ENG GEO

Search form

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ამზადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ წარმატებით დასაქმდნენ შემდეგ სფეროებში: საგარეო პოლიტიკა, დიპლომატია, თავდაცვა, უშიშროება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, აკადემიური მიმართულება და სხვა.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი) დაარსდა 1991 წელს. 2007 წელს შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში. დაარსების პირველი წლებიდან დღემდე ინსტიტუტი თანამშრომლობს ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან.

კურსდამთავრებულებს მიენიჭათ - 687 ბაკალავრის, 61 მაგისტრის და 14 დოქტორის (PHD) ხარისხი.

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტი სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას; მსოფლიოს ისტორიას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და იდეოლოგიურ ჭრილში; საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებსა და მიმდინარე პროცესებს; საქართველოს ადგილსა და როლს თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში;

მუდმივად ეცნობა, თუ როგორია საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის დინამიკა, გლობალური პრობლემები და მსოფლიო საზოგადოებაში არსებული ჰუმანიტარული საკითხები. გარდა ამისა, იღებს ფართო განათლებას ჰუმანიტარულ (ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა), სოციალურ და პოლიტიკურ (ფილოსოფია, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია) მეცნიერებებში.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი საფუძვლიანად (C1 დონე) ეუფლება აღმოსავლურ (არაბული, სპარსული, ჩინური, იაპონური, კორეული და თურქული) და დასავლურ (ესპანური, ფრანგული, გერმანული) ენებს. შეისწავლის ამ რეგიონების (ახლო და შორეული აღმოსავლეთი, ამერიკა, ევროპა) ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას.

სტუდენტები გადიან სტაჟირებას აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში.

საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა თანამშრომლობს: სამსუნის, ბალამანდის, ალექსანდრიის, კაიროს, ბაღდადის, ალეპოს, თიშრინის, ქსიანჯიატონგის, ლანჭოუს, მალტის, მონტანას, ვაშინგტონის, ფინეთის ჰუმანიტარულ და ტექნიკურ უნივერსიტეტებთან, დამასკოს არაბული ენის შემსწავლელ ცენტრთან, რას ელ ხაიმას დოკუმენტთა და კვლევის ცენტრთან.

თავისუფალ უნივერსიტეტში, ჩინეთის მთავრობის მონაწილეობით, შეიქმნა კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც ჩინური ენის შესაბამისი დონის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა HSK სერთიფკატი (ჩინური ენის დონის დამადასტურებელი საბუთი).
საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.

საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში სტუდენტს სთავაზობს ცხრა ძირითად სპეციალობას (მეიჯორს), რომლიდანაც ირჩევს ერთ–ერთს:

• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – არაბული ;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – სპარსული;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით ახლო აღმოსავლეთი – თურქული;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – ჩინური;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – იაპონური;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით შორეული აღმოსავლეთი – კორეული;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით დასავლეთი – ესპანური;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით დასავლეთი – ფრანგული;
• საერთაშორისო ურთიერთობები კონცენტრაციით დასავლეთი – გერმანული;