. აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმი ორიენტირებულია კერძო ინდივიდზე, ხოლო უტილიტარიზმი კი შედარებით უფრო - სოციუმზე, რაც მეტი სარგებლისა და ბედნიერების მომტანია და ეს უკანასკნელი რაც უფრო მეტ ადამიანზე გავრცელდება, მით უკეთესი იქნება. სწორედ ამიტომ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეიძლება ისე დადგეს საკითხი, რომ უტილიტარიზმმა უგულებელყოს ინდივიდები და მათი ინდივიდუალური უფლებები, რაც ლიბერალიზმს ეწინააღმდეგება.

ჯონ როულსმა დასვა ისეთი შეკითხვები, რომელიც ზუსტად წარმოაჩენს უტილიტარიზმის მოცემულ ნაკლს, რაც მდგომარეობს შემდეგში: არის თუ არა უტილიტარიზმის ცნება ადამიანის განუყოფელი უფლებების შესაბამისი, რაშიც მოიაზრება, რომ არსებობს უფლებები, რომლებიც შეუძლებელია ჩამორთმეული ჰქონდეს ადამიანს. შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ორივე ღირებულება ყოველთვის თანაბარი ხარისხით დავიცვათ?

როულსის აზრით, ამას გააჩნია უარყოფითი პასუხი. იგი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ერთდროულად იყო უტილიტარისტი და ამავდროულად სრულად შენარჩუნებული გქონდეს ინდივიდუალური უფლებები. ამის მიზეზად ის ასახელებს უტილიტარიზმის მიზანს, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი დააკმაყოფილოს, რისი პარალელიც რაღაც მხრივ დემოკრატიასთანაც გაივლება. აქედან გამომდინარე, მოცემული ლოგიკით ადამიანების უმრავლესობამ შესაძლოა დააწესოს გარკვეული იდეალი და ვინც ამისგან განსხვავებულია, კერძოდ, უმცირესობა, შეიძლება დაიჩაგროს და უფლებრივად შეიზღუდოს. ამის გამართლება უტილიტარიზმში იქნება იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ასეთი პირების ინდივიდუალური უფლებები საერთო კეთილდღეობისა და ბედნიერების მაქსიმიზაციას ხელყოფს, რაც, ჩემი აზრით, გაუმართლებელია. ლიბერალიზმი ხომ სწორედ იმას ემსახურება, რომ დემოკრატიის უარყოფითი ეფექტებისგან დაიცვას უმცირესობა, რომ უმრავლესობას არ შეეძლოს უმცირესობის უფლებების გაქარწყლება. ეს დაპირისპირება ცალსახად უკავშირდება სოციუმისა და ინდივიდის ურთიერთდამოკიდებულებას. შედეგად უტილიტარისტი გარკვეულ სიტუაციებში ემპათიას მოკლებულია, რაც კოლექტიური სარგებლის ინდივიდისაზე წინა პლანზე წამოწევას იწვევს და დავიწყებას მიეცემა ის, რომ საზოგადოება ინდივიდებისგან შედგება, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა მიზნები, ღირებულებები, ინტერესები და ა.შ.

აქედან გამომდინარე, უტილიტარიზმის ნაკლი წარმოადგენს იმას, რომ იგი ვერ ითვალისწინებს ყოველი ადამიანის მდგომარეობას და უჭირს, სიკეთე და სარგებელი თანაბრად გადაანაწილოს საზოგადოების წევრებზე. ამის ნათელი მაგალითია მონობა, რომელიც შესაძლოა უტილიტარიზმის მოძღვრებით გამართლებულად იყოს მიჩნეული, ვინაიდან უმცირესობა მონები ემსახურებიან უმრავლესობას და ამით უმრავლესობის ბედნიერება იზრდება. ეს კი, ჩემი აზრით, უტილიტარიზმის უდიდესი ნაკლია. ამის გარდა, უტილიტარისტულად ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და სხვა არ უნდა მოვკლათ, მაგალითად, არ უნდა დავსაჯოთ სიკვდილით იმიტომ, რომ მისი სიცოცხლე უფრო ღირებული იქნება საზოგადოებისთვის, ვიდრე სიკვდილი. ეს ჩემთვის ამორალურია, რადგან სიცოცხლის დაცვის საფუძველს ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს უბრალოდ სიცოცხლის ინდივიდუალური უფლება, რომელიც ყოველ ადამიანს გააჩნია დაბადებისთანავე, არამედ ეთიკური შეხედულება, რომელიც ადამიანს თითქოს მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოაჩენს, რაც კონსტიტუციური გაგებით მისი ღირსებას შემლახველია.

განვიხილეთ ის, თუ რას მოიცავს უტილიტარიზმი და რა გავლენა აქვს მას ინდივიდუალურ უფლებებსა და ლიბერალურ ღირებულებებზე. შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უტილიტარიზმს გააჩნია უმრავლესობის ინტერესებისკენ მიდრეკილება, რაც კერძო სუბიექტების მდგომარეობისა და უფლებების ხარჯზე შეიძლება დაკმაყოფილდეს. ეს კი ინდივიდუალურ უფლებების შეზღუდვით გამოიხატება. ჩემი აზრით, აღნიშნული ნაკლი უტილიტარიზმს ეფექტურობასა და ნდობას აკარგვინებს, ვინაიდან სოციუმის ყოველი ინდივიდი შეიძლება ოდესღაც და რომელიღაც საკითხში აღმოჩნდეს უმცირესობის პოზიციაში.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.