ENG GEO

Search form

პიტერ სინგერი შიმშილობაზე, სიმდიდრესა და მორალურ ვალდებულებებზე

„როდესაც ამას ვწერ, 1971 წლის ნოემბერში, აღმოსავლეთ ბენგალის ტერიტორიაზე ხალხი საკვების, თავშესაფრისა და სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო იხოცება.“ ამ სიტყვებით იწყებს პიტერ სინგერი თავის ესეის, რომელშიც იგი სიდუხჭირისა და სიუხვის კონტრასტს ადამიანის მორალურ ვალდებულებებს უკავშირებს. 70-იან წლებში, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ბენგალი (დღევანდელი ბანგლადეში) დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, 9 მილიონამდე ადამიანმა თავი ინდოეთს იმ იმედით შეაფარა, რომ სახელმწიფო მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა და გენოციდისგან დაიცავდა. ლტოლვილთა უზარმაზარმა ტალღამ დიდი დარტყმა მიაყენა ინდოეთის ეკონომიკას და გასაკვირი არაა, რომ ხალხს თავშესაფრის პოვნა კანალიზაციის მილებშიც კი უწევდა. სწორედ ამ მოვლენებმა შთააგონა ავსტრალიელი ფილოსოფოსი, პიტერ სინგერი, დაეწერა ესეი, რომელშიც იგი თავისი მორალური ღირებულებების საფუძველზე არ ერიდება ცალკეული ინდივიდებისა და დასავლეთ ევროპის მდიდარი ქვეყნების კრიტიკასა და განსჯას. სინგერი გვთავაზობს თავისთვის სწორ, მორალურად გამართლებულ პრინციპს, რომლის გაზიარების შემთხვევაში, ადამიანები თავიდან ავიცილებთ ისეთ უბედურებებს, როგორიც მასობრივი შიმშილობა და მის შედეგად მილიონობით ადამიანის სიკვდილია.
მთავარი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რაიმე ცუდი ისე, რომ ამის სანაცვლოდ მსხვერპლად არ შევწიროთ რაიმე ჩვენთვის მორალურად ღირებული, ვალდებულნი ვართ, ასეც მოვიქცეთ, სწორედ ჩვენივე მორალიდან გამომდინარე. სინგერისთვის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანები ისეთ ქმედებას უნდა ვახორციელებდეთ, რომელიც არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე მეტ სიკეთეს ქმნის არა მხოლოდ ჩვენი თავისთვის, არამედ საზოგადოდ. ამ ფუნდამენტური პრინციპის საილუსტრაციოდ ავტორი წარმოსახვით, რელობასთან ყველაზე ახლო მყოფ მაგალითს გვთავაზობს: წარმოიდგინეთ, რომ ჩაუარეთ არც თუ ისე ღრმა აუზს, რომელშიც ბავშვი იხრჩობა. ადამიანთა უმრავლესობა ასეთ დროს დაუფიქრებლად გადახტება აუზში მის გადასარჩენად. მართალია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ტანსაცმელი დაგისველდება ან სადმე დაგაგვიანდება, თუმცა იმ წამს შენთვის ბავშვის სიცოცხლე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ დეტალებს ყურადღებას არ აქცევ და მზად ხარ, უბრალოდ დაეხმარო. მოცემული პრინციპისა და ავტორის მიერ მოყვანილი მაგალითის საფუძველზე იკვეთება, პირველი, სიახლოვისა და მანძილის საკითხი. სინგერის აზრით, იმ ადამიანის დახმარება, რომელიც ჩემ თვალწინ გასაჭირშია, ან უბრალოდ ჩემი მეზობელია და ფიზიკურად ჩემთან ახლოსაა, მორალურად არ განსხვავდება იმ ადამიანის დახმარების ვალდებულებისგან, რომელიც ათასობით მილის დაშორებით, ბენგალში შიმშილით კვდება. მეორე საკითხი, რომელიც ამ პრინციპიდან გამომდინარეობს, ერთმანეთისგან არ განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც პირი ერთადერთია, რომელსაც დახმარება შეუძლია და როდესაც ის ერთ-ერთი მრავალთაგანია. თუ ავტორის არგუმენტაციას სრულად გავიზიარებთ, გამოდის, რომ ყველას ერთნაირი მორალური ღირებულებები უნდა გაგვაჩნდეს. სწორედ ამ ნაწილში არ ვეთანხმები ავტორს და მივიჩნევ, რომ მისი მოსაზრება მორალზე რამდენადაც სუბიექტურია, იმდენად შეიძლება მას სხვა, ალტერნატიული თეორიები დავუპირისპიროთ. მაგალითად, შეიძლება ქველმოქმედება ზნეობრივად გამართლებული და სიკეთის მომტანი იყოს, თუმცა რამდენადაა იგი ვალდებულება და არა უბრალოდ ინდივიდის კეთილგანწყობა? თითოეულ ადამიანს აქვს თავის ქონებაზე საკუთრებისა და მისი სურვილისამებრ განკარგვის უფლება, შესაბამისად, თუ მე გარკვეულ თანხას არ შევწირავ ქველმოქმედებას, ეს ჩემს ამორალურობაზე არ მეტყველებს.
ამ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრება, რომელიც ობიექტურ რეალობასთან ყველაზე ახლოსაა, იმის მტკიცებაა, მიაღწევს თუ არა ჩემ მიერ გაღებული თანხა დანიშნულების ადგილამდე. რამდენად „ამორალურადაც“ უნდა ჟღერდეს, საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შეწირული თანხის დიდი პროცენტი ხშირად უგზო-უკვლოდ ქრება. ეს არასწორი მენეჯმენტის ან ქურდობისა და კორუფციის შედეგია. სინგერის ანალოგიას შეიძლება ამ არგუმენტის საფუძველზეც დავუპირისპირდეთ. მაშინ, როდესაც ჩემ წინ ბავშვი იხრჩობა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ქმედებით მის სიცოცხლეს მართლაც ვიხსნი, თუმცა, თუ ეს ბავშვი ათიათასობით მილის დაშორებით, რთულ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში იტანჯება, მიჩნდება ეჭვი, რეალურად მას ვეხმარები თუ არა. შესაბამისად, ეს განაპირობებს პირველ და მეორე შემთხვევებს შორის განსხვავებას. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის მიერ გაღებულ დახმარებას რეალური შედეგი მოჰყვება, შესაბამისად, ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი საქმიანობა, რათა ხალხს მათ მიმართ ნდობა დაუბრუნდეს. ეს დამოკიდებულება, მართალია, ლოგიკურია, თუმცა იგი ერთგვარი წახალისებაა ქველმოქმედებისგან თავის შეკავებისა, რაც ცალსახად გაუმართლებელია.
პიტერ სინგერის ეს ნაშრომი უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის წყაროდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად არ ვიზიარებ მის რადიკალურ პოზიციას ზნეობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სამყაროში ესეი ნამდვილად წარმოადგენს ხალხის გამოსაწვევად და მასში ალტრუიზმის გასაღვიძებლად განკუთვნილ ძლიერ იარაღს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.