ENG GEO

Search form

ლაშა ლაკირბაია აშშ-დან

ლაშა ლაკირბაია

წელიწადზე ცოტა მეტია, რაც სამუშაოდ ამერიკაში ჩამოვედი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა და გზადაგზა რამდენჯერმე გამიმართლა კიდეც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამუშაო ვიზის აღების ალბათობა დაახლოებით 40% იყო. 

ჩემი კომპანია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით ქმნის პლატფორმას, რაც სხვა ორგანიზაციებს ეხმარება თავიანთი მარკეტინგის გაუმჯობესებაში.

აქ ძალიან ბევრი ტექნოლოგიური კომპანიაა და სტანდარტები მეტნაკლებად ყველგან მაღალია. ინჟინრების დიდი ნაწილი ძალიან ცნობილი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. ამის გამო თავიდან ვფიქრობდი, რომ დიდი შრომა დამჭირდებოდა არა იმისთვის რომ კომპანიაში გამორჩეული ინჟინერი გავმხდარიყავი, არამედ უბრალოდ ჩემი საქმე რომ შემესრულებინა.

საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და აღმოვაჩინე, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში ნასწავლი საკმარისზე ბევრად მეტი იყო დასაწყისისთვის და საკმაოდ ადვილი გამოდგა საქმეში ჩართვა.

აქაურმა სამუშაო კულტურამ ჩემს პირად მოლოდინებს გადააჭარბა. გარშემო ბევრი ჭკვიანი ადამიანია და მათთან ერთად მუშაობით ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გარემო თავისუფალია და საბედნიეროდ დილით ძალიან ადრე ადგომა არ მიწევს.

ყველაზე მეტად რაც მომწონს, მეგობრული გარემოა და ნებისმიერ დროს შეგიძლია ნებისმიერ ადამიანთან მიხვიდე და რაც გინდა ჰკითხო, რაზეც აუცილებლად დაწვრილებით გიპასუხებენ და თუ რამეს ან ვერ აკეთებ ან რამე გაურკვეველია, გარშემო ყველა ისე მოიქცევა თითქოს თავიანთი საკუთარი პრობლემაა და ყველაფრით ეცდებიან დახმარებას. ასეთ ვითარებაში მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. 

აქ გადმოსვლა და ადაპტაცია ჩემთვის რთული არ ყოფილა. ცხადია, არასდროს არის სასიამოვნო, როცა ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან ასე შორს ხარ, თუმცა ვგრძნობ, რომ სწორად ვიქცევი და ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ვიღებ. აქაც ბევრი რამეა ისეთი, რაც საქართველოში ვერ მექნება და ვცდილობ რომ ეს მაქსიმალურად გამოვიყენო.

ვმოგზაურობ, დავდივარ კონცერტებზე და ვხვდები ადამიანებს, რომლების მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან არიან ჩამოსულები. ეს ძალიან სასიმოვნოა, რადგან მათთან საუბრებით ბევრ საინტერესო რამეს სწავლობ მსოფლიო კულტურაზე და ხვდები, რომ ზოგი რამ, რაც არ მოგვწონს მხოლოდ ქართული სენი არ არის და სხვა ქვეყნებსაც აქვთ ან ჰქონდათ მსგავსი პრობლემები.

ლაშამ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლა.
მუშაობს აშშ-ში, კომპანიაში Rocket Fuel Inc.