GE

შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში 2024

21 მარტი 2024

2024 წლის 24-25 თებერვალს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა ყოველწლიური შეჯიბრი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში.

2024 წლის შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 6 გუნდი 5 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (2 გუნდი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე, 2024 წლის 17-18 თებერვალს გუნდებმა გაიარეს 2-დღიანი ინტენსიური ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა იურიდიული ფირმა BGI Legal-ის პარტნიორი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სანდრო ბიბილაშვილი. ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიენტის კონსულტირების საბაზისო და აუცილებელი უნარ-ჩვევების შესახებ, უყურეს ვიდეო ამონარიდს კლიენტთა კონსულტირების ამერიკული შეჯიბრიდან, ხოლო შემდგომში იმსჯელეს აღნიშნული სესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ტრენინგის მეორე დღე სრულად დაეთმო კონსულტირების პრაქტიკულ ნაწილს. კერძოდ, თითოეულმა გუნდმა ჩაატარა კონსულტირების სესია პროფესიონალი მსახიობის/კლიენტის წინაშე და სცადა გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები კლიენტის კონსულტირების უნარებში. თითოეული სესიის ბოლოს, გუნდებმა მიიღეს დეტალური შეფასება და უკუკავშირი, როგორც ტრენერისგან, ასევე, უშუალოდ კლიენტისგანაც.

შეჯიბრი გაიმართა 24-25 თებერვალს. 24 თებერვალს ჩატარდა ჯგუფური ეტაპის სესიები. 6 გუნდი განაწილდა 2 ჯგუფში. თითოეულ ჯგუფში გამარჯვებული გუნდი გადავიდა შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე, ხოლო ფინალური ეტაპის მესამე საგზური მოიპოვა საუკეთესო შედეგის მქონე მე-2 ადგილოსანმა გუნდმა. 25 თებერვალს შედგა ფინალური სესიები.

შეჯიბრის გამარჯვებული გახდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი თამარ ტყეშელაშვილის და ბაჩანა ფირცხალაშვილის შემადგენლობით, მეორე ადგილზე გავიდა ასევე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი, რომლის წევრები იყვნენ ანა ფხაკაძე და მარიამ ღიბრაძე.

შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებელი გახდა მე-3 ადგილზე გასული გუნდის წევრი - ნინო ლომიძე, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტიდან.

გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც ჩატარდება 2024 წლის 10-13 აპრილს პოლონეთის ქალაქ ლუბლინში.

21 03 5 21 03 6 21 03 7