ნიკა ცაგარელი მიწვეული იყო ბოლონიაში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე - (URSI EMTS 2025)
03 July 2025
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მეოთხე კურსის სტუდენტი ნიკა ცაგარელი მიწვეული იყო მოხსენებით (Invited Talk) იტალიის ქალაქ ბოლონიაში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე - (URSI EMTS 2025). მისი ნაშრომი ეხება ოპტიკურ დიაპაზონში მცირე ზომის საკომუნიკაციო ხელსაწყოების შექმნას, რაც წარმოადგენს როგორც კომერციულ, ისე სამეცნიერო ინტერესს მათი ფართო გამოყენების შესაძლებლობიდან გამომდინარე მედიცინასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში.
ნიკას გამგზავრება და სიმპოზიუმში მონაწილეობა დააფინანსა კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა.
ნიკასთვის ეს მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმია. იგი მიწვეული იყო მოხსენებით ესპანეთში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც წარმოადგინა ნაშრომი მულტიფეროიკული მაგნიტური სტრუქტურების გამოყენებაზე ელექტრომაგნიტურ ფილტრებში.
ამჟამად იგი ამზადებს ნაშრომს რეფერირებად ჟურნალში წარსადგენად. ნაშრომში მონაწილეობს დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტი (გერმანია), პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), ჰალლე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი (გერმანი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფუკუოკას ტექნოლოგიური ინსტიტუტი (იაპონია).
ნიკა ასევე მონაწილეობს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში: "ეფექტური მეთოდის შემუშავება სრულიად დიელექტრიკულ პრატფორმაზე აწყობილი ბარიერული ტიპის საკომუნიკაციო სისტემების და წრედების ანალიზისათვის და ოპტიმიზაციისათვის მილიმეტრულ და სუბმილიმეტრულ დიაპაზონში."
ნაშრომში წარმოდგენილი თემატიკა ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს გერმანიის სამეცნიერო ფონდის (DFG) მიერ დაფინანსებული პროექტისა [„Mobile Material Characterization and Localization by Electromagnetic Sensing“], რომლის მიზანია მაღალი ეფექტურობის მქონე ინტეგრირებული საკომუნიკაციო სისტემების და წრედების შექმნა. ანუ ისეთი ხელსაწყოს შექმნა, რომელიც სისტემატურად შექმნის მატერიალურ რუქებს ობიექტის ძებნის და მისი კლასიფიკაციისთვის ნებისმიერ ადგილზე. ამ საინჟინერო პროექტის ბიუჯეტი 20 მილიონ ევროზე მეტია და აერთიანებს რამდენიმე გერმანიის უნივერსიტეტს.
ნაშრომების და პროექტების ხელმძღვანელია მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის სკოლის ასოცირებული დეკანი, პროფესორი, ვახტანგ ჯანდიერი.
