ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ანა ნარჩემაშვილი გაივლის ერთწლიან სტაჟირებას ჩინეთში პროგრამით "UNESCO/People's Republic of China (The Great Wall) Co-Sponsored Fellowships Programme 2017-2018". ეს არის იუნესკოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი პროექტი - "The Great Wall", რომელშიც ანამ მოიპოვა სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის სრული დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია.
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული შოთა ოშხნელი სწავლას საფრანგეთში, Aieseg School of Management in Paris-ში გააგრძელებს, რომელიც მენეჯმენტის სკოლებში Financial Times-ის რეიტინგით მე-17 ადგილზეა მსოფლიოში. შოთას სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად დააფინანსებს განათლების საერთაშორისო ცენტრი. შოთა ოშხნელის სპეციალობა Master in Management-ს Information Management იქნება. შოთას უმცროსი ძმა, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი, ზურა ოშხნელი რამდენიმე თვის წინ IGeneration-ის გამარჯვებული გახდა და სწავლას ირლანდიაში აგრძელებს.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. დისერტაცია დაიცვა და მაგისტრანტის ხარისხი მიენიჭა ნანა ხუსკივაძეს, რომელიც საბაკალავრო განათლებით ხელოვნებათმცოდნეა და საბუნებისმეტყველო სამაგისტრო პროგრამაზე ორი წლის წინ, პირველივე მიღებაზე გამოცხადების პირველივე წელს ჩააბარა. კვლევის სათაური: მიკროორგანიზმებისა და ბიოლოგიური წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნაერთების გამოყენებით ჟელატინით დაზიანებული ხელოვნების ნიმუშების წმენდის ახალი მეთოდის შემუშავება სამეცნიერო ხელმძღვანელი: კახა დიდებულიძე, ასოცირებული პროფესორი კონსულტანტი: პროფ. გია ხატისაშვილი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი აბსტრაქტი: სამაგისტრო კვლევა ეხებოდა ხელოვნების ნიმუშების წმენდის მეთოდის შემუშავებას, რომელიც განხორციელდა ლიხაურის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩამოხსნილი კედლის მხატვრობის მაგალითზე მისი არსებული მდგომარეობისა და პრობლემებიდან გამომდინარე. მეთოდი ითვალისწინებს ბიოლოგიური და ქიმიური წმენდის გაერთიანებას და გულისხმობს გასაწმენდი ხელოვნების ნიმუშიდან გამოყოფილი მიკროორგანიზმებისა და ენდემური წარმოშობის საპნის ხიდან გამოყოფილი საპონინების გამოყენებას წმენდისთვის. კვლევა განხორციელდა აგრარული უნივერსიტეტის წყლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამაგისტრო გრანტის ფარგლებში. 2010-2011 წლებში ლიხაურის კედლის მხატვრობის კვლევა და რესტავრაციის მეთოდის შემუშავება ერთი ფრაგმენტის მაგალითზე განხორციელდა საფრანგეთის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტში (INP - Institut National du Patrimoine).
პირველად აგრარული უნივერსიტეტის ისტორიაში - საერთო რეიტინგში აგრუნი მეორეა და აბიტურიენტების მიერ ეროვნულ გამოცდებში მიღებული საშუალო ქულით ყველა დანარჩენ უნივერსიტეტს უსწრებს თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დღეს გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, უნივერსიტეტებს შორის კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტები უპირობო ლიდერები არიან: თავისუფალი უნივერსიტეტი პირველია (ეს უკვე ტრადიციულად) და აგრარული მეორე - საქართველოში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს შორის! აგრარული 5 წლის წინ, მანამ, სანამ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი მრავალმილიონიან ინვესტიციას განახორციელებდა, რეიტინგში 30-ეულს მიღმა იყო. ცოდნის ფონდმა ქართულ საგანმანათლებლო პროექტებში ჯამში 50 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, დღესაც აგრძელებს ინვესტირებას და შედეგიც სახეზეა. საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგს უკვე ცოდნის ფონდის უნივერსიტეტები ლიდერობენ!
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ნინა ნუცუბიძე Facebook-ის თანამშრომელი გახდა და ის დუბლინის ოფისში მოდერატორის პოზიციაზე იმუშავებს. ნინა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში სწავლობს. მისი უშუალო მოვალეობა იქნება ფეისბუქის პლატფორმის ეკოსისტემის გაუმჯობესება და დაუშვებელი კონტენტის მოდერირება.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავ საუკეთესოები არიან! თავისუფალი უნივერსიტეტი ისევ პირველია და რჩება უნივერსიტეტებს შორის უპირობო ლიდერად. აგრარულმა კი განიმტკიცა პოზიცია ლიდერებში და მრავალპროფილურ უნივერსიტეტებს შორის მეორეა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით თავისუფალი უნივერსიტეტი ისევ ყველაზე სასურველი უმაღლესი სასწავლებელია მაღალქულიანი აბიტურიენტებისთვის. აგრარულის საშუალო ქულა, თავისუფალი უნივერსიტეტის მსგავსად, კიდევ უფრო მაღალია, წინა წლებთან შედარებით. ეს ის უნივერსიტეტია, 5 წლის წინ ასეთ რეიტინგში რომ არ იძებნებოდა, დღეს კი უკვე ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. მადლობა ნდობისთვის, სწორი არჩევანისთვის და გილოცავთ! თქვენ ნამდვილად საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვდით! საუკეთესოები კი საუკეთესოს ირჩევენ
მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის სტუდენტი ბექა მოდებაძე 25 სექტმბერს ერთი წლით იაპონიაში გაემგზავრება. ბექას მაინორად იაპონური ენის მიმართულება აქვს არჩეული და შესაბამისად, სწავლას იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტში გააგრძელებს თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ცუკუბას უნივერსიტეტმა დაახლოებით ერთი წლის წინ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს.

გვერდები