ENG GEO

Search form

ლაშა ლაკირბაია

როცა სამუშაოდ თავისუფალ უნივერსიტეტში გადმოვედი, ალაგ-ალაგ მესმოდა ხმები, რომ არსებობს ვინმე ლაშა ლაკირბაია - კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტი, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული. ამბობდნენ, რომ ის გენიოსია. „ლაკირბაიას შეუძლია ნულზე გაყოს" - იხუმრა ერთხელ MACS-ის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა. როცა ვებსაიტისთვის გამორჩეული სტუდენტის ფოტო დამჭირდა, „ლაკირბაია" - მირჩიეს თანამშრომლებმა.

ჟურნალისტები გენიოსებთან ინტერვიუს ჩაწერას ვუფრთხით. ზედმეტად წყნარები არიან. მათი გულიანად ალაპარაკება თივის ზვინში ნემსის აღმოჩენის ტოლფასია. თუ გაგიმართლა და ხასიათზე მოიყვანე - ჯერ თითოეული სიტყვის ზომა-წონაში დარწმუნდება და მერე გეტყვის.
ცოტა ხნის წინ ლაშა ლაკირბაია მსოფლიოში კარგად ცნობილ IT კომპანია VMware-ში (აშშ, კალიფორნია) მიიწვიეს, სადაც 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა. ამჟამად ის სწავლის პარალელურად პროფესორს დაბალკურსელებისთვის კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოების სწავლებაშიც ეხმარება.
გენიოსთან ინტერვიუს მაინც ვერ გადავურჩი.
აი, რა გამოვიდა:

სანამ უშუალოდ ინტერვიუზე გადავალთ, გენიოსობაზე ვთანხმდებით?

თავს შევიკავებ პასუხისგან.

რას აკეთებდი კალიფორნიაში?

VMware-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი საიდუმლოდ უნდა დავტოვო. ისე კი VMware-ი ვირტუალიზაციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელშიც დაახლოებით 13 000 ადამიანია დასაქმებული. იმ დროს იქ მხოლოდ სამი ქართველი ვიყავით - მე ვირტუალურ დატა ცენტრში ვმუშაობდი. მომავალ წელს ამ კომპანიის ახალი პროდუქტი გამოვა, რომლის კოდის გარკვეული ნაწილი ჩემი დაწერილია.

ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის, ჩვეულებრივი მოკვდავისთვის გასაგებ ენაზე მითხარი.

შევეცდები: VMware-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტის წყალობით შეგიძლია ერთ კომპიუტერში რამდენიმე ოპერაციული სისტემა გქონდეს, მაგალითად Windows-ზე Mac-იც დააყენო.

ამერიკელები ცივები არიანო. რას იტყვი?

აშშ-ში რაღაც პერიოდი მარტო ვცხოვრობდი. თავდაპირველად სახლიდან გამოსვლის შემდეგ ხშირად ვიკარგებოდი. ერთხელ შემეშინდა, ვაითუ ყველა გამვლელმა ფეხებზე დაიკიდოს ჩემი პრობლემა - მეთქი, მაგრამ პირიქით - გინდაც ეჩქარებოდეთ, ბოლომდე აგიხსნიან ყველაფერს და ისე განაგრძობენ გზას.
ერთხელ კიდევ მობილურში ჩატვირთულ რუკას მივყვებოდი და უცებ შუა ტრასაზე აღმოვჩნდი, სადაც ფეხით სიარული აკრძალულია. რამდენიმე თვის წინ ჩასულ სტუდენტს აშშ-ში დაჯარიმება ნამდვილად არ მაწყობდა. ამ დროს მანქანამ გამიჩერა, პოლიციისას ჰგავდა, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქე გამოდგა, რომელმაც ამიხსნა, რომ გზის ამ მონაკვეთზე ფეხით სიარული ძალიან სახიფათოა, ჩამსვა მანქანაში და მიმიყვანა იქ სადაც მივდიოდი. 
პირიქით, პოზიტიურები არიან.
ზოგადად, ძალიან დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა - რას ვიფიქრებდი, რომ ევროპული გუნდის, მადრიდის რეალის თამაშს აშშ-ში ვნახავდი.

რეალს გულშემატკივრობ?

არა, მანჩესტერს.
იქ ყოფნისას გავიგე, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედიდან წავიდა. ეს ამბავი დილით წავიკითხე და მეგონა, რომ ჯერ კიდევ სიზმარი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოგონებაა, რაც აშშ-დან გამომყვა.

ციფრებთან ურთიერთობა უფრო გიადვილდება თუ ადამიანებთან?

პროგრამისტებთან დაკავშირებული სტერეოტიპი მთლად ტყული არაა, თუმცა ვფიქრობ მე გამონაკლისი ვარ. აშშ-შიც ყველასთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. სამსახურშიც და მის გარეთაც. ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანი და მეგობრებიც გავიჩინე. ამ ურთიერთობებით ძალიან ვამაყობ.
ისე კი, ადამიანსაც გააჩნია და ციფრებსაც.

შენი ლექტორებისგან ვიცი, რომ მათემატიკაშიც და პროგრამირებაშიც ლომი ხარ. სამომავლოდ რომელში უფრო ხედავ საკუთარ თავს?

ჩემი მომავალი პროფესია, კომპიუტერული მეცნიერებები ორივეს მოიცავს. ვინც მხოლოდ პროგრამირება იცის, ჩემი აზრით ის სრულფასოვანი პროგრამისტი ვერ გახდება. იდეალურ შემთხვევაში ისეთ სფეროს ავირჩევ, სადაც მათემატიკაც და პროგრამირებაც დიდი დოზით იქნება.

ლეონარდ ეილერმა უფრო მეტი გააკეთა მსოფლიოსთვის, თუ სტივ ჯობსმა?

ჩემი აზრით მათემატიკოსებმა შექმნეს ის საფუძველი, რაზეც ახლა პროგრამისტები აკეთებენ საქმეს. ანუ, მათემატიკოსების ღვაწლი უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება. 

აკეთო ის საქმე რაც გიყვარს და ამაში ბევრი ფული გადაგიხადონ - რეალურია?

შესაძლებელია, მაგრამ ცოტა გამართლება სჭირდება. იმედი მაქვს, რომ გამიმართლებს.

iPhone თუ ანდროიდი?

ანდროიდი.

საქართველო თუ ამერიკა?

საქართველო

დაბრუნდები აშშ-ში?

აუცილებლად შევეცდები, მაგრამ სამუდამოდ გადაბარგებას არ ვაპირებ. ბავშვობიდან ასე გავიზარდე - რაც არ უნდა ვისწავლო ან გავაკეთო, მინდა, რომ საბოლოოდ ეს ცოდნა საქართველოს გამოადგეს.

P.S - ამ ინტერვიუს ჩაწერიდან ერთი დღის შემდეგ, ლაშა ლაკირბაიამ VMware-დან მუდმივი სამსახურის შეთავაზება მიიღო. მისი საკითხი გადაწყვეტილია: საჭიროა მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომი და კალიფორნიაში ჩასვლა.