ანო ჩხაიძე აშშ-დან | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ანო ჩხაიძე აშშ-დან

ანო ჩხაიძე

გულწრფელი წერილი სტუდენტობაზე, მეცნიერობანაზე და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე.

არ ვიცი საიდან იწყება ასეთი პოსტების წერა. უფრო სწორად, ვიცი, როგორ დავწერო მოკლე “დღიური” იმაზე, თუ რა ხდება ახლა ჩემს თავს და როგორ მოვხვდი აქ, მაგრამ “ზუსტად რომ ვიცი” ისეთის დაწერა არაგულწრფელი იქნება. ამიტომ ვიექსპერიმენტებ და ვეცდები, რომ იმათთვის, ვინც აპირებს, რომ ამ გზას დაადგეს, ცოტა გამოსადეგი ვიყო.

აწმყო ასეთია: ვცხოვრობ კალიფორნიაში, დევისში, ვმუშაობ UC Davis Center for Mind and Brain-ში ინტეგრირებული ყურადღების ლაბორატორიაში (რაღაც ასეთად ითარგმნება). ვიკვლევთ ყურადღებას ბევრი სხვადასხვა მეთოდით და ბევრ სხვადასხვა კონტექსტში. ვსწავლობ, რამდენად გვიშლის ან გვეხმარება რაღაც ობიექტების წინასწარ ცოდნა/არცოდნა (ცოდნაში, ტვინში ამ ობიექტის “იდეის”/“იმიჯის” ქონა იგულისხმება) კონკრეტული ყურადღების ამოცანების შესრულებაში. ამისთვის მარტივ ფსიქოფიზიკურ მეთოდებს და ე.წ. “eye tracker”-ს ვიყენებ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ოცნებას ვისრულებ, რადგან სამომავლოდ კვლევის ამ მიმართულებით მუშაობა არ მინდა, მაგრამ საინტერესოა. საინტერესოა იმიტომ, რომ სრულიად უცხო სფეროში ამოვყავი თავი და ბევრ ახალ რამეს ვსწავლობ; ისეთი ტექნოლოგიით და მეთოდებით ვმუშაობთ, რომლის გამოყენების ფუფუნებაც საქართველოში მარტო სამედიცინო სფეროში გვაქვს და არა კვლევაში (მაგ. fMRI). საინტერესო კიდევ ისაა, რომ პირველად, რომ მივედი სამსახურში, ჩემი ოფისის გვერდზე აღმოვაჩინე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეცნიერის სახელი და გვარი (საყვარელი მუსიკოსივით კი ჟღერს, მაგრამ პუბლიკაციებში ქექვა რომ გიწევს, მერე გინდა არ გინდა, საყვარელი მეცნიერებიც გყავს).

პრეისტორია:
დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და სოციალური მეცნიერებების სკოლა, რომელსაც Liberal Arts-ად მოვიხსენიებდი, სანამ დიპლომი არ ვნახე. მეორე კურსიდანვე გადავწყვიტე, რომ “ტვინის სწავლა” მინდოდა, ოღონდ არაჰუმანიტარულ ჭრილში და აგრარულის ბიოლოგიის დეპარტამენტს მივადექი.

თავიდან ვფიქრობდი, ბარემ ბიოლოგიაზე გადავალ-მეთქი, მაგრამ მიხარია, რომ გადავიფიქრე. თავისუფალ ნებაზე, ამერიკის ისტორიაზე და ჩვენი კურიკულუმით მიღებულ სხვა სიკეთეებზე რომ ველაპარაკები აქაურ მეცნიერ-ამერიკელებს, უხარიათ და უკვირთ ხოლმე. ყოველ კვირას გვაქვს ე.წ. “ლაბორატორიული შეხვედრები”, როცა ყველა თანამშრომელი ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ იმ კვირაში, ვინ რა ვქენით, ვუყვებით ჩვენს კვლევებზე და რჩევებს ვისმენთ/ვაძლევთ. ამ შეხვედრებზე ჩანს ხოლმე ყველაზე ცხადად, რომ ჩემი ბაკალავრიატის “background”-ი ძალიან მეხმარება “პრობლემის” ისეთი კუთხით დანახვაში, რომელზეც სხვებს არ უფიქრიათ და რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს. აქ სწავლის დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე მთლიანად ჩემს ხელშია ვინ და როგორი მინდა ვიყო და რომ ყველაფრის სწავლა შემიძლია (მარტივად ჟღერს, მაგრამ მაგის აღმოჩენა, გააზრება და იმპლემენტირება არცისე მარტივი პროცესია).

მერე ჩავაბარე აგრარულის და თავისუფალის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ეს პროგრამა, მაინც გადაწყვეტილი მქონდა, რომ სადოქტორო პროგრამაზე ამერიკაში მინდოდა სწავლა.

პრაქტიკული ნაწილი:
გაფრთხილება - თუ დარწმუნებულები არ ხართ, რომ მეცნიერება გინდათ, სხვა უფრო მარტივ გზებს დაადექით. მარტივს არა იმიტომ, რომ თვითონ მეცნიერებაა სხვა რამეზე რიგით რთული, არამედ იმიტომ, რომ საშინელი, გრძელი, რუტინული და ბიუროკრატიული პროცესების გავლა მოგიწევთ. გზად ბევრჯერ იფიქრებთ, რომ უაზრობაა ეს ყველაფერი და ბევრჯერ ვერ მოიფიქრებთ არგუმენტს, თუ რატომ ღირს არაფრისმომცემი GRE-ის სიტყვების სწავლისთვის მეგობრებთან ერთად დალევის გაწირვა (ან ნებისმიერ სხვა რამის, მაგრამ ძირითადად ალკოჰოლთან დაკავშირებული იდეები გხიბლავს მაგ დროს). ამ დროს თუ ის “დიადი” კვლევის იდეა გახსენდებათ, ძალიან რომ გაინტერესებთ და თან ნობელი რომ უნდა აგაღებინოთ, მაშინ რამდენიმე თვე გაუძელით და მერე - აქ ძალიან მინდა გითხრათ, რომ მერე ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მერე სინამდვილეში შეიძლება კიდევ ცოტა ხანს გაძლება მოგიწიოთ იმიტომ, რომ ეს პროცესი კიდევ ძალიან ჰგავს ლატარეას, რომელშიც უბრალოდ უნდა გაგიმართლოთ. ამ დროს ძალიან მარტივია, რომ თავი მოიტყუო, რომ წელს მზად არ ხარ (და სხვა ათასი არგუმენტი მოიფიქრო) და გადაავადო ამ პროცესის გავლა. ხშირად გაიხსენეთ ხოლმე, რომ თავი არ უნდა მოიტყუოთ — არ ჟღერს, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევაა. არგამართლების შიშით და საკუთარი თავის მოტყუებით შარშანდელი წელი ფაქტობრივად “დავკარგე”, თუმცა ბოლო წამს მაინც გავგზავნე აპლიკაცია იმ ერთადერთ უნივერსიტეტში, რომლის დედლაინიც გასული არ იყო. გამიმართლა და მიმიღეს St. John’s University-ში. თუმცა გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის უფლება მიმეცა, რომ 1 წელი “აკადემიური” ამეღო და “ოცნების” უნივერსიტეტებშიც გამეგზავნა აპლიკაცია. ოცნების, ანუ, გუგას, წინა ბლოგის ავტორის მეზობლად რომ არის და მიმდინარე კვლევები რომ ჩემს ინტერესებს ემთხვევა. აი, ახლა ზუსტად ამ ოცნების უნივერსიტეტებს “ვებრძვი”.

ყველაზე სევდიანი ამ პროცესში ის არის, რომ ბევრი დრო მიაქვს, რომლის განმავლობაშიც არაფერს სწავლობ საინტერესოს. მაგრამ არაუშავს, სულ რაღაცებს ხომ არ ვისწავლით.
ბევრი ფიქრის მერე, დავასკვენი, რომ ეს პროცესი ერთგვარი განსაწმენდელია, სანამ დიადი აკადემიის კარს გაგვიღებენ.

ის კი უნდა ვაღიარო, რომ მთელი ცხოვრება შენი საქმე “რატომ”/“როგორ” კითხვაზე პასუხის ძიება რომ არის და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში რომ გიხდიან ხელფასს, ერთი-ორი ისეთი განსაწმენდელის გამოვლაც ღირს და სამი-ოთხისაც.

ამის წაკითხვის შემდეგ, მოტივაცია ვინმეს თუ გაგიჩნდათ, ტატო და ნუცა სარეკომენდაციოებს არ დაიშურებენ, თქვენ კარგი მუსიკა მოიმარაგეთ და მე ბევრ წარმატებას გისურვებთ.

P.S. მადლობების და ცრემლების ნაწილი:
ამ პოსტს ალბათ ის პოტენციური სტუდენტებიც წაიკითხავთ, თავისუფალში ჩაბარებაზე რომ ფიქრობთ და ჯერ სულ არ გაინტერესებთ PhD-ის და ეგეთი შორეული მომავლის ამბები. თავისუფალი რომ რეიტინგებში მუდამ პირველია, ეგ ისედაც იცით. ჩემთვის ამ ფაქტზე უფრო მნიშვნელოვანი, ღირებული და აღმაფრთოვანებელი (ყველა ამ ეპითეტს აქვს მნიშვნელობა და ტყუილად არ გამომიყენებია) იმის აღმოჩენა იყო, რომ თუ აჩვენებ, რომ რაღაც ნამდვილად გაინტერესებს/გინდა, აუცილებლად დაგეხმარებიან. ჩემს შემთხვევაში, ფაქტობრივად პირადი ბიოლოგიის ფაკულტეტი გამიხსნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაინტერესებდა."

ანომ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა.