გიო ჭანტურია პოლონეთიდან | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

გიო ჭანტურია პოლონეთიდან

გიო ჭანტურია

კარგად მახსოვს, როგორ დავთმე გაცვლითი პროგრამები, აბიტურიენტი რომ ვიყავი და "თავისუფალში" ჩავაბარე. ამ წლების განმავლობაში ერთხელაც არ მინანია ეს გადაწყვეტილება. წელს კი აღმოჩნდა, რომ თურმე არც არაფერი დამითმია.
ჩამოვედით ვალენტინობისას. წვიმდა.

არა, მართლა... თითქმის ხუთი თვეა უკვე აქ ვარ და ბარემ მოგიყვებით ამბებს.

"მწვანე მთის უნივერსიტეტის" (Zielona Gora რომ ვთარგმნოთ) ფიზიკის ფაკულტეტი საკმაოდ კარგად ორგანიზებული აღმოჩნდა. აქაური ლექტორები თან ლექტორობენ, თან მეცნიერობენ. როგორც ჩვენები. ძირითადი განსხვავება ალბათ ისაა, რომ თუ ჩვენები (აქვე ვთანხმდებით, რომ "ჩვენებით" აქ "თავისუფალი უნივერსიტეტის" ფიზიკის სკოლის ლექტორები მყავს აღნიშნული) თეორიული ფიზიკის დარგებში მოღვაწეობენ, აქაურები, უმეტესად, ექსპერიმენტობენ.

ძირითადად, ასტროფიზიკოსებთან გვქონდა შეხება. ასტრონომია ცალკე ფაკულტეტად ითვლება აქ და პროფესორებიც ბლომად არიან. მათ შორის, ჩვენი თანამემამულე - გოგი მელიქიძე, რომელიც, ჩვენს აქ ყოფნაში თვალსა და ხელს შუა გაგვიპრორექტორდა. ბევრ რამეში დაგვეხმარა გოგი, თითქმის ყველაფერზე ვაკითხავდით, რაც დაგვჭირდებოდა.

ხუთიოდე საგანი გავიარე, კვანტური, ატომური და კიდევ მრავალგვარი ფიზიკა. უმეტესობა ემთხვეოდა იმ საგნებს, რასაც ჩემი (ნამდვილი) ჯგუფელები გადიოდნენ ჩემს არყოფნაში და იმედი მაქვს, ძალიანაც არ ჩამოვრჩები.

ცხადია, თანატოლებიც გავიცანი. ძირითადად, ესპანელები (ზეთის სწორად გამოყენება მასწავლეს. ჩამოვალ და მოგიყვებით) და ვიეტნამელები, ერთი-ორი ბერძენიც. კარგი ხალხია. ბევრიც წინა სემესტრიდან იყვნენ შემორჩენილები და ახალბედებს გამოცდილებას გვიზიარებდნენ მაქსიმალურად. აქ სიტყვა "იყვნენს" სევდიანი დატვირთვა სულაც არ აქვს: საქმე ისაა, რომ თითქმის ყველა წავიდა უკვე მშობლიურ ქვეყანაში და სულ ერთი კვირით შემოვრჩი მეც.

ცუდი არაა აქ, მშვიდი ქალაქია, პატარა.

ცოტას ვისვენებ ეს დღეები, ჩამოსვლამდე, დავდივარ აქეთ-იქით. დღეს კიდევ ერთი შველი ვნახე მატარებლიდან.

და თუ იფიქრებთ, მოფიზიკოსო ტიპია, რა ეშველებაო... როგორ არ მეშველება. მეც მეშველება, თქვენც გეშველებათ. ქვეყანასაც ეშველება.

თქვენი გიორგი.

გიო ჭანტურია თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მესამე კურსელია. ამჟამად პოლონეთში, ზელონა გორას უნივერსიტეტში გაცვლითი სემესტრით სწავლობს და სექტემბრიდან სწავლას ისევ თავისუფალ უნივერსიტეტში გააგრძელებს.