ENG GEO

Search form

თამუნა ქოჩაკიძე დიდი ბრიტანეთიდან

თამუნა ქოჩაკიძე

2013 წელს, როდესაც თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დავამთავრე, გადავწყვიტე სწავლა ევროპაში გამეგრძელებინა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მოვიპოვე ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამისთვის სასწავლო გრანტი. 

განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი იმ ფაქტით, რომ ერთი წელი ლონდონში ვიცხოვრებდი, რაზეც დიდი ხნის მანძილზე ვოცნებობდი. ლონდონში დამოუკიდებლად ცხოვრებამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. გავიცანი ადამიანები მთელი მსოფლიოდან, გავიჩინე ყველაზე თბილი მეგობრები, ვიმოგზაურე ინგლისის თითქმის ყველა მხარეში, ავითვისე პაბების განსაკუთრებული ტრადიცია და ლონდონში რუკის გარეშე გზის პოვნაც ვისწავლე.

სულ ორი კვირის წინ, ავიღე დიპლომი სამაგისტრო პროგრამის წარჩინებით/Distinction დასრულებისთვის. ალბათ, ეს მთელი წლის ერთ-ერთი შთამბეჭდავი დღე იყო.მივხვდი, რომ შევძელი ქვინ მერიში გამომეყენებინა ის პრაქტიკული უნარები და ცოდნა, რაც თავისუფალ უნივერსიტეტში მივიღე. 

ღიმილის მომგვრელია, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ჩემი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი დარმწუნებული იყო რომ საფრანგეთიდან ვიყავი. ბოლოს მითხრა, ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ნებისმიერს მიეღო ევროპული დონის განათლება.

ამის შემდეგ არ ვუშვებდი არც ერთ შესაძლებლობას, რომ ჩემი მეგობრებისთვის არ მომეყოლა თავისუფალი უნივერისიტეტის შექმნის ისტორიასა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში. 

ამ პერიოდში ემოციურად რთული 2014 წლის შემოდგომა იყო, როდესაც ბატონ კახას ხშირად ვხვდებოდი ლონდონში. გულს მტკენდა იმის გააზრება, რომ ადამიანი, რომელმაც განათლების სისტემაში ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა, იძულებული იყო დაეტოვებინა მისი შექმნილი უნივერსიტეტი და საცხოვრებლად ინგლისში გადმოსულიყო. 

კახა ბენდუქიძემ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ფორმით ყველასთვის შექმნა განვითარების და შესაძლებლობების საუკეთესო გარემო, და ვნანობ, რომ ამისთვის მადლობა საჯაროდ არასოდეს მითქვამს.

მინდა, ყოველთვის გვახსოვდეს ადამიანი, რომელიც იყო თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი და საქართველოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკური რეფორმების ავტორი.

თამუნამ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად აიღო ლონდონის Queen Mary University-ს სამაგისტრო პროგრამის დიპლომი.