ENG GEO

Search form

რეგისტრაცია ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრის შესახებ:

შეჯიბრის ფარგლებში გუნდები წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. შეჯიბრის თემატიკაა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა.

შეჯიბრის მსვლელობისას სტუდენტებს მოეთხოვებათ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება.

შეჯიბრი შედგება წერილობითი დავალების წარდგენის, ტრენინგისა და იმიტირებული სასამართლო პროცესებისგან. წერილობითი დავალების შემოწმების შედეგად შეირჩევა 8 ძირითადი და 1 სათადარიგო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგსა და იმიტირებული სასამართლო პროცესში. სათადარიგო გუნდი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძირითადი გუნდი გამოეთიშება შეჯიბრს.

ტრენინგი ჩატარდება 2021 წლის 14 ნოემბერს, ხოლო იმიტირებული სასამართლო პროცესები - 2021 წლის 20-21 ნოემბერს.

შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული გუნდები მიიღებენ სერტიფიკატებსა და წამახალისებელ ჯილდოებს.

მონაწილეობის წინაპირობები:

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრის შემადგენლობით. თითოეული უნივერსიტეტიდან შესაძლებელია წარდგენილ იქნეს არაუმეტეს 3 გუნდი.

გუნდების რეგისტრაცია:

გუნდების რეგისტრაციისთვის აუცილებელია გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 2021 წლის 31 ოქტომბრამდე.

არსებული პანდემიური მდგობარეობიდან გამომდინარე, შეჯიბრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება online ფორმატში.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს ელ. ფოსტაზე: i.gvaramadze@freeuni.edu.ge