ENG GEO

Search form

ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

შეჯიბრის შესახებ:

შეჯიბრის ფარგლებში გუნდები წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. შეჯიბრის თემატიკაა სამართლიანი სასამართლოს უფლება. შეჯიბრის მსვლელობისას სტუდენტებს მოეთხოვებათ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გამოყენება.

შეჯიბრი შედგება წერილობითი დავალების წარდგენის, ტრენინგისა და იმიტირებული სასამართლო პროცესებისგან. წერილობითი დავალების შემოწმების შედეგად შეირჩევა 8 ძირითადი და 1 სათადარიგო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგსა და იმიტირებული სასამართლო პროცესში. სათადარიგო გუნდი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძირითადი გუნდი გამოეთიშება შეჯიბრს.

ტრენინგი ჩატარდება 2020 წლის 7 ნოემბერს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

იმიტირებული სასამართლო პროცესები ჩატარდება 2020 წლის 14-15 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

შეჯიბრში მონაწილეობის ხარჯები სრულად ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) მიერ. რეგიონული უნივერსიტეტების 2 სტუდენტურ გუნდს, ასევე დაუფინანსდება მგზავრობა და ცხოვრების ხარჯი შეჯიბრის მიმდინარეობისას. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონებიდან მონაწილე გუნდების რაოდენობა აღემატება ორს, დაფინანსების მიმღები გუნდების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

შეჯიბრის მონაწილე და გამარჯვებული გუნდები მიიღებენ სერტიფიკატებსა და წამახალისებელ ჯილდოებს.

მონაწილეობის წინაპირობები:

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდებს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წევრის შემადგენლობით. თითოეული უნივერსიტეტიდან შესაძლებელია წარდგენილ იქნეს არაუმეტეს 3 გუნდი.

გუნდების რეგისტრაცია:

გუნდების რეგისტრაციისთვის აუცილებელია გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ 2020 წლის 11 ოქტომბრამდე.

არსებული პანდემიური მდგობარეობიდან გამომდინარე, შეჯიბრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს online ფორმატში.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ირაკლი გვარამაძეს ელ. ფოსტაზე: i.gvaramadze@freeuni.edu.ge