ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა (2008-2012) ანა კიკნაძემ მოიპოვა გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (Internationales Parlaments-Stipendium 2017 (IPS), რის საფუძველზეც 5 თვის განმავლობაში იმუშავებს გერმანიის ბუნდესთაგის პარლამენტართან, მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრთან (CDU - Christlich Demokratische Union). გერმანიის პარლამენტის სტიპენდიის მიღებამდე, ანამ გაიარა სტაჟირება საქართველოს საელჩოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ასევე მუშაობდა გერმანიის კვლევით-ანალირიკურ ცენტრში SWP (Stuftung Wissenschaft und Politik/ German Institute for International and Security Affairs) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის განყოფილებაში.
იაპონიის საელჩომ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს იაპონური ენის ოთახის მოწყობასა და აპარატურის შეძენის მიზნით გრანტი დაუმტკიცა! საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.
სამართლის სკოლის სტუდენტების მორიგი გამარჯვება! 25 და 26 თებერვალს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა თამარ გოგიბერიძის, ნიკოლოზ ნებულიშვილის, თეიმურაზ სვანიძისა და ელენე სამადბეგიშვილის შემადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული პროცესის, თბილისის მე-6 მოსამზადებელ შეჯიბრში. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველ ადგილზე გავიდა! შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 12 გუნდი, მათ შორის, გერმანიის, ლატვიის,თურქეთის, ნიდერლანდების და საქართველოს უნივერსიტეტები. შეჯიბრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა მარმარას უნივერსიტეტის (თურქეთი),ლატვიის უნივერსიტეტის (ლატვია), ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია), ბონის უნივერსიტეტის (გერმანია), პასაუს უნივერსიტეტის (გერმანია), რუსეთის ეკონომიკის სკოლის (რუსეთი) გუნდებს. გამარჯვებული გუნდი ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ ავსტრიაში გაემგზავრება! მოსამზადებელი შეჯიბრის ორგანიზატორია არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო (AIG), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) და GIZ-ის მხარდაჭერით.
თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტი და ლექტორი ნინო ქილარჯიანი ლეიდენის აზიის კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი გახდა. ნინოს კვლევის საგანი ეხება წარმოშობის ბუდჰისტურ ფილოსოფიას ვასუბანდჰუს „ლოკანირდეშაში“ („აბჰიდჰარმაკოშა და ბჰაშია“ ნაწილი მესამე).
კაჭრეთში ჩატარდა ფინალი იმიტირებული სასამართლო პროცესის, რომელიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემას მიეძღვნა. ფინალში გაიმარჯვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა - "Bona Fide". გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ იურიდიული ლიტერატურა და პლანშეტური კომპიუტერები. ასევე, გამარჯვებულები, 2017 წლის განმავლობაში ასევე, გაივლიან კვლევით პრაქტიკას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტში.
ოქსფორდის წმინდა ანტონის კოლეჯში საქართველოსადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მართვისა და საზოგადოებრივი ემცნიერებების სკოლის დეკანმა, ნიკოლოზ ალექსიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღანელმა, ნუცა ბათიაშვილმა მიიღეს. კონფერენცია წმინდა ანტონის კოლეჯის ხელმძღვანელის, პროფესორ მარგარეტ მაკმილანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. კონფერენცია სამი ნაწილისგან შედგებოდა: პირველი ნაწილი ოქსფორდში საქართველოს შესწავლას ეხებოდა, მეორე - საქართველოს ისტორიის კვლევას წარმოადგენდა, ხოლო მესამე ნაწილი მრგვალ მაგიდას, სახელწოდებით „საქართველო თანამედროვე ფოკუსში" დაეთმო.
28-29 იანვარს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა, რომელიც სტუდენტური შეჯიბრის - სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევები შემადგენელი ნაწილია. ტრენინგი სტუდენტებისა და მათი მწვრთნელების შეჯიბრისთვის მომზადების მიზანს ემსახურებოდა. ტრენერებმა, ქეთევან ჩომახაშვილმა და გირშელ ძებნიაურმა შეჯიბრში მონაწილეობის მსურველ სტუდენტურ გუნდებს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესისთვის ადვოკატის აუცილებელი უნარ-ჩვევების ძირითადი საკითხები გააცნეს. ტრენინგზე გამოყენებული სასწავლო მეთოდოლოგია მოიცავდა, როგორც მოკლე სალექციო, ასევე სადემონსტრაციო (პრაქტიკულ) ნაწილს. 2017 წლის 18-19 მარტს დაგეგმილ შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები. შეჯიბრი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით ხორციელდება.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტები - ლადო ლაბაძე, ლევან ჩხეიძე და ბექა თევდორაშვილი სტამბოლში მიიწვიეს, სადაც თეორიულ ფიზიკაში სუპერსიმეტრიებზე ზამთრის სკოლა ტარდება. სკოლის ორგანიზატორია Feza Gursey Center, Bogazici University და ტარდება მაქს პლანკის გრავიტაციის ინსტიტუტის (პოტსდამი, გერმანია) მხარდაჭერით.

გვერდები