ENG GEO

Search form

ცისფერი მთები

31 მაისს, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში დაუჯერებელი ამბავი მოხდა - სამი დეკადის შემდეგ  „ცისფერი მთები" მართვის სკოლის სტუდენტების დახმარებით გაცოცხლდა. ელდარ შენგელაია, რეზო ჭეიშვილი და გია ყანჩელი, ადამინები, რომლებმაც მსოფლიო დონის კინოშედევრი შექმნეს, ჩვენს უნივერსიტეტებს ესტუმრნენ. ფილმის რეჟისორმა, სცენარისტმა და მუსიკის ავტორმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს და ყველა ის მნიშვნელოვანი ამბავი გაიხსენეს, რომელიც გადაღებების, სცენარის წერისა და მუსიკის შექმნის პროცესში მოხდა. ისაუბრეს იმაზეც, თუ რა გზა გაიარა ფილმმა 30 წლის განმავლობაში, მანამ, სანამ 2014 წლის კანის კინოფესტივალზე მას დამსახურებულად შეიყვანდნენ მსოფლიო კინოკლასიკის სექციაში.

დაუჯერებელი ამბავი მოხდა 1983 წელსაც - სრულიად შემთხვევით, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" საბჭოთა ცენზურას ხელიდან დაუსხლტა. ცალსახად ანტისაბჭოურმა სურათმა, რომელიც იმდროინდელი ბიუროკრატიისთვის სარკე იყო და საბჭოთა კავშირის მოხელეთა ცხოვრებას დახვეწილი იუმორით გვანახებდა - დღის სინათლე ნახა.

ჩვენს სტუდენტებთან შეხვედრის დროს გია ყანჩელმა გაიხსენა, რომ მის მიერ დაწერილი 32 წუთიანი მუსიკიდან (მაშინ მხოლოდ ამ ქრონომეტრაჟის დაწერის შემთხვევაში აძლევდნენ კომპოზიტორს სრულ ჰონორარს), სამონტაჟო მაგიდასთან მიმჯდარმა ელდარ შენგელაიამ მხოლოდ ის პატარა მონაკვეთი დატოვა, რომელიც ამ ფილმის ხსენებისას ჩაგვესმის ყურში. „ამით იმდროინდელი დაუსრულებელი რუტინის ჩვენება მინდოდა" - თქვა შენგელაიამ.

„ამბავი ტიანშანისა" - ასეთი სახელი მისცეს მართვის სკოლის სტუდენტებმა „ცისფერი მთების"შემქმნელებთან შეხვედრას, რომელიც მათ მიერვე ორგანიზებული Art კვირეულების დამაგვირგვინებელი ღონისძიება იყო.