ENG GEO

Search form

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ასოცირებული პროფესორი

საგანი: საკონსტიტუციო სამართალი

აკადემიური საქმიანობა: კონსტანტინე ვარძელაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და ილიას უნივერსიტეტის პროფესორია. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ის ლექციებს კითხულობს საკონსტიტუციო სამართალში. დოქტორანტურის კურსის ფარგლებში კონსტანტინე ვარძელაშვილი აწარმოებდა კვლევას ედინბურგის უნივერსიტეტში. კონსტანტინე ვარძელაშვილი ასევე კითხულობდა ლექციებს ედინბურგის უნივერსიტეტთან არსებული ნაციონალიზმის შესწავლის საზაფხულო სკოლაში. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი და ჟურნალ „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვის" სარედაქციო კოლეგიის წევრი.

განათლება: კონსტანტინე ვარძელაშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი (2002). მან ასევე წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1994). მიიღო ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ქ.ბუდაპეშტში (1994-1995).

სამუშაო გამოცდილება: კონსტანტინე ვარძელაშვილი მუშაობდა თავისუფლების ინსტიტუტში ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიული განათლების და მედიის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად, მოგვიანებით იგი იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" პროგრამის, რეფორმის მხარდაჭერის სააგენტოს ანალიტიკური ჯგუფის წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი, ბრიტანეთის საბჭოს სამართლებრივი რეფორმის და იურიდიული განათლების პროგრამების, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტების სასწავლო კურსების ხელმძღვანელი, საქართველოს პროკურატურის რეფორმის კურატორი. მოგვიანებით კოტე ვარძელაშვილი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2005 წლიდან კონსტანტინე ვარძელაშვილი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 2009 წელს კოტე ვარძელაშვილი ასევე დაინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს Ad Hoc მოსამართლედ.