ENG GEO

Search form

სანდრო წერეთელი აშშ-დან

სანდრო წერეთელი

მეოთხე კურსზე მუშაობა ბანკში დავიწყე, თუმცა, უნივერსიტეტის დამთავრებიდან 2 თვის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამერიკის სამხედრო აკადემიის დამამთავრებელ კურსზე სწავლობდა, მომაწოდა იდეა რომ ჩამებარებინა აკადემიაში.

თავიდან არ ვფიქრობდი სერიოზულად ამაზე, მაგრამ ამის სურვილი ყოველთვის მქონდა ქვეცნობიერად, ვინაიდან ჩემი ბავშობის მეგობარი სწავლობდა იქ და ასევე რამოდენიმე ნაცნობი. აქტიურად დავიწყე გამოკითხვა თუ რა იყო საჭირო იქ მოსახვედრად. თავიდანვე გავაცნობიერე, რომ შანსი მცირე იყო, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოველ წელს აცხადებს კონკურსს, სადაც დაახლოებით 30-40-მდე მსურველი იღებს მონაწილეობას. კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან: ეს არის ფიზიკური ტესტირება (ნორმატივები), TOEFL გამოცდა SAT ან ACT გამოცდები. კარგი ქულების მიღების შემთხვევაში ბოლო ეტაპი არის ამერიკელ ოფიცრებთან გასაუბრება.

გარდა ამისა, მოვიძიე ინფორმაცია თუ როგორია ცხოვრება აკადემიაში, რას აკეთებენ კადეტები ყოველდღიურად და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ ცხოვრება მსგავს დაწესებულებაში ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო და გამოწვევებით სავსე. მივიღე გადაწყვეტილება, რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს აუცილებლად უნდა მოვხვდე ამ 4 აკადემიიდან ერთ-ერთში. განსაკუთრებულად რომელიმე არ მიზიდავდა, ვინაიდან ოთხივე აკადემიაში მსგავსი რეჟიმი და ერთი დონის სწავლებაა.

წამოვედი სამსახურიდან, რათა მთელი დრო დამეთმო მომზადებისთვის. თავისუფალ უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნა ძალიან დამეხმარა. იმ ფაქტმა, რომ საქართველოში ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს აქ მოხვედრაში, ვინაიდან წამსვლელთა მსურველების უმეტესობას მხოლოდ სკოლის ატესტატი აქვს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო - გამიმართლა და 2015 წელს ჩავირიცხე სანაპირო დაცვის აკადემიაში (U.S. Coast Guard Academy).

ამ ზაფხულში გავიარე საკარანტინო კურსი, რაც მოიცავს 7 კვირიან ინტენსიურ ტრეინინგს, რომლის მიზანია ჩვეულებრივი სამოქალაქო პირის სამხედრო პირად გადაქცევა.

უნდა ვაღიარო, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული 7 კვირა. ვისაც ამ ამბავს ვუყვები, ყველა ფიქრობს, თითქოს ფიზიკურად გამიჭირდა. რა თქმა უნდა, არც ეს ყოფილა იოლი, მაგრამ ყველაზე ძლიერად აქ მორალურად იტვირთები. უბრალოდ, მთავარია შენ თავთან გადაწყვიტო, რომ ეს გინდა და ეს ამად ღირს, შენ თავში უნდა შეძლო და გადალახო ის, რასაც აქამდე ვერ წარმოიდგენდი რომ შეძლებდი.

აგვისტოს ბოლოდან დაიწყო სწავლა. რეჟიმი არის მკაცრი და რთული. ყოველდღე ვიღვიძებთ დილის 5:40 საათზე. შემდეგ საუზმე, სამხედრო ტრეინინგი, კლასები, სპორტი. საღამოს ვიწყებთ მეცადინეობას და ხანდახან ღამის 12-მდე ან 1-მდე გვიწევს ფხიზლად ყოფნა. შესაბამისად, ძილი აქ ყველაზე ძვირად ფასობს.

გარემო ძალიან მეგობრულია. ზოგადად, ამერიკელები არიან ძალიან მეგობრულები და სამხედრო მოსამსახურეები, მიუხედავად დისციპლინარული მოთხოვნებისა, ძალიან უშუალოები. ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ჩემმა წინამორბედებმა ამ აკადემიაში წარმატებული და დიდი სახელი დატოვეს. სამწუხაროდ ჩვენი 2 კადეტი, სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ავტოავარიაში დაიღუპნენ 2015 წლის 7 მარტს. ამ ბიჭების ხსოვნას ამ აკადემიაში ძალიან დიდ პატივს სცემენ. რთულია ასეთი კადეტების დანატოვარის გაგრძელება, ვინაიდან ორივე გამორჩეული იყო. ზოგადად, არაა მარტივი იყო საერთაშორისო კადეტი მსგავს დაწესებულებაში, რადგან საკუთარი თავისა და ოჯახის გარდა საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

აქვე, უნდა ვაღიარო, რომ ასეთ რთულ რეჟიმს არ ველოდი. როდესაც პირველ კურსზე ხარ ცდილობ ძალიან ბევრი რამის ერთად შეთავსებას: სამხედრო ტრეინინგები, სპორტი (სავალდებულოა) და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი - უშუალოდ სკოლა. პირველ კურსზე გვიწევს გავიაროთ თითქმის ყველა საგანი: ქიმია, კალკულუსი, ისტორია, აკადემიური წერა, ინჟინერია, მაკროეკონომიკა, ნავიგაცია, ფიზიკა. აქ რომ მსგავსი კურიკულუმი დამხვდა, მაშინ გავაცნობიერე თუ რისთვის გვასწავლიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს პირველ და მეორე კურსზე ზემოთ ჩამოთვლილი საგნების უმეტესობას. ამ ფაქტმა უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ პირველი სემესტრი ასე თუ ისე წარმატებით დავასრულე.

ვთამაშობ რაგბის, დავდივარ სხვადასხვა შტატში სათამაშოდ და მოგზაურობაშიც მეთვლება. რაგბის თამაშიც ასევე თავისუფალ უნივერსიტეტში დავიწყე, როდესაც მეორე კურსზე სამოყვარულო გუნდი ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი აკადემიის გუნდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კონფერენციაში, ასე რომ ძალიან მიხარია რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.

მიუხედავად დაძაბული და მძიმე რეჟიმისა, ვამაყობ მსგავს გარემოში ყოფნით, რადგან სწორედ ასეთ რეჟიმში ხდება შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და ბევრი საინტერესო ხალხის კარგად გაცნობა.

სანდრომ დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ამჟამად სწავლობს აშშ სანაპირო დაცვის აკადემიაში.