ENG GEO

Search form

საბა კობახიძის და ელგუჯა არჩემაშვილის სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი იქნება მადრიდში

მაქსის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტების საბა კობახიძის და ელგუჯა არჩემაშვილის სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი იქნება მადრიდში (ესპანეთი) გასამართ სიმპოზიუმზე (EuCaP 2022), რომელიც ეძღვნება უახლეს მიღწევებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.
 
აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის წამყვან ღონისძიებად ითვლება ამ სფეროში, მეცნიერები წარადგენენ როგორც თეორიულ, ასევე ექსპერიმენტულ მიღწევებს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში თანამედროვე მასალების გამოყენებით.
 
საბას და ელგუჯას ნაშრომი ეხება მთლიანად დიელექტრიკულ ბაზაზე აწყობილ ინფორმაციის გადაცემის ხელსაწყოს ანალიზს, რომელიც მუშაობს 60 გიგაჰერცის ზევით მაღალ სიხშირეებზე. რიცხვითი შედეგების მისაღებად გამოყენებულია ნეირონული ქსელი, შესაბამისად ჯერ ხდება აღნიშნული ქსელის ე.წ. "სწავლება" და ამის შემდეგ უკვე გაწვრთნილი ნეირონული ქსელი იძლევა შედეგებს სტრუქტურის ნებისმიერი კონფიგურაციისათვის ძალიან მცირე დროში. ეს საშუალებას გვაძლებს საგრძნობლად შევამციროთ ოპტიმიზაციის დრო.
 
ნაშრომის ბაზაზე იგეგმება სხვა არაერთი ნაშრომის დაწერა როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული. ნაშრომის დაწერაში ჩართული იყვნენ პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ), დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტის (გერმანია), პოსტეხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (სამხრეთ კორეა) და ფუკუოკას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (იაპონია) სამეცნიერო ჯგუფები. ნაშრომის ხელმძღვანელია მაქსის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.