ENG GEO

Search form

გვანცა ხაბალაშვილი ჩინეთიდან

გვანცა ხაბალაშვილი

გამარჯობა, მე ვარ გვანცა ხაბალაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი. ბიზნესის პარალელურად უნივერსიტეტში ჩინურ ენას ვსწავლობ, მესამე კურსის ბოლოს მოვიპოვე კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია და ერთი სემესტრით ლანჭოუს უნივერსიტეტში ვაგრძელებ ჩინური ენის შესწავლას.

ჩინეთში ჩამოსვლის პირველივე საათიდან ჩემი ცხოვრება ამოყირავდა. აღმოვჩნდი ჩემი ჩვეული გარემოსგან აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში, სადაც ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიმეღო და პასუხისმგებლობაც მთლიანად საკუთარ თავზე უნდა ამეღო. გარკვეული დროის განმავლობაში ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავდა „თარგმანში დაკარგულების“ სიუჟეტს. თავდაპირველი მცირე თუ დიდი კულტურული შოკების გამო ჩემსა და გარე სამყაროს შორის ძალიან დიდ ბარიერს ვგრძნობდი. თუმცა თანდათან ბარიერი ჩამოიშალა. ეს კი უმეტესად ჩემი კლასელების დამსახურებაა.

ერთ-ერთი მათგანი ფავაზია, ექიმი იემენიდან. ფავაზი უკვე ერთი წელია ლანჭოუში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. იემენში ახლა სამოქალაქო ომია, ამიტომ ის ჩინეთში გადმოსახლდა დროებით ცოლთან და ორი წლის ქალიშვილ ნორანთან ერთად. სამივე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ერთ ოთახში ცხოვრობს, დერეფანში ხშირად დაინახავთ მოხტუნავე პატარა ნორანს, რომელიც ყველას ღიმილით ესალმება ჩინურად. ნორანს ძალიან უყვარს ჩახუტება. ლექციებს შორის, დასვენებაზე ფავაზი აუდიტორიის ბოლოში შლის ხალიჩას და ნამაზს კითხულობს. ლექციებიდან ადრე უწევს ხოლმე წასვლა, ნორანის საბავშვო ბაღში მისვლა რომ არ დააგვიანდეს. ფავაზს ძალიან კეთილი ღიმილი აქვს.

ჩემს კლასში ყველაზე მხიარული სტუდენტი რაზიაა, გოგონა ავღანეთიდან. მისი ოჯახი ამჟამად ავსტრიაში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს. ის ხშირად ხუმრობს იმაზე, თუ რა კარგია დაგვიანება, რადგან ერთხელ სწორედ არაპუნქტუალურობის გამო გადაურჩა დაბომბვას ქაბულში. რაზიას ბევრი გეგმა აქვს. მას სურს განათლების მიღების შემდეგ ქაბულში დაბრუნება და სკოლის გახსნა.

ჩემი ფრანგი კლასელები ლორა და სოფია პარიზელები არიან. კარგად მახსოვს პარიზის ტერაქტის მომდევნო დღის განწყობა. ჩემი მუსულმანი კლასელელები ერთად გმობდნენ მომხდარს და ბედნიერები იყვნენ, რომ სოფიას და ლორას ოჯახები უმსხვერპლოდ გადაურჩა წინა დღის მოვლენებს. 
მსოფლიოში უამრავი პრობლემა არსებობს. მათ მიმართ გულგრილობა უმეტესად იმით არის გამოწვეული, რომ თითოეულ პრობლემას საკუთარი არეალი აქვს, საზოგადოების უმეტესობა კი მის საზღვრის გარეთ იმყოფება. პრობლემას კუთვნილების ფორმა აქვს, თუკი პრობლემა შენზე გავლენას არ ახდენს, ის შენი პრობლემა არ არის. სწორედ ამიტომ მის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებ. მსოფლიოს მასშტაბები კიდევ უფრო ართულებს ინდივიდების ჩართულობას, რადგან ესა თუ ის პრობლემა მათგან ძალიან შორს ჩანს.

ჩინეთში წამოსვლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბები ჩემთვის იმდენად შემცირდა, რომ თითქმის ჩემს კლასში ჩაეტია. მე ყოველდღე ვხედავ მსოფლიო კონფლიქტების შედეგებს ჩემი კლასელების სახით, სწორედ ამიტომ ის ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, მათი პრობლემა უკვე ჩემიც არის. 
ხშირად ვფიქრობ, რა შეცვალა ჩინეთმა ჩემში გარდა თმის ფერისა. ჯერჯერობით პასუხი ასეთია - ჩინეთმა მასწავლა, რომ თუკი დიდი ნაბიჯებით ვივლი, სამყარო ბევრად უფრო პატარა იქნება, ვიდრე მეგონა. საზღვრები ფორმალურია - იმის მაგივრად, რომ კონკრეტულ მოვლენას შენთვის „უცხო“ ვუწოდო, სჯობს მის გაგებას შევეცადო. მას შემდეგ, რაც ბოლომდე გავაცნობიერე, რომ ყველა ადამიანის გრძნობების ენა საერთოა, მე უკვე აღარ ვარ თარგმანში დაკარგული.

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, რომ „თვალები ფართოდ გამეხილა“, მესწავლა მოვლენების რეალურად შეფასება და თითოეულ საკითხზე საკუთარი აზრის ქონა. „ფართოდ გახელილი თვალებით“ კი უკეთესად შეიძლება დანახვა, რომ შენი პოტენციალი ბევრად დიდია, შეგიძლია უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა და მსოფლიოს გარკვეულწილად შეცვლა, რადგან ის ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე აქამდე გეგონა."

გვანცა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტია. შარშან კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდია მოიპოვა და ერთი სემესტრით ლანჭოუს უნივერსიტეტში აგრძელებს ჩინური ენის შესწავლას.