ENG GEO

Search form

„მორალის“ მათემატიკის შეცდომები

კონსეკვენციალიზმი ეთიკური თეორიაა, რომელიც ქმედებების მორალურობის შეფასების შემდეგ ხერხს გვთავაზობს: „მოქმედება მართებულია, თუ ის სარგებლის მომტანია და მცდარია, თუ სარგებელი არ მოაქვს.“ კონსეკვენციალიზმი მხოლოდ ქმედების დადებითობა/უარყოფითობის შეფასებით არ კმაყოფილდება და ალტერნატიულ ქმედებათა ურთიერთშედარებასაც აუცილებლად მიიჩნევს. შესაბამისად, ორი  ალტერნატიული ქმედების შესაძლებლებლობიდან მორალურად მართებულია ის, რომელიც უფრო მეტი სარგებლის მომტანია.

კონსეკვენციალიზმს მორალური მათემატიკის შეცდომებამდე მივყავართ. პირველ რიგში, რთულია ორ ქმედებას შორის მეტობა-ნაკლებობის ნიშნის სწორად დაწერა. როგორ უნდა დავადგინოთ რომელი ქმედებაა უფრო მეტი სიკეთის მომტანი? ამ თეორიის ძირითადი პრობლემა იმ დაშვებაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანისთვის ერთსა და იმავე სიკეთეს თანაბარი ფასი აქვს. კონსეკვენციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი სარგებელს ერთნაირად განიხილავს. ჰიპოთეტურ მაგალითებში შეიძლება მარტივად დავასკვნათ, რომ 10 სიცოცხლე უფრო ღირებულია, ვიდრე 1, თუმცა რეალობაში ღირებულებები იშვიათად თუ განისაზღვრება რიცხვებით და „მორალური კალკულატორის“ გამოყენებაც ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ის, რაც ცალკეული პიროვნებისათვის სარგებლის მომტანია და მას ბედნიერებას ანიჭებს, შეიძლება საზოგადოების ზოგად მორალსა და საღ აზრს ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა კონსეკვენციალიზმის თანახმად ეს ქმედება მაინც მართებულად ჩაითვლება, ვინაიდან ის სარგებლის მომტანია ამ ქმედების განმახორციელებელი აგენტისთვის და ეს სარგებელი ამ შემთხვევაში მისი სიამოვნებაა. ფსიქოპატი მკვლელი სიამოვნებას იღებს სხვა ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობით, მაგრამ საზოგადოებრივ დონეზე ეს ქმედება ცალსახად არამართებულია, რადგან ის სპობს სიცოცხლეს,  მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოების საერთო ბედნიერებას, იწვევს შიშსა და პანიკას. მოქმედების მორალური მართებულობის განსაზღვრის ეს მექანიზმი საკუთარ თავში შეიცავს წინააღმდეგობას- ზოგიერთ სადავო სიტუაციაში მორალურად მართებულია ის, რაც ზოგადმორალურად შეიძლება მცდარი იყოს.

რაც შეეხება სხვა შეცდომებს, რომელთაც მორალურ „გამოთვლაში“ ვხვდებით, ერთ-ერთი ასეთია საკუთარი ქმედებების აღქმა საერთოსაგან დამოუკიდებლად და მოწყვეტილად. შეიძლება, პიროვნების ქმედებამ, ცალკე აღებულმა სამყაროში არანაირი ცვლილება არ გამოიწვიოს, თუმცა სხვა ქმედებებთან ერთობლიობაში ის მორალურად მართებული და სარგებლის მომტანი გახდეს, ან პირიქით, ის რაც ცალკე აღებული ცვლილებას არ იწვევს, სხვის ქმედებასთან კუმულაციურ ერთობლიობაში, ზიანის მომტანი გახდეს.

პირველ რიგში, შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს ცალკეული ქმედების მცირე შედეგმა. ამის კარგი მაგალითია მოქალაქეთა მიერ არჩევნებში მონაწილეობა. საქართველოს საარჩევნო სიაში 3 205 634 ადამიანია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანის ხმის „წონა“ ხელისუფლების ფორმირებაში 1/3205634-ია, რაც საკმაოდ მცირე სარგებლად ჩანს იმის ფონზე, რომ ჩვენ ხმის მისაცემად დრო და ენერგია  უნდა დავხარჯოთ. ჩვენ ვერ დავადგენთ, რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ცალკე აღებული ჩვენი ხმა, შეიძლება ჩვენ მიერ არჩეულმა კანდიდატმა ვერც გაიმარჯვოს, თუმცა ამ შემთხვევაში სწორი იქნება ერთმანეთს დავუპირისპიროთ ალტერნატიული მოქმედებები და უპირატესობა მივანიჭოთ იმას, რომლის შესაძლო სარგებელიც მეტია. არჩევნებზე არწასვლა ჩვენ სარგებელს არ მოგვიტანს, არჩევნებზე წასვლა კი შეიძლება ჩვენთვის მომგებიანი იყოს, სწორედ ამიტომ უნდა მივანიჭოთ მას უპირატესობა.

თუ ჩვენ მცირე მნიშვნელობის სარგებელს მორალურად არარელევანტურად მივიჩნევთ, ეს უფრო დიდ პრობლებამდე მიგვიყვანს- მცირე ზიანის მორალური განსჯის გარეთ მოქცევამდე, მაშინ, როდესაც ამ მცირე და შეუმჩნეველ ზიანს შეიძლება სხვა ქმედებებთან კუმულაციურად, საერთო ჯამში, ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს. ერთი ადამიანის მიერ ქუჩაში დაგდებული ერთი პოლიეთილენის შეფუთვა იმწუთიერ ეფექტს არ გამოიწვევს, თუმცა სხვა მოქმედებებთან კუმულაციურად, ჩვენი მოქმედების შედეგი ზიანის მომტანი და მაშასადამე, მორალურად არამართებულია.

რეალურად, თუ გვსურს საკუთარი მორალური მსოფლმხედველობის გაუმჯობესება და საკუთარი მოქმედებების მაქსიმალურად მიახლოება სწორ, მორალურ მოქმედებებამდე, ამისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მათი პირდაპირი ეფექტის დადგენა. აუცილებელია ასევე შევაფასოთ, რა უპირატესობა აქვს კონკრეტულ მოქმედებას მის ალტერნატივასთან შედარებით სარგებლიანობის მხრივ და დავადგინოთ, სხვა მოქმედებებთან კუმულაციურ კავშირში ხომ არ იქნება ის ზიანის მომტანი.

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.