ENG GEO

Search form

ირაკლი გუდავაძე აშშ-დან:

ირაკლი გუდავაძე

ოსტინში ჩემი სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამის პირველი სემესტრი იწურება და ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბაკალავრიატზე მიღებული საფუძველი აქაური კურსების დასაძლევად საკმარისია, ლექციების ძირითადი ნაწილი გასაგებია და სიახლეც ცხადია - არის.

კვლევაშიც უკვე ჩავერთე, არაწრფივი დინამიკის ცენტრში ბიოფიზიკის მიმართულებით. უმრავლესობას დამხმარე მასწავლებლად გვამუშავებენ ბაკალავრიატის სტუდენტებთან და ასე ვიღებთ ხელფასს.

ეს ხელფასი საკმარისია უნივერსიტეტისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად, აგრეთვე თავისუფალი უნივერსიტეტის გარდამავალი დაფინანსების თანდათან გადასახდელად.

შეთანხმების მიხედვით, მე სხვა მრავალი სტუდენტის მსგავსად თავისუფალ უნივერსიტეტში 4 წლის განმავლობაში სწავლის საფასური არ გადამიხდია და ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ დავიწყე თანხის ეტაპობრივი დაფარვა.

უნდა აღვნიშნო, რომ ოსტინში ხშირად ჩამოდიან ცნობილი მუსიკოსები. ყოველდღე რაღაც ხდება, სხვადასხვა ღონისძიებას შეგიძლია დაესწრო, ძირითადად კონცერტებს.

ხალხი თბილია და არ გზარდება დახმარებას.

ჩამოსვლიდან მეორე დღეს რამდენიმე ადგილას მომიწია წასვლა საყიდლებზე, რადგან აეროპორტში ბარგი დაიკარგა (რამდენიმე დღის შემდეგ ჩამომიტანეს). მობილური ტელეფონისთვის ამერიკული სიმ ბარათი და შესაბამისად GPS არ მქონდა და ბევრი ხალხის შეწუხება მომიწია გზის გასაგნებად.

ყველა მათგანი მაქსიმალურად და ხალისით დამეხმარა.

ჯერჯერობით დრო გასართობადაც მრჩება. კურსელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვიქენდებზე ბარში ვსხდებით ან ერთმანეთს ვსტუმრობთ ხოლმე.

კვირის დღეებში ლექციების შემდეგ ხშირად მაგიდის ჩოგბურთსაც ვთამაშობთ.

ირაკლი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებულია. ამჟამად სწავლობს ტეხასში, ოსტინის უნივერსიტეტის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამაზე.