ENG GEO

Search form

ახალი წიგნი

16 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრმა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტმა დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში წარადგინა ახალი წიგნი „სახელშეკრულებო სამართალი“.

სახელმძღვანელო პირველი მცდელობაა გააერთიანოს აკადემიურ წრეებში დაგროვილი ვალდებულებითი სამართლის ცოდნა და ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლის პრობლემური საკითხების შესახებ საქართველოში დაგროვილი პრატიკული გამოცდილება.

წიგნის ავტორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მრავალწლიანი და მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების მქონე ადვოკატები. სახელმძღვანელო ფარავს ვალდებულებითი სამართლის აკადემიური კურსებით გათვალისწინებულ ყველა ძირითად საკითხს.

საქართველოსათვის უპრეცენდენტოა მოცემული გამოცემის პრაქტიკული კომპონენტის მასშტაბი, რომელიც მოიცავს სასამართლო და საადვოკატო პრაქტიკის პრობლემურ და აქტუალურ საკითხებს. სახელმძღვანელო შექმნილია, რომ სამართლის ფაკულტეტებსა და სტუდენტებს გაუადვილოს ვალდებულებით სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ვალდებულებით სამართლებრივი პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის პროცესი:

1. პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომა (“Problem-Solving”)
წიგნის თეორიული ნაწილი გაჯერებული არის შესაბამისი თეორიული კონსტრუქციებითა და ჰიპოთეტური კაზუსებით,რომლებთან დაკავშირებითაც მკითხველს მოეთხოვება შესაბამისი თეორიის გამოყენება და პრაქტიკულ ჭრილში გააზრება.
2. იურიდიული დოკუმენტაციის შექმნის უნარის გამომუშავება (“Drafting”)
პრაქტიკაში გავრცელებულ შემთხვევბთან დაკავშირებულ საკითხებზე მოყვანილი და განხილულია შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაცია, რომელთა ნაკლოვანებებისა და დადებითი მხარეების ამოცნობა და შემდგომიდამუშავების გზით ჩამოყალიბება დაევალება სტუდენტს.
3. სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი (“case-analysis”)
კონკრეტული თავის მიზნების შესაბამისად ადაფტირებული სასამართლო გადაწყვეტილებების ტექსტების („case-briefs“) მოყვანის გზით ხდება სავარჯიშოების (მათ შორის ჯგუფური – „case-studies”) განხილვა, რაც სტუდენტებსთეორიისა და სასამართლო-პრაქტიკის ერთობლივი ანალიზის საშუალებას მისცემს.
4. იურისტისათვის საჭირო უნარები
სახელმძღვანელოს შესაბამის თავებს ერთვის პრაქტიკული სავარჯიშოები იურისტისათვის საჭირო ისეთი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, როგორიცაა კანონმდებლობის სისტემურად და სწორად წაკითხვა, იურიდიულადარგუმენტირებული მსჯელობის ჩამოყალიბება და ა.შ.
5. სახელმძღვანელოს როლი სალექციო და სასემინარო მუშაობის ორგანიზებისას
სახელძღვანელო ისეთი ფორმით არის სტრუქტურირებული, რომ მან დახმარება გაუწიოს არა მხოლოდ სტუდენტებს,არამედ ლექტორებსაც დროის სწორად განაწილებაში და მნიშვნელოვანი საკითხების არამნიშვნელოვანისაგანგამიჯვნაში. წიგნის შესაბამისი თავები ძირითადად იწყება თეორიული საკითხებისა და სასამართლო-პრაქტიკის ანალიზით, რასაც მოსდევს ძირითად ტექსტში თემატურად ინტეგრირებული ჰიპოთეტური კაზუსები სავარაუდო ამოხსნის გზებითა და საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის ნიმუშებით და საბოლოოდ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილებების მოკლე აღწერით, ჰიპოთეტური კაზუსებით და ღია შეკითხვებით, რომლითაც გამიზნულია, რომ დაგროვილი მასალის ფონზე პედაგოგსა და სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა მიეცეთ დისკუსია-ანალიზისა და საკითხთა ინტერპრეტაციის სხვადასხვა გზების განვითარებისთვის.
წიგნი გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ძალისხმევით.
წიგნის ავტორები არიან:
ზურაბ ძლიერიშვილი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული პროფესორი, ადვოკატი;
გიორგი სვანაძე, LL.M., MLB (Bucerius/WHU), სამართლის დოქტორი, NCCL-ის აკადემიური თანადირექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, Deloitte & Touche-ის უფროსი იურისტი, ადვოკატი;
გიორგი ცერცვაძე, სამართლის დოქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული პროფესორი, “იურიდული ფირმა ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველი პარტნიორი, ადვოკატი;
ლევან ჯანაშია, თავისუფალი უნივერსიტეტისა და თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარე, ადვოკატი;
ირაკლი რობაქიძე, LL.M., იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ადვოკატი;
ლაშა ცერვაძე, LL.M., MLB (Bucerius/WHU), სს „ბითიეი ბანკის“ პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ადვოკატი.