GE

ოთარ გულბანი სწავლას University of Michigan-ში აგრძელებს

16 ივნისი 2025

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ოთარ გულბანი სწავლას University of Michigan-ში, ანთროპოლოგიისა და ისტორიის ინტერდისციპლინარულ სადოქტორო პროგრამაზე, სრული დაფინანსებით აგრძელებს.

ოთარი ჩაირიცხა 5-წლიან სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც არა მხოლოდ სწავლის საფასურს, არამედ სტიპენდიასაც მოიცავს.

University of Michigan-ის ინტერდისციპლინარული სადოქტორო პროგრამა იმ იშვიათ პროგრამათაგანია, რომლებიც აერთიანებენ ისტორიისა და ანთროპოლოგიის დეპარტამენტებს. მიჩიგანის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროგრამა მსოფლიო რეიტინგში მე-11-ე ადგილს იკავებს, ხოლო ისტორიის პროგრამა შეერთებული შტატების მასშტაბით მე-2 ადგილზეა.

ოთარ გულბანის სადოქტორო კვლევა საბჭოთა კავშირის სამედიცინო მეცნიერებებს პოლიტიკური ეპისტემოლოგიის და მეცნიერების სოციოლოგიის ჭრილში გააანალიზებს და გამოიკვლევს ქართველი სპეციალისტების როლს სსრკ-ს სამეცნიერო ინსტიტუციების ჩამოყალიბებაში. კვლევის ეს ხაზი მჭიდრო კავშირშია მის სამაგისტრო ნაშრომთან, რომელიც 2024 წელს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში დაიცვა. ნაშრომი შეეხებოდა სვანეთში იოდის ნაკლებობის მკურნალობასთან დაკავშირებულ სოციო-პოლიტიკურ პროცესებს 1920-1930-იან წლებში.

სადოქტორო კვლევის ფარგლებში ოთარი იმუშავებს საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთ წამყვან მკვლევარ დაგლას ნორთროპთან, რომლის ავტორობით გამოსულია არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, მათ შორის — Veiled Empire, რომელიც AAASS-ის W. Bruce Lincoln Book Prize-ის მფლობელია. დაგლას ნორთროპი კარგად იცნობს საბჭოთა კონტექსტსა და ცენტრი-პერიფერიის ურთიერთობებს, რაც ოთარის კვლევისთვის მნიშვნელოვანია.

Otar Gulbani