ENG GEO

Search form

არსებული ნორმების დარღვევის შესაძლებლობა შეზღუდული და უკიდურესი უტილიტარიზმის ფარგლებში

უტილიტარიზმი არის დოქტრინა იმასთან დაკავშირებით, რომ ქმედება უნდა განვსაჯოთ მისი შედეგის მიხედვით. მხოლოდ რაიმე ქმედებისგან გამოწვეული შედეგი არის იმის განმსაზღვრელი, თუ რა არის სწორი და რა არასწორი. უტილიტარიზმთან დაკავშირებით არაერთი ფილოსოფოსი საუბრობს, რომლებიც აყალიბებენ საინტერესო პოზიციას საკუთარი გადმოსახედიდან. Ერთ-ერთი ავტორი, რომელიც, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოვიხსენიოთ, არის ჯეკ სმარტი. ის თავის ნაშრომში განიხილავს შეზღუდული და უკიდურესი უტილიტარიზმის კონცეფციას და თითოეულ მათგანს დეტალურად აღწერს.

ორივე ზემოაღნიშნული მიმდინარეობა განსხვავებულად აღიქვამს მორალურ ნორმებს და, აქედან გამომდინარე, მათი დარღვევის შესაძლებლობასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. შევეცდები, თითოეული მათგანის მიდგომა განვიხილო.

უკიდურესი უტილიტარიზმი უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებს არა საზოგადოების, არამედ ინდივიდის ქცევაზე. ამ უკანასკნელის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ თუ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე ქცევის ზოგადი წესის დარღვევას უფრო მეტი დადებითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე უარყოფითი, მაშინ პირი ასეც უნდა მოიქცეს და დაარღვიოს ნორმა. თუმცა ზემოაღნიშნული დასკვნა არის გამოტანილი ისეთ საზოგადოებაში, სადაც ყველა ადამიანი არ არის უკიდურესი უტილიტარიზმის მიმდევარი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების თითოეული წევრი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს? მიმაჩნია, რომ, ვინაიდან საზოგადოების თითოეული წევრის მიერ ნორმის დარღვევა, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ქაოსს, ზოგადი დანაწესის არსებობა ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება, ყველა თავისებურად მიიღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში უნდა იყოს შესაძლებელი ნორმებისგან აბსოლუტური გადახვევა. უკიდურესი უტილიტარიზმი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანი ქმედების განხორციელებისას ყოველთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, ისე, როგორც მისთვისაა უმჯობესი, შესაბამისად, ერთი შეხედვით, ის ყოველთვის თავისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს შეიძლება ინდივიდუალურად დადებითი შედეგის მომტანი იყოს, თუმცა საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან ანალოგიური ქმედების განხორციელება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს.

რაც შეეხება შეზღუდულ უტილიტარიზმს, მისი მიმდევრები ფიქრობენ, რომ ქმედების შედეგზე მეტად ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად ჯდება ქმედება მორალური ნორმის ფარგლებში. შესაბამისად, თუ, მაგალითად, უკიდურესი უტილიტარიზმის წარმომადგენლები ჰიპოთეტურად უშვებენ, რომ შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში დიქტატორს დახრჩობის საშუალებას მისცემენ, რადგან ამას მეტი დადებითი შედეგი მოჰყვება, ვიდრე უარყოფითი, შეზღუდული უტილიტარიზმი ამას აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ეს თეორია უფრო მეტად უჭერს მხარს მორალური ნორმების დაცვას. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ კონკრეტული შემთხვევა სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს, თუმცა ზემოაღნიშნულ მაგალითში მეტად ვემხრობი შეზღუდული უტილიტარიზმის გაგებას, ვინაიდან აქ შემდეგი საკითხი იბადება: შეიძლება თუ არა ადამიანის მოკვლა მაშინ, როდესაც მისი სიკვდილი ათასობით სხვას გადაარჩენს? ეს ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელთა გადაჭრასაც ორივე თეორია გვთავაზობს.

Კიდევ ერთი ასპექტი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ მაშინ, როდესაც ზოგადი ნორმის დარღვევაზე ვსაუბრობთ, არის ის, რომ საზოგადოებაში მსგავსი ფაქტის რამდენიმეჯერ განმეორების შემთხვევაში ნორმა ხალხის მხრიდან ნდობას თანდათანობით კარგავს. შესაბამისად, ვფიქრობ, მეტად შეიძლება ადამიანებმა დაიწყონ იმ გზების ძიება, რა გზებითაც შეძლებენ, რომ ნორმის ფარგლებს გვერდი აუარონ, რაც შეიძლება არა მხოლოდ საზოგადობისთვის, არამედ, უფრო ზოგადად, სახელმწიფოსთვისაც უარყოფითი შედეგის მომტანი იყოს. თუმცა, სხვა კუთხით რომ შევხედოთ, მსგავსი გაგება იმისა, რომ ნორმა არასდროს არ უნდა დაირღვეს, მიუხედავად დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი დადებითი შედეგებისა, გარკვეულწილად პროგრესს შეაფერხებს. არსებული წესები, რაც საზოგადოებას დღეს ერგება, გარკვეული დროის შემდეგ აღარ იქნება რელევანტური, ვინაიდან მუდმივი ცვლილება და თანამედროვეობასთან შესაბამისობა აუცილებელია. შესაბამისად, ასეთი ერთფეროვანი შეხედულება, რომ არასდროს შეიძლება დადგენილი ნორმიდან გადახვევა, ვფიქრობ, არასწორია.

როგორც ვხედავთ, თითოეული უტილიტარიზმის თეორია სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა გამოსავალს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდული უტილიტარიზმი უფრო მისაღებად მიგვაჩნდეს, ვფიქრობ, ორივე ზემოაღნიშნული თეორია კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა შევუსაბამოთ. უკიდურესი უტილიტარიზმი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მისი გამოვლინება პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ადამიანი უშუალოდ მოძღვრების მიმდევარი. ეს გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ ადამიანი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, მოქმედებს საკუთარი ინტერესების აღსასრულებლად, ხოლო თუ მას მიაჩნია, რომ ნორმის დარღვევით ის უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ის ასეც იმოქმედებს. მორალურ ნორმებს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მიჰყვებიან ისე, რომ შესაძლოა ვერც გაიაზრონ, რომ ესა თუ ის ქმედება მორალური ნორმის ფარგლებში ჯდება.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.