ENG GEO

Search form

ჩვენი ფიზიკოსები

გურამ ქართველიშვილი

მესამე კურსი.
იკვლევს მბრუნავ მაგნიტურ ველში პლაზმურ რხევებს

 

 

ირაკლი გუდავაძე

მესამე კურსი.
იკვლევს კიბორჩხალას ნისლეულის პულსარის მაგნეტოსფეროში ცენტრიდანულ ეფექტებს

 

ლადო ლაბაძე

მესამე კურსი.
იკვლევს სხვადასხვა სივრცეში ნაწილაკების დინამიკას

 

თაკო მეშველიანი

მესამე კურსი.
სწავლობს კინემატიკურად კომპლექსური ნაკადების ბუნებას

 

თორნიკე ღუტიშვილი

მესამე კურსი.
მუშაობს შრედინგერის განტოლებაზე

 

აგვისტოს თვეში, ჩვენი სტუდენტები ედინბურგში, ფიზიკოს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPS) მიიწვიეს. შოტლანდიაში სტუდენტებმა, ძირითადად დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა მთელი მსოფლიოდან მოიყარეს თავი. საქართველოს კი მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის ხუთი მესამეკურსელი წარმოადგენდა. თაკო მეშველიანს, ლადო ლაბაძეს, გურამ ქართველიშვილს, ირაკლი გუდავაძესა და თორნიკე ღუტიშვილს ჯერ კიდევ წასვლამდე შევხვდი და თავიანთ მოხსენებებზე ვესაუბრე. „მე ვერაფერი გავიგე, მაგრამ ჯიგრები ხართ" - გავიფიქრე ჩემთვის. შეხვედრიდან წამოსულს პირველად გამიჩნდა ეჭვი, რომ მათი IQ და ჩემი ICQ ერთმანეთს ემთხვეოდა.
ხელმეორე შეხვედრამ კი დამარწმუნა, რომ მათი ფიქრი ნიუტონისა და ომის კანონებს ბევრად სცდება და ფიზიკისადმი ინტერესი აიძულებთ ყველაფერზე დაფიქრდნენ, რასაც კი ბუნება ადამიანებს სთავაზობს.

რა გაირკვა, შრედინგერის კატა ცოცხალია თუ მკვდარია?

თორნიკე ღუტიშვილი:

რას გაიგებ.
ერთ ყუთში კატა და ბომბია. 2 წუთის განმავლობაში ბომბი შეიძლება ყოველ წამს აფეთქდეს. ბომბი მიბმულია მოწყობილობაზე, რომელიც აფიქსირებს არის თუ არა ელექტრონი მოცემულ წერტილში... მოცემულ წერტილში ელექტრონის არსებობა კი 100 %-იანი არ არის, გვაქვს მხოლოდ ალბათობა. წარმოიდგინე: ყუთის გახსნის მომენტში ვაგორებთ კამათელს. თუკი 2, 4 ან 6 დაჯდება, კატა ცოცხალია; ხოლო თუ 1,3 ან 5 - მკვდარია. გამოდის, რომ სანამ ყუთს არ გახსნი და არ ჩაიხედავ, ანუ ექსპერიმენტს არ ჩაატარებ, ვერ მიხვდები კატა ცოცხალია თუ მკვდარი. რაც გამოიხატება კვატური მექანიკის უმთავრეს პრინციპში: ექსპერიმენტატორი ექპერიმენტით ზემოქმედებს ექპერიმენტის შედეგზე. ეს ნილს ბორის ინტერპრეტაციაა. ჰაიზენბერგის ინტერპრეტაციაში კატა ან ცოცხალია, ან მკვდარი - შედეგს ყუთის გახსნისას ვნახულობთ. მოკლედ, გრძელი ისტორიაა. მე შევეცადე ეს განტოლება ანალიტიკურად ამომეხსნა.

„კიბორჩხალას ნისლეულის პულსარის მაგნეტოსფეროში ცენტრიდანული ეფექტები" - ეს რა ჯანდაბაა?

ირაკლი გუდავაძე:

პულსარი სწრაფად მბრუნავი ვარსკვლავია, რომელიც ვიწრო კონის სახით ასხივებს. ამ გამოსხივებას შეიარაღებული თვალით აკვირდებიან. ჩემი ამოცანა ამ ნაკადის დინამიკის თეორიული გამოკვლევა იყო - სად მოძრაობს, როგორ მოძრაობს და რა სიჩქარით მოძრაობს.

ნიუტონის თავზე ვაშლის დაცემა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, თუ ნილ არმსტრონგის ნაბიჯი მთვარეზე? 

გურამ ქართველიშვილი:

არმსტრონგის ნაბიჯი უფრო აღმაფრთოვანებელია. ნიუტონის თავზე ვაშლის დაცემამ კი, თავის დროზე, ძალიან დიდ მეცნიერულ წინსვლას დაუდო საფუძველი.

რა ხდებოდა ედინბურგში?

თაკო მეშველიანი:

ავსტრიელი დოქტორანტი შემიყვარდა. ჩემ მერე გავიდა ტრიბუნასთან. რომ დავინახე, ჯერ გარეგნობით მომცელა. მერე კი, მოყვა და რა მოყვა. შევპირდი წერილს მოგწერ და სიმღერას გიმღერებ - მეთქი. წერილის მიწერა მოვასწარი. რაც შეეხება სიმღერას, „Can't take my eyes off you" უნდა ჩავუწერო და გავუგზავნო.
პროფესიული თვალსაზრისით კი, ძალიან ბევრი უკვე შემდგარი მეცნიერი გავიცანით, რამაც მოტივაცია გამიჩინა, რომ მათთან ურთიერთობა არ გავწყვიტოთ. ICPS-ის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც ესაა - მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ფიზიკით დაინტერესებული ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება.

თემა განვაგრძოთ: ICPS-ზე ხუთი ქართველის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე სტუდენტი იყო. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, თქვენზე წინ არიან?

თაკო მეშველიანი:

სულაც არა.
300 სტუდენტიდან მოხსენება მხოლოდ 67-მა წავიკითხეთ. ერთმა თურქმა მონაწილემ მითხრა, რომ წელს მოხსენებას არ წაიკითხავდა, რადგანაც ეშინოდა. ჩვენ ასეთი დამოკიდებულება არ გვქონია. ამდენი ვიმუშავეთ და რატომ არ უნდა გამოგვეჩინა?

ანუ, 67 წაკითხული მოხსენებიდან 5 თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების იყო? 

თაკო მეშველიანი:

დიახ.

შეაჯამე ედინბურგის კონფერენციის შედეგები.

ლადო ლაბაძე:

შოტლანდიაში ჩვენ პირველი სამეცნიერო მოხსენებები წავიკითხეთ. გავიცანით უცხოელი მეცნიერები, რომლებთანაც მომავალში შეხება გვექნება. ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი სამეცნიერო ცხოვრებისკენ, ასე რომ ცალსახად წარმატებული გახლდათ.

რამ და როდის მიგახვედრა, რომ ფიზიკა უფრო გაინტერესებს, ვიდრე, დავუშვათ მათემატიკა?

ირაკლი გუდავაძე:

როდესაც სკოლაში ფიზიკის სწავლა დავიწყეთ, მისით მაშინვე განსაკუთრებულად დავინტერესდი. მე-9 კლასში კი უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მომავალში მინდოდა მეცნიერი გავმხდარიყავი და არა მაგალითად ეკონომისტი, ან იურისტი.

მერედა შენი პროფესია საქართველოში პერსპექტიულია?

ირაკლი გუდავაძე:

მეცნიერებაში მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. მირჩევნია ვიყო ფიზიკოსი და, ვთქვათ, 2 000 ლარი მქონდეს ხელფასი, ვიდრე, მაგალითად, ვინმეს ადვოკატი გავხდე და 10 000 ლარი მქონდეს ანაზღაურება.

ენრიკო ფერმის გამონათქვამს გადავაწყდი: „ყველა ელემენტარული ნაწილიაკის დასახელება რომ ვიცოდე, ბოტანიკოსი გავხდებოდი" - შენ გახსოვს ყველას სახელი?

თორნიკე ღუტიშვილი:

არა.

წეღან გურამმა ფარდობითობის თეორია ახსენა. თავზე შემორჩენილი 3 ღერი თმა უფრო დიდი კატასტროფაა, თუ კერძში აღმოჩენილი 3 ღერი თმა.

ლადო ლაბაძე:

არცერთი.
როგორც ჩანს კატასტროფაზე სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს.

„როდესაც ხედავ განტოლებას E=mc2 საკუთარი ყბედობის გამო გრცხვენია" ამიხსნი რას გულისხმობდა სტანისლავ ეჟი ლეცი?

გურამ ქართველიშვილი:

მგონი შევძლებ: ეს ერთდროულად ძალიან მოკლე და ძალიან მრავლისდამტევი ფორმულაა. ჩვენი ნააზრევი კი, ამ ფორმულასთან შედარებით ყბედობას ჰგავს.

აინშტაინი ამბობდა, რომ ღმერთი კამათელს არ აგორებს. სტივენ ჰოკინგი კი ამბობს, რომ ღმერთი არათუ აგორებს კამათელს, ხანდახან ისეთ ადგილას ყრის, რომ არ შეგვიძლია არ დავინახოთ. რომელიმეს აზრს ეთანხმები თუ თქვენთვის ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი?

გურამ ქართველიშვილი:

რომელიმეს აზრის გაზიარებას, აჯობებს ბუნებას დავაკვირდეთ, თუ როგორ გამოავლენს ის თავს - მგონი ესაა მთავარი. ღმერთის მიერ კამათლის გაგორება დედამიწაზე ბუნების გამოვლინებას უნდა ნიშნავდეს.

მე ფიზიკის ნიჭი არ მაქვს. კინო და ლიტერატურა მიყვარს. შევძლებ გავხდე ფიზიკოსი?

ირაკლი გუდავაძე:

შეძლებ. ოღონდ არა იმდენად ძლიერი, რომ მსოფლიომ გაგიცნოს.

როგორ ფიქრობ, რა იყო აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები?

გურამ ქართველიშვილი:

ჯერ ფარდობითობის თეორიას გავაანალიზებ ბოლომდე და მაგაზე მერე გიპასუხებ.

P.S ავსტრიელი დოქტორანტი მოხსენებას მომავალ ICPS-ზეც წაიკითხავს. კონფერენციაზე დასწრებას თაკო მეშველიანიც გეგმავს.