ENG GEO

Search form

სამეცნიერო-შემეცნებითი ექსპედიცია აზერბაიჯანში

2014 წლის 15-25 აგვისტოს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აწყობენ სამეცნიერო-შემეცნებით ექსპედიციას აზერბაიჯანში, საინგილოში. ექსპედიცია გაგრძელდება 10 დღე.

ექსპედიცია გულისხმობს ჰერეთის,
 იგივე საინგილოს (თანამედროვე კახისა და ზაქათალას რაიონები), სოფლებში ინგილოური მეტყველების ვიდეო და აუდიო ჩაწერას, ამ მასალის გაშიფვრა-არქივირებას და კვლევას. სტუდენტები იმოგზაურებენ და გაეცნობიან საინგილოს ქართულ ხუროთმოძღვრებას, ასევე ალბანური კულტურის ძეგლებს და  ბაქოსა და განჯაში არსებულ  ისლამური ეპოქის უმთავრეს  ძეგლებს.

ექსპედიცია გაიმართება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ცოდნის ფონდის მიერ დაფინანსებული და თავისუფალი უნივერსიტეტის პარტნიორობით მიმდინარე საგრანტო პროექტის

‘’ქართული ენა საზღვარგარეთ ქართული დიალექტები და ლაზური თურქეთში, აზერბაიჯანსა და ირანში’’ ფარგლებში.  

პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში ლაზურისა და ქართული დიალექტების (კლარჯულის, ფერეიდნულის, ინგილოურის) თანამედროვე ტექნოლოგიებით დოკუმენტირება: ელექტრონული ტექსტური კოლექციისა და ლექსიკონების შექმნა; მეორე მხრივ, ამ რეგიონშებში მცხოვრებთა ენობრივი და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში,  ექსპედიციები შედგა ირანსა და თურქეთში, ამჯერად პირველად იმართება აზერბაიჯანში. სამივე ექსპედიციის მასალები და სტუდენტური ნაშრომები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პირველიკურსის  სტუდენტებს. მსურველთაგან შეირჩევა  მხოლოდ 10 სტუდენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ექსპედიციაში. გამარჯვებული სტუდენტები მიიღებენ ექსპედიციაში მონაწილეობისთვის საჭირო გრანტს და მათ მოუწევთ ხარჯების მინიმალური  ნაწილის დაფარვა.

საველე პრაქტიკა გავლილად ჩაეთვლებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით მიიღებენ მონაწილეობას ექსპედიციაში.

მონაწილეთა შერჩევის წესი:

ექსპედიციაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა 6 მაისამდე.

სტუდენტები, რომლებიც განაცხადის განხილვის საფუძველზე გადავლენ მეორე ტურში, მიიღებენ კონკრეტულ დავალებას.  შესრულებული სამუშაო უნდა იქნეს წარმოდგენილი 10 ივნისამდე.

საკონკურსო კომისია მეორე ტურში გამარჯვებულ კანდიდატებს გაესაუბრება მათი ნაშრომისა და დაგეგმილი აქტივობის/ების შესახებ, რის საფუძველზეც საბოლოოდ გამოვლინდებიან გამარჯვებული სტუდენტები.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს 16 ივნისამდე.

შენიშვნა: რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ გაიმართება საორიენტაციო შეხვედრა იმ სტუდენტებთან, რომლებმაც შეავსეს განაცხადის ფორმა. შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.