ENG GEO

Search form

ვიდეოთამაშების დიდი მარათონი დასრულდა

დიდი გეიმმარათონი დასრულდა - 2000-მდე სტუმარი, 23 თამაშის პროტოტიპი, კონცეპტარტების კონკურსის 41 მონაწილე და 33 ქოსფლეიერი.

8-9 ნოემბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსმა ვიდეოთამაშების შექმნის მარათონ Game Jam-ს უმასპინძლა.

ორგანიზატორებმა ორი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე მარათონისა და პარალელურად მიმდინარე 2D კონკურსის თემები გამოაცხადეს: IGDA Georgia-ს თემა იყო დიდი აფეთქება, გენერალურ სპონსორ ჯეოსელის თემა - უსასრულო, Game Jam-ის მასპინძელმა თავისუფალმა უნივერსიტეტმა თემად რობოტი შეარჩია, ხოლო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მეოთხე თემად განისაზღვრა 8 ბიტიანი გოძილა აპოკალიფსი (8 bit Godzilla apokalypse).

მარათონში მონაწილეობის სურვილი სულ 28 გუნდმა გამოთქვა. 8 ნოემბერს, გეიმჯემის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, ყველა გუნდმა საკუთარი პროექტების წინასწარი პიჩინგი ჩაატარა, ჟიურის სამუშაო გეგმა წარუდგინეს, რის შემდეგაც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს და იდეების განხორციელებას შეუდგნენ. საბოლოოდ შეიქმნა 23 თამაშის პროტოტიპი, რადგან რამდენიმე გუნდმა სამუშაოს დასრულება ვერ მოასწრო და პრეზენტაციის ჩატარებისგან თავი შეიკავა.

ნამუშევრების პრეზენტაცია 9 ნოემბრის საღამოს დაიწყო. 23 ნამუშევრის ნახვისა და პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო - გაიმარჯვა პირველი „გეიმჯემის" ფავორიტმა გუნდმა „ბაზინგამ", რომელმაც ერთი წლის განმავლობაში მეორედ მოახერხა საუკეთესო ნამუშევრის შექმნა.

„ბაზინგას" თამაშის სამუშაო სახელწოდებაა Betrayers. თამაში პლატფორმერია და ერთდროულად 4 მოთამაშეზეა გათვლილი. მისი გმირები რობოტები არიან, რომლებიც მოულოდნელად ერთმანეთის მტრებად იქცევიან და ბრძოლაც იწყება.

„ბაზინგამ" ჟიურისგან 249 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა კი მხოლოდ 242 ქულა დააგროვა, რაც თავისთავად მეტყველებს, რომ Betrayers მართლაც საუკეთესო იყო!

IGDA Georgia-სა და CG Georgia-ს მიერ ორგანიზებული Game Jam-ი სხვა აქტივობებსაც მოიცავდა. მათ შორის კონცეპტარების კონკურსს, რომლის მონაწილეებიც იმავე თემებზე მუშაობდნენ. ამ კონკურსში რობოტი ანიმეს კონცეპტის ავტორმა ანა ელიოსიძემ გაიმარჯვა, რომელმაც ყველაზე სწორად და სრულყოფილად შესრულებული ნამუშევარი წარმოადგინა.

მარათონისა და კონცეპტარტების კონკურსის პარალელურად მიმდინარეობდა სპიკერსესიები, შეჯიბრები ვიდეოთამაშებში, ვიქტორინები, სამაგიდო თამაშების ტურნირი და „გეიმჯემის" ერთ-ერთი მთავარი კონკურსი ქოსფლეი, რომელშიც ამჯერად World of Warcraft-ის პერსონაჟ Lich King-ის ქოსფლეის ავტორმა ნინა მხოიანმა გაიმარჯვა. მისი კოსტუმი სირთულითა და ორიგინალთან მაქსიმალური მსგავსებით გამოირჩეოდა, რისი თქმაც კიდევ რამდენიმე კოსტუმის შესახებაც შეიძლება.

მონაწილეთა შორის იყვნენ აბიტურიენტები და სკოლის 10 და მე11 კლასის მოსწავლეები. უნივერსიტეტების ხელმძღვანელობამ 5 მათგანს, რომლებმაც თამაშების შექმნაში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა 1 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადასცა.