თავისუფალი უნივერსიტეტი, Mastercard და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი 7 დეკემბერს, 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) გიწვევთ ფინანსურ ტერმინთა პირველი ქართული ლექსიკონის პრეზენტაციაზე.
ლექსიკონი წარმოდგენილია როგორც ბეჭდურ, ასევე, ელექტრონულ, „ონლაინ“ ფორმატში.
Mastercard-ის ინიციატივით, ფინანსური ლექსიკონის შექმნაზე, რომელიც მოიცავდა 300- ზე მეტი ფინანსური ტერმინის შერჩევას, ქართული შესატყვისების მოძიებას, განმარტებების რედაქტირებასა და გამოცემის სრულყოფას, იმუშავა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორების, ადმინისტრაციისა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის გუნდმა. ტერმინების განმარტებების შექმნაზე ასევე იმუშავეს თავისუფალი უნივერსიტეტის საგანგებოდ ამ პროექტისთვის შერჩეულმა სტუდენტებმა. წიგნის მთავარი რედაქტორია ვატო ლეჟავა.
Mastercard-ისთვის პროექტის მხარდაჭერის მთავარი მიზანია მეტი ადამიანისთვის ფინანსური განათლების ხელშეწყობა და ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობის ზრდა. ფინანსური ტერმინები ხშირად პირდაპირ გადმოდის და მკვიდრდება ენაში, რაც შესაძლო ქართული ტერმინების ჩანაცვლების ხშირად არასავალდებულო და არასაჭირო მცდელობაა. ამასთან, სასუბრო ენაში ფინანსური ტერმინებისა და მათი განმარტებების სიმწირე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს, მიიღონ ფინანსური განათლება და ჩაერთონ ეკონომიკაში.
მნიშვნელოვანია, რომ ლექსიკონში არა მხოლოდ ფინანსური ტერმინები იქნება განმარტებული ქართულ ენაზე, არამედ, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ქართულ ენაში ახალი ტერმინების დამკვიდრებას შეეცდება, რომლებიც აქამდე ხშირად ბარბარიზმების სახით გვხვდებოდა. უნივერსიტეტი ლექსიკონს საკუთარ სასწავლო პროცესშიც გამოიყენებს.
ალუმნი ფონდი ლექსიკონის „ონლაინ“ გამოცემაზე მუშაობდა. ფონდი მოხარულია, რომ თავისუფალ უნივერსიტეტთან და Mastercard-თან ერთად მნიშვნელოვანი პროექტი შედგა
და ლექსიკონი, როგორც ბეჭდურ, ასევე, „ონლაინ“ ფორმატში სტუდენტებსა და ნებისმიერ
დაინტერესებულ პირს დაეხმარება ფინანსური ტერმინების უკეთ გაგებაში.
პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ ფინანსურ ტერმინთა ბეჭდური ლექსიკონები.
დასწრება თავისუფალია.