ნიკა ონიანი, Unleash AR-ის დამფუძნებელი
ნიკა ონიანი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, Unleash AR-ის დამფუძნებელი
"2016 წელს, შემთხვევით შევეჩეხე სტატიას გაფართოებულ რეალობაზე, (Augmented Reality) რომელშიც ეწერა თუ როგორ შეცვლიდა ეს ტექნოლოგია მომავალს და დაიმკვიდრებდა თავს ჩვენ ყოველდღიურობაში. კომპიუტერული პროგრამირებისადმი ინტერესიც სწორედ ამ სფეროს უკეთ გაგებამ გამიღვივა. იმ დღის მერე, აქტიურად ვცდილობ ახალ-ახალი ინფრომაცია მივიღო ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, განვიხილო არესბული პროექტები და ჩემითვე შევქმნა პრობლემის ახალი გადაწყვეტები.
Magic Leap, კომპანიამ, რომელმაც მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიძია, გაფართოებული რეალობის სათვალეს წარმოება დააფინანსა, რომელსაც დიდი მოლოდინით ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, ეს იქნებოდა პროდუქტი, რომელიც ჩვენ ყოველდღიურობას შეცვლიდა. დიდი იმედგაცრუების შედეგად, გადავწყვიტე მე თვითონ შემქმნა ის, რაც ყოველთვის მსურდა. მე და ჩემმა თანაკურსელებმა გადავწყვიტეთ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით გაგვეუმჯობესებინა გაფართოებული რეალობის შესაძლებლობები, რათა ჩვეულებრივი ხალხის რეალური პრობლემები გადაეჭრა მას. ასე შეიქმნა Unleash AR ის პირველადი მონახაზი.
გუნდის შვიდივე წევრი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ვართ, რაც კიდევ უფრო მეტად გვეხმარება პროდუქტიულ საქმიანობაში. პროექტზე ჩემთან ერთად ლაშა ანდღულაძე, გიორგი სხირტლაძე, ნიკა ლოსაბერიძე, რევაზ მეიშვილი, ბექა გოგალაძე და მიხეილ ნაზღაიძე მუშაობენ. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა განსხვავებული გზით აძლიერებს Unleash AR ს, რაც დარწმუნებული ვარ, რომ მისი წარმატების საფუძველი იქნება.
ჩვენ მხოლოდ 2 თვეა დავიწყეთ მუშაობა და უკვე EU-Startups-მა დაგვასახელა TOP-30 ევროპულ სტარტაპს შორის, რამაც მოტივაცია კიდევ უფრო შეგვმატა. ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული სტარტაპ სამიტიდან, Wolves Summit, სადაც მოვიპოვეთ ყველაზე აქტუალური სტარტაპის ტიტული და გავმართეთ 27 შეხვედრა ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: Porsche, Techstars, StartupBootcamp, ABB, MIT, Raiffeisen Bank, Almaz Capital, 360 lab, Fidiasz, Beesfund, PARP და სხვა.
4 ვენჩერულ კაპიტალთან ვაგრძელებთ Seed ინვესტიციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, ექვსმა ცნობილმა სტარტაპ აქსელერატორმა მიგვიწვია და 14 კომპანია ელოდება ჩვენს პირველად პროდუქტს, MVP-ს, შემდგომი ინვესტირებისთვის.
ჯერ არ ვიცი რომელ კომპანიასთან თანამშრომლობას ვამჯობინებთ, ეს იქნება რომელიმე ვენჩერული კაპიტალი თუ აქსელერატორი, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, Unleash AR იქნება პირველი გაფართოებულ რეალოაბზე ორიენტირული სტარტაპი, რომელიც ხალხს შესთავაზებს სწორედ იმ პროდუქტს, რომელსაც ისინი იმსახურებენ."
ნიკა ამჟამად სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის მატემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლაში.
მეგი ქარცივაძე ლონდონიდან
დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი სამი წელი ჩემთვის არის ამბავი სამყაროს ფუნდამენტურ კანონზომიერებაზე, რომ თავდაუზოგავი შრომა ადრე თუ გვიან აუცილებლად ფასდება და ხანდახან ისეთ ნაყოფსაც გამოიღებს ხოლმე, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდით.
ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც გადავწყვიტე, რომ სწავლის გაგრძელება რუსეთისა და პოსტ საბჭოთა სივრცის შემსწავლელ მეცნიერებებზე მინდოდა საზღვარგარეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე ამისთვის სამზადისი. სწორედ მაშინ მიწევდა მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სავალდებულო საგნის, “ჯუნიორ პროექტის” გავლა, რომლის ფარგლებშიც ავირჩიე თემა “ლენინი და სტალინი თანამედროვე რუსეთისა და საქართველოს მეხსიერებაში” და ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით შევუდექი ამ პროექტზე მუშაობას. პარალელურად ვმუშაობდი ერთ-ერთ ტელევიზიაში, რადგან ვიცოდი, რომ საზღვარგარეთ დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებლად დამჭირდებოდა სამუშაო გამოცდილება და ვემზადებოდი GRE-ისა და TOEFL-ის გამოცდებისთვის. ყველაზე მძიმე მაინც GRE-ისთვის სამზადისი იყო - ყოველ დილით ვდგებოდი 8 საათზე და 9 საათზე ვიწყებდი ტესტების კეთებას ზუსტად იმ პრინციპით, რა პრინციპითაც გამოცდაზე უნდა მეწერა, რაც დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა, შემდეგ ვიწყებდი ლათინური და ბერძნული ფუძეების დაზეპირებას და მათემატიკის გამეორებას, ეს ყველაფერი კი გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. ახლაც არ ვიცი, დღეში 24 საათი როგორ მყოფნიდა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ მგონია, რომ ესეც სწორედ სამყაროს კანონზმიერების ნაწილია - როდესაც რაღაც ძალიან გინდა და შენი მიზნის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად მიჰყვები გეგმას, ყველაფერი შენდაუნებურად გამოგდის.
ისე მოხდა, რომ ჩემმა “ჯუნიორ პროექტმა” მეც და ნუცაც ძალიან “ჩაგვითრია” და იმაზე საინტერესო გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა. ამის შემდეგ საგნის, “სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია” ფარგლებში ეთნოგრაფიის მოსამზადებლად წავედი ქალაქ გორში, სადაც ქართველი “სტალინისტები” ჩავწერე და ამჯერად უკვე ეთნოგრაფიული მასალა დავუმატე ჩემს კვლევას. მალევე ნუცამ შემომთავაზა, რომ ერთობლივად გაგვეკეთებინა მოხსენება ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ASN World Convention-ზე და ერთი წლის თავზე აქაც წავედით. ამის შემდეგ კი იყო ჩემი საბაკალავრო ნაშრომი “სტალინი და ქართული ნაციონალიზმი: პარადოქსული სიყვარული თუ ქართული კულტურული მეხსიერების ლოგიკა?” ისევ ნუცას ხელმძღვანელობით და კონფერენცია “Tradition and Innovation” ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, სადაც წარვადგინე თემა “Collision between Tradition and Innovation: Two Waves of de-Stalinization”. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი მუშაობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დავიწყე, სადაც კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი მომავალი მეცნიერებასა და აკადემიურ სივრცესთან უნდა დამეკავშირებინა.
მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მიოცნებია ინგლისში სწავლაზე, ვინაიდან ვიცოდი, რომ აქ დაფინანსების ძალიან დაბალი შანსებია, სრულიად სპონტანურად, დედლაინის ბოლო დღეს დედაჩემმა დამარწმუნა, რომ ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებაზე Chevening Scholarship შემეტანა განაცხადი. არ მეგონა, რომ ჩემი მიმართულებით დაინტერესდებოდნენ, ამას ემატებოდა ისიც, რომ Chevening-ით დაფინანსებულთა საშუალო ასაკთან შედარებით საკმაოდ პატარა ვარ და ასევე, მიმაჩნდა, რომ ჩემი გამოცდილებაც ნაკლები იქნებოდა ჩემი კონკურენტების გამოცდილებასთან შედარებით, ამიტომაც არ ველოდი, რომ დადებით პასუხს მივიღებდი ბრიტანეთის მთავრობისგან და დავთანხმდი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შემოთავაზებას, რომელიც სრულად მიფინანსებდა სწავლას და ცხოვრებას ბუდაპეშტში. უკვე უნგრეთის ვიზაც მქონდა აღებული და თვითმფრინავის ბილეთებიც ნაყიდი, ასევე, წინა ღამით გაუქმებული მქონდა შემოთავაზება University of Glasgow-სა და St. Andrews-იდან (მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის დამსახურებით, UCL არ გავაქუმე), რომ Chevening-ისგან მეილი მივიღე - ბრიტანეთის მთავრობამ სრულად დაფარა ჩემი სწავლა UCL-ში, ცხოვრება ლონდონში, მგზავრობა და ყველა სხვა ხარჯი.
დღემდე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რამხელა შრომა და ძალისხმევა მქონდა ჩადებული ამ ყველაფერში, კანონზომიერების გარდა, ეს ამბავი სასწაულის ელემენტებსაც შეიცავს. სასწაული ისაა, რომ სამყარო ხანდახან თავისით გვიმზადებს რაღაცას, რისკენაც ჩვენდა უნებურად მივყავართ თითოეულ ნაბიჯს, თუმცა კანონზომიერებაა ის, რომ რასაც არ უნდა გვიმზადებდეს სამყარო, საკმარისი ძალისხმევის გარეშე იქამდე ვერ მივალთ. ძალიან გრძელი და დამღლელი გზა იყო აქამდე. ყველაზე რთული მაინც იმ შიშთან გამკლავებაა, რომელიც მუდმივად თავს დაგტრიალებს ამ დროს - “ამდენი წვალება რომ არ დამიფასდეს, რა უნდა ვქნა?” მაგრამ, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან შრომა აუცილებლად ფასდება, განათლება კი, როგორც თვითკმარი ცნება, ფუნდამენტური მნიშნელობისაა ამ პროცესში.
ახლა ლონდონში ვარ და ვსწავლობ UCL-ში Russian Studies-ზე. ასევე, გავხდი UCL-ის School of Slavonic and East European Studies დეპარტამენტის სამეცნიერო ჟუნრალის Slovo აღმასრულებელი რედაქტორი. სწავლის დაწყების პირველივე დღეებიდანვე მივხვდი, რომ ცონდა და უნარები, რომლებიც თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა, აქ მნიშნელოვნად დამეხმარებოდა და ასეცაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უამრავი რამაა წასაკითხი და საწერი, ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო არაა - ნაკლებს არც თავისუფალში მაკითხებდნენ და მაწერინედბნენ და კვლევითი ნაშრომის მოსამზადებლად საჭირო უნარებიც უკვე გამომუშავებული მაქვს თავისუფალის პროფესორებისა და ლექტორების დიდი დამსახურებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა, ღირებულებებია, რომლებმაც მთელი ეს გზა გამომატარა, აქამდე მომიყვანა და აქაც ყოველ წამს მეხმარება - ცოდნა, შრომა, თავისუფლება.
მანჩო გიგანი ჩინეთიდან
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ავირჩიოთ გზა, რომელსაც ცხოვრების მანძილზე გავყვებით. ვეძებთ რაღაც სიახლეს, რაღაც ისეთს, რაც ჩვენთვის უცხოა და ღრმა შთაბეჭდილებებს ტოვებს.
როგორც ყველა ჩემს თანატოლს მსგავსი არჩევანის გაკეთება ოთხი წლის წინ მეც მომიწია, როდესაც თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლაში ჩაბარება გადავწყვიტე. სწორედ აქ, საკმაოდ სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება ამერჩია ჩინური ენა, შეიძლება ითქვას, რომ ბედი იყო, რადგან ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება.
მახსოვს პირველი იეროგლიფები და განცდა, როდესაც ყველასათვის უცხო და უცნაურ ენაზე წერას იწყებ, შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამ, შემდგომ კი ეს განცდა კიდევ უფრო ძლიერდება და გიჩნდება მოტივაცია. ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორის ურთოეთობათა სკოლის ჩინურმა მიმართულებამ ეს ენა შემაყვარა და ვიტყვი, რომ ჩვენი ლექტორების დამსახურებაა, რომელთა ლექციებიც ყოველთვის ერთდროულად სახალისო და დატვირთული იყო. გარდა ამისა, ტარდებოდა უამრავი კონკურსი და ღონისძიება, ჩინური ახალი წელი, სიტყვით გამოსვლისა და პოეზიის კონკურსები. ორგანიზების პროცესში სტუდენტები მუდმივად ჩართულები ვიყავით, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო გვიხალისებდა. სწორედ თავისუფალ უნივერსიტეტში შევიტყვე, რომ შესაძლებლობა მქონდა მომეპოვებინა ჩინეთის სახელისუფლებო დაფინანსება და ჩინეთში გამეგრძელებინა სწავლა, ამან კიდევ უფრო შემმატა მოტივაცია. ჩემი მონდომების, ლექტორების თავდაუზოგავი შრომისა და მხარდაჭერის შედეგად ჩავაბარე ჩინური ენის მე-4 დონის გამოცდა და დაფინანსებაც მოვიპოვე. ამჟამად ჩინეთის ულამაზეს, მზიან და კუნძულოვან ქალაქ სიამენში ვაგრძელებ სწავლას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ლექტორებს, საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის ჩინური ენის მიმართულების ხელმძღვანელსა და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორ მარინე ჯიბლაძეს, ჩვენს ლექტორებს ელი ელისაშვილსა და თამუნა ლომთაძეს, არ შემიძლია არ მოვიხსენიო ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ვახტანგ ლეჟავა, რომელიც მთელი ურთულესი პროცესის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყო, გვამხნევებდა და, რაღა თქმა უნდა, ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლებს.
ხშირად მეკითხებიან თუ როგორია ჩინეთში ცხოვრება? აქ ყველაფერს სხვა ელფერი აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, ოჯახი, მეგობრები, თუმცა ეს არის გამოცდილება, რომელიც ჩემი აზრით ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს.
სიამენი ჩინეთის სამხრეთით, ფუძიენის პროვინციაში მდებარეობს, ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ზონაა, შესაბამისად ყველაფერი განვითარებულია. მახსოვს პირველი შთაბეჭდილებები, როდესაც თვითმფრინავიდან დავინახე ადგილი, სადაც შემდგომი ერთი წელი უნდა გამეტარებინა. აქ ყველაფერი განსხვავებულია, დილით მზე სხვანაირად ანათებს, სხვანაირად გვათბობს, მთელი ქალაქი მორთულია ულამაზესი ვარდისფერ ყვავილნარევი გამწვანებით, კუნძულებს შორის დამაკავშირებელი ხიდებით. ეს ქალაქი უკვე ჩემი სახლი გახდა, ამ ქალაქში სეირნობით არასოდეს დაიღლები. აქ ერთმანეთთან არაჩვეულებრივადაა შერწყმული ჩინური და დასავლური კულტურა, ულამაზესი არქიტექტურა, ვხვდებით ბუდისტურ თუ ტაოისტურ ტაძრებს, აქვეა პატარა კუნძული კულანიუ, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ადგილად მიიჩნევა. კუნძულზე ავტომობილებს ვერ შეხვდებით, აქ მოსახვედრად კი ბორანით მოგიწევთ მგზავრობა, დანიშნულების ადგილზე მისული კი მიხვდებით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში ხართ. ხშირად მეკითხებიან თუ რა მომწონს სიამენში ყველაზე მეტად. აქ ყველაფერი შესაძლებელია, თუ სულიერი სიმშვიდის მოპოვება გსურთ შეგიძლიათ ესტუმროთ ნანფუთუოს ტაძარს, რომელიც ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენთ, ისეირნოთ პარკებში, ზღვის სანაპიროზე და დატკბეთ ულამაზესი ხედებით. საქართველოში ახლა პოპულარულია ხელოვნება, მუსიკა, არტ ზონები და კაფეები, სიამენშიც არის ერთ-ერთი ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი, რომელსაც შაპოვეი ეწოდება, აქ მრავლად არის სუვენირების მაღაზიები, ქუჩის მხატვრობა, ვინილებისა და სიდი დისკების მაღაზიები, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები სხვადასხვა ქვეყნიდან.
სიამენი განთქმულია ზღვის პროდუქტებით, ასე რომ მის მთავარ ქუჩაზე, ჭუნშანლუზე, ყოველ კუთხეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა დელიკატესები. ამ ქალაქმა უკვე დამიტოვა დუვიწყარი შთაბეჭდილებები და თავი შემაყვარა, რაც მხოლოდ ულამაზესი გარემოს დამსახურება არაა. აქაური ხალხი განსაკუთრებით სტუმართმოყვარეა, ხშირად ვხვდები გამვლელებს, რომლებიც მიღიმიან, მესაუბრებიან, ხშირად ვეხვევი სახალისო სიტუაციებში, რაც ჩემს ჩინურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. დასვენების დღეებში ძალიან მარტივად შეგიძლიათ სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობა, რადგან სწრაფი მატარებლები საკმაოდ კომფორტული და ხელმისაწვდომია, შესაბამისად ჩემს პროვინციაში უკვე მოვინახულე რამდენიმე ქალაქი, ჩინური ახალი წლის პერიოდში კი ძიანგსუს პროვინცია. რაც ყველაზე საინტერესოა, მოგზაურობისას ხვდები თუ რამდენად ფართო, მრავლისმომცველია ჩინური კულტურა, განსხვავება ხალხის ტრადიციებს, ჩვევებსა და საუბრის მანერას შორის.
როდესაც ჩინეთში ჩამოვედი უკვე საკმაოდ მესმოდა ჩინური ენა, რაც თავისუფალი უნივერსიტეტისა და ჩვენი ლექტორების დამსახურებაა, შესაბამისად არ გამჭირვებია გარემოსთან შეგუება და ხალხთან კონტაქტი. ამჟამად სიამენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩინურ ენის კურსს გავდივარ, ჩვენს ჯგუფში სულ რვა სტუდენტი ვართ, მხოლოდ ორს შეგვიძლია ინგლისურად საუბარი, შესაბამისად უმეტესად ჩინურად ვსაუბრობთ. ლექციებით დატვირთული ვართ მეთქი ვერ ვიტყვი, თავისუფალი დრო ბევრი გვაქვს, თუმცა სამეცადინო ბევრია, ზოგჯერ ცოტათი რთულიც, ვამზადებთ პრეზენტაციებს, ვკითხულობთ გაზეთებს, ვსაუბრობთ კულტურულ განსხვავებებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე. შემიძლია ვთქვა რომ ნახევარ წელიწადშიც კი ჩემი ჩინური ენის დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა. უნივერსიტეტში უამრავი საინტერესო რამ ხდება, ესეების კონკურსები, სხვადასხვა ღონისძიებები, ექსკურსიები.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ესეების კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გავხდი, ამასთანავე ვიყავი ახალი წლის ღონისძიების წამყვანი, რაც საკმაოდ რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, უნივერსიტეტის უცხო ენების ინსტიტუტის ყოველი სტუდენტი და ლექტორი მხარში მედგა, მამხნევებდნენ და მაძლევდნენ მოტივაციას, რამაც ვთვლი რომ შედეგი გამოიღო.
უკვე მეორე სემესტრიც დაიწყო, წინ კიდევ უამრავი საინტერესო რამ მელის.
წინაა HSK-ის მეხუთე დონის გამოცდა (რაც C1 დონეს უდრის) და ლექციები. უნივერსიტეტიდან ვგეგმავთ მოგზაურობას სიანსა და პეკინში და უამრავ სხვა ღონისძიებას.
წინ დატვირთული და საინტერესო სემესტრი მელის, საქართველოში დაბრუნებამდე კი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი წინსვლა მექნება. ცოტათი მიჭირს იმაზე ფიქრი, თუ როგორ დავტოვებ ჩინეთს, რადგან სიამენი ჩემი სახლია, ჩემი ოცნების ქალაქია, სადაც ყოველი დღე განსაკუთრებულად იწყება.
ნათია ხარხელი ჩინეთიდან
წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრების შესაძლებლობა მომეცემოდა, ახლა კი თითქმის ექვსი თვეა, რაც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში, თიენძინში, ნანქაის უნივერსიტეტში ვსწავლობ. თიენძინი არის მაგალითი სუფთა, კომფორტული ქალაქისა, სადაც უსასრულოდ შეგიძლია იხეტიალო და ყოველდღე აღმოაჩინო რაიმე ახალი. აქ სიმშვიდისა და თავისუფლების შეგრძნება არასდროს გეკარგება. არ აქვს მნიშვნელობა რისი ნახვა ან გაკეთება გინდა, თიენძინში იპოვნი ყველაფერს - თანამედროვე, შთამბეჭდავ არქიტექტურასაც და უძველეს ჩინურ ტაძრებსაც, შეგიძლია ერთ დღეს მდინარე ხაის სანაპიროს გაუყვე, დატკბე ულამაზესი ხედებით, ისეირნო იტალიურ უბანში ან ქალაქს თიენძინის სიმბოლოდ ქცეული ეშმაკის ბორბლიდან გადახედო, მეორე დღეს კი ნამდვილ ჩინურ სამყაროს გაეცნო, ისეირნო კულტურულ ქუჩაზე, დაათვალიერო ბუდისტური ტაძრები, დააგემოვნო ტრადიციული საჭმელი. თუ განტვირთვა გინდა, საღამოობით შეგიძლია ქუჩაში მოცეკვავე ჩინელებს შეუერთდე, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცეკვავ, ამ ხალხის ენერგიულობა და სიცოცხლის სიყვარული მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს გიტოვებს.
ჩინეთში ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას იძლევა. პირველ რიგში, ეს არის იდეალური გარემო ენის შესასწავლად, რადგან ლექციები მხოლოდ ჩინურ ენაზე ტარდება და ადგილობრივებთან ურთიერთობაც ყოველდღიურად გიწევს. აქ ყოფნის პერიოდში შევხვდი სტუდენტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ვისწავლე სხვისი კულტურის დაფასება და პატივისცემა, შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც უკვე უამრავი მოგონება მაკავშირებს. ჯერ-ჯერობით ნამყოფი ვარ ჩინეთის სამ ქალაქში. პირველი იყო პეკინი, რომელმაც თავი დამამახსოვრა ულამაზესი, უძველესი ღირსშესანიშნაობებითა და იმ ქაოსით, რომელსაც სხვაგან ვერსად იხილავთ. ჩინეთის დიდი კედელი, ზაფხულის სასახლე, აკრძალული ქალაქი - ეს იმ ადგილების მცირე ნაწილია, რომლებიც პეკინში ჩასვლისას აუცილებლად უნდა ნახო. ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან ჩემთვის ფავორიტია „ცის ტაძარი“ - 天坛, რომელმაც ყველაზე დიდი აღფრთოვანება და დაუვიწყარი ემოციები დამიტოვა.
მეორე ქალაქია შანხაი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ვისურვებდი მეცხოვრა. განვითარება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ცათამბჯენები - ეს ყველაფერი ამ ქალაქს ხელს არ უშლის, იყოს მყუდრო და თბილი იმდენად, რომ თოვლსა და წვიმაშიც არ დაგეზაროს გარეთ გასვლა. შანხაიში ღირს სიმაღლის შიშის დაძლევა. აქ შეგიძლია მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი შენობის „კენწეროდან“ გადახედო ქალაქს - ეს ემოციები ალბათ მთელი ცხოვრება გაგყვება თან.
თუკი გინდა ყინულის ზღაპარში აღმოჩნდე, ჩინეთში არც ესაა შეუძლებელი - ამის საშუალებას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხარპინი იძლევა. ყინულისა და თოვლის ფესტივალზე დასწრება ენით აღუწერელი ბედნიერებაა, თვითონ ქალაქი კი - ძალიან საყვარელი, პატარა და მყუდრო. არსად შემხვედრია ისეთი თბილი ხალხი, როგორიც ხარპინში. ამ ყველაფრის სანახავად ნამდვილად ღირს გაუძლო -20 გრადუს ყინვას, ოღონდ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა.
გარდა ამისა, ჩინეთში ცხოვრება გაძლევს საშუალებას იმოგზაურო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამის დამსახურება იყო ჩვენი, ქართველი სტუდენტების, მალაიზიასა და ტაილანდში მოგზაურობა, რომელიც სულ ახლახან დავასრულეთ.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიზმარია. მადლიერი ვარ თავისუფალი უნივერსიტეტისა და ჩინური ენის ლექტორების, რომლებმაც უზრუნველყვეს ჩემი ჩინური ენის ცოდნის შესაბამისი დონე და მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ჩინეთში სწავლის შესაძლებლობა მქონოდა. არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ჩინეთის საელჩოს წვლილი, რომლის გარეშეც დღეს ამ ყველაფერს ვერ მოგიყვებოდით. იმედი მაქვს, ჩემი ჩინური ცხოვრება ისევე საინტერესოდ გაგრძელდება, როგორც აქამდე - დაუვიწყარი ერთი წლის დასრულებამდე კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი და შევეცდები, რომ ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენო.
ნუნუ აბუაშვილი ჩინეთიდან
ნუნუ აბუაშვილი ჩინეთიდან:
2014 წელს ჩავაბარე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. მას შემდეგ ჩინური ენა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ახლა, როდესაც ამ ბლოგს ჩინეთიდან ვწერ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში.
უკვე მეექვსე თვეა იმ სამყაროს ნაწილი ვარ, რომელსაც წიგნის ფურცლებიდან თუ სურათებიდან ვადევნებდი თვალს. ჩინეთში ძალიან სტუმართმოყვარე და ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს, ამიტომ ამ დროის განმავლობაში არასდროს მიგრძვნია უცხოობის განცდა. პირველივე დღეებიდანვე აღმაფრთოვანებდა ქუჩაში მოსიარულე ადამიანების მზადყოფნა, დაგეხმარონ და იზრუნონ შენზე.
ქალაქს, სადაც მე ვსწავლობ, თიენძინი ჰქვია. ის, პეკინთან, შანხაისთან, გუანჭოუსა და ჩუნცინთან ერთად, არის ჩინეთის ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქების ჯგუფში. ეს ტერმინი ხელისუფლების მიერ გამოიყენება იმ დასახლებების აღსანიშნავად, რომლებიც ასრულებენ წამყვან როლს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. თითოეულ ამ სფეროში მიღწეული წარმატება, ასევე თიენძინის განსაკუთრებული როლი საერთაშორისო ვაჭრობასა და ურთიერთობებში, აქ ყველგან იგრძნობა.
თიენძინის უნივერსიტეტი დაარსდა 1895 წელს და არის პირველი თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩინეთში. ჩემი სასწავლო ცხრილი მოიცავს ჩინური ენის გრამატიკის, მოსმენის, მეტყველებისა და ლიტერატურის გაკვეთილებს. აქ განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩემი ქართველი თუ ჩინელი ლექტორებისადმი, რომელთა წვლილიც უზარმაზარია ჩემს თითოეულ წარმატებაში. ჩინელი მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქართველი სტუდენტები სწორი ტონებითა და გრამატიკული ფორმებით მეტყველებენ, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რადგან აქ თითოეული ჩვენგანი საკუთარ სამშობლოს წარმოვადგენთ.
თიენძინში არის საუკეთესო გარემო ჩინური ენის დონის ასამაღლებლად, ასევე, ბევრი საშუალება განტვირთვისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. შევიძინე ახალი მეგობრები და მივხვდი, თუ რამდენად საინტერესოა ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი იდეები და ღირებულებები გააჩნია. მოვინახულე ჩინეთის სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ულამაზესი ზაფხულის სასახლე პეკინში, ჩინური ფლორენცია უცინში, უზარმაზარი ცათამბრჯენები შანხაიში, მსოფლიოს ფინანსური ცენტრი თიენძინში, ბუდისტური ტაძრები და ქრისტიანული ეკლესიები. გარდა ამისა, თვალს ვადევნებ ჩინეთის ურბანულ მოწყობას, ტურისტულ ცენტრებსა და ეკონომიკურ მიღწევებს. ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 15 მილიონს აჭარბებს, პატარა საქართველოს ამაყი წარმომადგენელი ვარ და გაცილებით უკეთ ვხედავ ჩემი სამშობლოს თითოეულ ნაკლსა თუ ღირსებას.