ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი მუდმივად რაღაცას განიცდის. ეს განცდები კი მათი შეგრძნების მიხედვით, ძირითადად, ორად იყოფა: სასიამოვნოდ და არასასიამოვნოდ. ბუნებრივია, ამ ყოველივეს აღქმა ძალიან სუბიექტურია. არ არსებობს ზემოაღნიშნული ცნებების უნივერსალური გაგება ან მოვლენა, რომელიც უკლებლივ ყველა ადამიანში ერთსა და იმავე ემოციას აღძრავს. აი, მაგალითად, ჩემთვის ცეცხლის ალზე სხეულის დაწვა ძალიან მტკივნეულია და არანაირ დადებით განცდებს არ იწვევს, მაგრამ ვიღაც შეიძლება ამ პროცესისგან განუზომლად დიდ სიამოვნებას იღებდეს. ეს არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს ფიზიკური ზემოქმედების შედეგად აქვს რეაქცია კონკრეტულ მოვლენაზე. თუმცა, სენსორული აღქმის უნარის გარდა, ჩვენ, როგორც გონიერ არსებებს, გვახასიათებს კოგნიტური აზროვნების უნარიც.
სიამოვნება, ისევე როგორც უსიამოვნება, მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებებით არ განიცდება. ამ პროცესში კოგნიტური უნარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შეიძლება, ადამიანი სულაც არ განიცდიდეს ფიზიკურად რაიმე სახის ზემოქმედებას, მაგრამ გონებაში წარმართულმა კოგნიტურმა პროცესებმა განაპირობოს მისთვის სიამოვნების ან უარყოფითი ემოციების დაუფლება. გარე ფაქტორებთან ერთად ადამიანს შეუძლია, რომ თავისი ფიქრების მიხედვით მართოს საკუთარი ემოციები. Შესაძლოა, ამ გზით მოგვრილი განცდები ყალბიც კი იყოს, თუკი მას საფუძვლად ცრურწმენა ან არარეალური სცენარები უდევს საფუძვლად. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებას ანიჭებს სხვისი ტკივილი. ასეთი არსებები კი ტკივილს წარმოაჩენენ, როგორც დადებით გრძნობას. არის შემთხვევები, როდესაც ილუზიაში ცხოვრება საუკეთესო ვარიანტია ადამიანისთვის. თუ ვინმეს სიცოცხლე რეალურ სამყაროში იქნება სასტიკი და მოკლე, მაშინ შესაძლოა მატრიცაში ცხოვრება არც ისე ცუდი აღმოჩნდეს.
სიამოვნების განცდა ხარისხის მიხედვით შეგვიძლია ორ სახედ დავყოთ, როგორც შედარებით მაღალ და დაბალ სიამოვნებად. მაგალითად, ინტელექტუალური სიამოვნების მიღება ბევრად აღემატება სენსორული შეგრძნებებით მოგვრილ სიამოვნებას, რასაც ინტელექტის არმქონე არსებები, ცხოველები განიცდიან. ინტელექტუალური სიამოვნება შეიძლება ემყარებოდეს რწმენას, ხოლო სენსორულის შემთხვევაში ეს ასე არ არი. Თუმცა სიამოვნება, მკაცრად რომ ვთქვა, შესაძლოა არც ყალბი იყოს და არც ნამდვილი, ის შეიძლება, დაფუძნებული იყოს ჭეშმარიტ ან ცრუ რწმენებზე და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ ჭეშმარიტ და ცრუ სიამოვნებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულს დროთა განმავლობაში განაპირობებს ადამიანის წარსულში დაგროვილი კონკრეტული გამოცდილება. Ჩვენ მიდრეკილი ვართ იმისკენ, რომ ნეგატიურ გამოცდილებას მოვუძებნოთ დადებითი გაგრძელება და ჩვენთვისვე სასიკეთოდ გამოვიყენოთ. Თუმცა, ამასთან ერთად, ვცდილობთ, უკვე ისედაც არსებული სიამოვნების მომგვრელი პროცესებისგან რაც შეიძლება მეტი მივიღოთ. Მაგალითად, თუ საქართველოს რაგბის ნაკრებმა მოუგო რუსეთს, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ გაზეთი სრული ანგარიშით, რათა უფრო მეტი სიამოვნება მიიღოთ თამაშის დეტალური აღწერით. Ერთგვარად ვცდილობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გავიხანგრძლივოთ სიამოვნების მიღების პროცესი. Ამის ნათელი მაგალითია ის შემთხვევაც, როდესაც წარსულში გამოვლილ დადებით ისტორიას ადამიანი ხშირად იხსენებს და იმეორებს გონებაში და ამ გზით ცდილობს პირვანდელი სიამოვნების შეგრძნების გახსენებას, რათა მაქსიმალურად მასთან მიახლოებულად იგრძნოს ისევ თავი. ეს ქცევა განსაკუთრებით მაშინ გვახასიათებს, როცა რაიმე კარგის დანაკლისს განვიცდით ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე და წარსულში არსებული პოზიტიური გამოცდილების ფონზე ვცდილობთ ჩვენი ცუდი განწყობის დაბალანსებას. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ყოველივე ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რათა რაც შეიძლება ნაკლებად ვიფიქროთ ნეგატიურზე. უფრო მოკლედ რომ ვთქვა, გამოცდილება სასიამოვნოა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ ის მის მომავალში გაგრძელებას უფრო სასურველს გახდის.
საბოლოოდ, ყოველივე ზემოთ განხილულის გათვალისწინებით შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ სიამოვნების აღქმა არის სუბიექტური და არ არსებობს მისი უნივერსალური გაგება. ვიღაცას შეიძლება ცრუ რეალობაში ცხოვრება ერჩივნოს, რათა სიამოვნება განიცადოს. სხვა ადამიანისთვის კი ეს შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს და არჩიოს, არსებული ცუდი რეალობა შეცვალოს წარსულში დაგროვილი გამოცდილების დახმარებით, რათა განიცადოს კმაყოფილება. ის ფენომენი, რომ ადამიანი მიდრეკილია სიამოვნების მიღების პროცესის გახანგრძლივებისკენ, მეტყველებს იმაზე, რომ ის მუდმივად ცდილობს, განვითარდეს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.