ENG GEO

Search form

კონსეკვენსიალიზმი -

Ზოგადსაკაცობრიო თემები, თუ რა არის ეთიკური და არაეთიკური, ბოროტი და კეთილი, სწორი და არასწორი, მუდმივი დისკუსიის საგანია. Ფილოსოფია, როგორც წესი, უღრმავდება ამ საკითხებს და ცდილობს, მკვეთრად განსაზღვრული პასუხების მოპოვებას, თუმცა სხვადასხვა მიმართულების მომხრეებს უჭირთ კონსენსუსის მიღწევა. Ერთერთი ასეთი თეორიაა კონსეკვენციალიზმი, სადაც თავად სიტყვიდანვე ჩანს ამ თეორიის ძირითადი აზრი. Ეს ეთიკის თეორია ეყრდნობა მოსაზრებას, რომ მხოლოდ შედეგი განსაზღვრავს სწორია თუ არასწორი ჩვენი მოქმედება. Ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, საუკეთესო შედეგი შეიძლება მივიღოთ ადამიანის გონივრული განსჯის საფუძველზე, თუმცა ამ შემთხვევაში ეჭქვეშ დგება საკითხი, თუ რამდენად შეიძლება დავეყრდნოთ ინდივიდის გონებრივ შესაძლებლობას და მის მორალურ ღირებულებებს. Მეორე მხრივ, შეიძლება ადამიანი მაღალი ზნეობით გამოირჩეოდეს და მისი ქმედების საბოლოო მიზანიც, საერთო სიკეთის პრინციპებზე დაყრდნობით, მაქსიმალური სარგებლის მოპოვება იყოს, თუმცა შეუძლებელია ყოველ ჯერზე იმის პროგნოზირება, თუ რა მოჰყვება კონკრეტულ გადაწყვეტილებას. 

Თანასწორუფლებიანობის საკითხი ცხოვრების ყველა ასპექტში ყოველთვის აქტუალურია, თუმცა ის განსაკუთრებულად პრიორიტეტული და საჯარო პოლემიკის საგანი გახადა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ. Სწორედ აქ გამოვიდა წინა პლანზე კონსეკვენციალიზმი, გავლენიანი მორალური თეორია, რომლის ჭრილშიც ხშირად განსახილველ საკითხებს შორის აღმოჩნდა დეფიციტური სამედიცინო საშულებების გადანაწილება პაციენტებზე და ადამიანის ჯანმრთელობის შეფასების კრიტერიუმები. 

Მოულოდნელი პანდემიის გამო, ქვეყნების უმეტესობაში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები ჯანდაცვის სისტემაში, რამაც მსოფლიოში დეფიციტური გახადა ისეთი მნიშველოვანი საჭიროებები, როგორიც არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ადამიანური რესურსი და ვირუსისგან თავდაცვის სხვადასხვა საშუალება. Ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ხშირად შესაბამის პირებს უხდებოდათ გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა სასუნთქი აპარატების განაწილება ადამიანის ჯანმრთელობის და ასაკის შესაბამისად, ასევე თუ ვინ იყო პრიორიტეტული და ვისთვის უნდა გაეწია დახმარება მედპერსონალს პირველ რიგში. Ამ პირობებში ხშირად ხდებოდა ადამიანების დისკრიმინაცია ისეთი მნიშველოვანი მახასიათებლით, როგორიც არის ასაკი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. Ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანის თანასწორობის უფლება. Რესურების გადანაწილებამ და პრიორიტეტულობის განსაზღვრამ, პანდემიის დროს, სერიოზული ეთიკური პრობლემის წინაშე დააყენა მსოფლიო. Ამ პრობლემის დასარეგულირებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეთიკის სამუშაო ჯგუფიც კი შექმნა, რომლის მიზანი საერთო ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბება და ამ ყველაფრის მსოფლიოს თითოეულ ნაწილში დანერგვა იყო.

Რესურსების გარკვეული კრიტერიუმებით გადანაწილება შეგვიძლია განვიხილოთ კონსეკვენციალიზმის და დეონტოლოგიის თეორიის ჭრილში, სადაც ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება იარსებებს. Პიროვნება, რომელიც ეთანხმება უტილიტარულ თეორიას, იტყოდა, რომ გარკვეული კრიტერიუმების არსებობა გამართლებული და სამართლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის გამო ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, არ მიეცემოდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ სხვადასხვა სამედიცინო დახმარებით, თუ ეს რესურსი მოხმარდებოდა ნაკლები ასაკის მქონე ადამიანს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნაკლებად მძიმე იქნებოდა. Ამ შემთხვევაში ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლე შეიძლებოდა გაწირულიყო იმ არგუმენტით, რომ სხვა ადამიანებს, რომლის სიცოცხლესაც ნაკლები საფრთხე ემუქრებოდა, გადარჩენის შანსი გაზრდოდათ. Ეს პოზიცია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გასაგები და მისაღები იქნებოდა მაშინ, როდესაც იარსებებდა ადამიანთა მეორე ჯგუფი, რომელთა მოსაზრებითაც ამგვარი ქმედება მოკლებული იქნებოდა ეთიკას. 

Ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მედიკოსები მოიაზრებიან დეონტოლოგიური თეორიის გამტარებლად, რომელთათვისაც თითოეული პაციენტის სიცოცხლე თანაბრად მნიშველოვანია. Ფორსმაჟორულ სიტუაციაში, უტილიტარული თეორიის ზეგავლენით, გადაწყვეტილების მიღება ექიმისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა მორალურად დამანგრეველი აღმოჩნდეს. 

Მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული თვალსაზრისით ექიმების მიერ შეფასებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ჩაითვალოს პრიორიტეტულად, ჩემთვის, როგორც ერთი ინდივიდისთვის, დეონტოლოგიური თეორია მეტად მისაღებია.

Ალბათ, მრავალი წელი დასჭირდება ჩვენი დღევანდელი სიტუაციის სწორად გაანალიზებას და დასკვნის გამოტანას, თუ რომელი მიდგომა უფრო უკეთესი და მომგებიანი იქნებოდა კაცობრიობისთვის, რომელიც ნაკლებად ლეტალურ შედეგს გამოიღებდა. Თუმცა ამ გადმოსახედიდან, ჩემთვის ორივე თეორიის არგუმენტი გასაგებია, რომელთა კომბინირებულმა გამოყენებამაც ცხოვრებაში შესაძლოა უკეთესი შედეგი დადოს.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.