ENG GEO

Search form

სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული არჩილ სულაძე სწავლას იტალიაში ან გერმანიაში გააგრძელებს. თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ არჩილმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა, სექტემბრიდან კი სწავლას დაიწყებს ევროპის პრესტიჟულ, საპიენსა-რომის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე "ასტრონაწილაკთა" ფიზიკის განხრით ან გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტში. ორივე უნივერსიტეტმა არჩილს უკვე დაუდასტურა მიღება. თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო. აჩიკოს ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა სემინარ-პრეზენტაციები “გზამკვლევი ჩინურ ბიზნეს-სამყაროში.’’ ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორებიც. პრეზენტაციამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მისი დასრულების შემდეგ გაიმართა მსჯელობა-დისკუსია. ჩინეთში ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ ჩინეთს, ჩინელებსა და ჩინურ ბიზნეს-სამყაროს.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობის სკოლა) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „არაბული გაზაფხული: მიზეზები და პერსპექტივები“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის არაბული მიმართულების სტუდენტების ნაშრომები, რომლებიც ეხებოდა არაბულ სამყაროში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ გარდაქმნებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლს, მოდერნიზაციის პროექტებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. ასევე გამოფენილი იყო სტუდენტების მიერ შესრულებული კალიგრაფიული და ფოტო ნამუშევრები.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო სკოლის სტუდენტმა გიორგი ჭანტურიამ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია, რომელიც შეეხება ძლიერად გადაგვარებულ რელატივისტურ პლაზმაში რამანის არამდგრადობების სრულიად ახალი რეჟიმის დადგენას. კვლევა ჩატარდა ამერიკელი მეცნიერის ს. მაჰაჯანის და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკის სკოლის დეკანის, ვ. ბერეჟიანის თანამონაწილეობით. ნაშრომი უკვე მიღებულია დასაბეჭდად პრესტიჟულ ამერიკულ ჟურნალში (Physics of Plasmas) და ამავე დროს მისი ნახვა შესაძლებელია სამეცნიერო სტატიების არქივში (https://goo.gl/6bY6LH). აღსანიშნავია, რომ გიორგი პირველი კურსიდან ჩაერთო კვლევით საქმიანობაში და თავისი წინასწარი კვლევის შედეგები თავისუფალი უნივერსიტეტის “ცოდნის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის ფიზიკის სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. კონფერენცია ჩატარდა ზაგრებში. თავისუფალი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გიორგის ულოცავს სამეცნიერო მოღვაწეობაში გადადგმულ პირველ და სერიოზულ ნაბიჯს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა "ჩინური ენის ხიდი"-ს შესარჩევი ტური სკოლის მოსწავლეებს შორის და სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის "ჩინური ენის ხიდი"-ს რიგით მერვე შესარჩევი ტური. კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი ქართველი კონკურსანტი მოსწავლე ოქტომბერში გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე: ორი მათგანი - ფინალურ კონკურსში მონაწილედ, ხოლო კიდევ ორი - დამკვირვებლებად. გამარჯვებული სტუდენტი კი ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში „ჩინური ენის ხიდის“ ფინალურ კონკურსში. მეორე ადგილის მფლობელი კი ათი დღით გაემგზავრება "ჩინური ენის ხიდის" საზაფხულო სკოლაში და დაესწრება ფინალურ ტურს.
საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმათულების ორგანიზებით გაიმართა იაპონური ჩაის ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა საქარველოში იაპონიის ელჩის მეუღლე, ჰარუე კაიტანი. ჩაის ცერემონია მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრება ძენ ბუდიზმს და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას იაპონელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, ტრადიციულად, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტების ორგანიზებით, გაიმართა ფესტივალი Art Weekend! 9 ივნისს შედგა ფილმის “ნუ მოკლავ ჯაფარას” ჩვენება და საჯარო დისკუსია მის გარშემო, რომელსაც შესავალი ლევან გიგინეიშვილმა გაუკეთა. 10 ივნისს გაიმართა პაატა შამუგიას საჯარო ლექცია თემაზე “ეროტიკა და პოეტიკა,” დავით გაბუნიამ მიმოიხილა “უნდა იყოს თუ არა თანამედროვე ლიტერატურა აქტუალური?” საღამო დასრულდა “კაცების შოუს” წარმოდგენით, ირაკლი კაკაბაძის, დავით ლაბაძისა და გიორგი ჯანელიძის მონაწილეობით. ამდენი წლის მერე ისევ შეიკრა შესანიშნავი ოთხეული. 11 ივნისს მიშა მშვილდაძემ ისაუბრა ტელევიზიებისა და TV-შოუების ძალაზე, მოგვიანებით შედგა შეხვედრა კახა თოლორდავასა და გია ხადურთან, რომლებმაც მიმოიხილეს, თუ “რატომ გვძულს Pink Floyd, ელექტრონული მუსიკა, ანდერგრაუნდი, კინომუსიკა, ფსიქოდელია, პროგრესივი, თავისუფლების მუსიკა, იმპროვიზაცია და სხვა.” Art Weekend-ი დასრულდა ჯგუფი “არას” სუპერლაივით! არტ ვიქენდი კიდევ იქნება, თან აუცილებლად
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტები გიორგი ბახტაძე და გიორგი არსენაძე საზაფხულო ერთთვიან სტაჟირებას (internship) მიუნჰენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU) გაივლიან. გერმანიაში ყოფნისას სტუდენტები ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევებში რომლებიც მიმდინარეობს LMU-ში. მიუხედავად იმისა რომ ორივე გიორგი ჯერ კიდევ საბაკალავრო სკოლაში სწავლობს, ისინი უკვე ჩართულები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში მიმდინარე სამეცნიერო მოღვაწეობაში. მათ განახორციელეს და პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალებში გამოაქვეყნეს ორი შთამბეჭდავი თეორიული ნაშრომი, რომელთა შედეგებს სტუდენტები წარადგენენ LMU-ს სამეცნიერო სემინარზე. გიორგი ბახტაძის და გიორგი არსენაძის მიუნჰენში მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად დაფარავს გერმანული მხარე.
აგრარული უნივერსიტეტი ეხმიანება ბიზნესის ადმინი
2018 წელს IET-ის ორგანიზებით გამოიცემა წიგნი: „Advances in Mathematical Methods for Electromagnetics“. წიგნის ერთ-ერთი თავი ეძღვნება თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ ჯანდიერის მიერ შემუშავებულ მეთოდს. აღნიშნული მეთოდის საშუალებით შესაძლებელია რიცხობრივად სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს ელექტრომაგნიტური გამოსხივების ანალიზი ცილინდრული ტიპის სტრუქტურებისათვის. აღნიშნული მეთოდი ერთნაიარად ეფექტურად გამოიყენება როგორც ნანოსტრუქტურების ანალიზისათვის, ასევე უფრო დაბალი სიხშირეების შემთხვევაში - მიკრო და მილიმეტრული ზომის სტრუქტურებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც სტრუქტურების გეომეტრია საგრძნობლად რთულდება, ეფექტური რიცხვითი მეთოდების შემუშავება ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაში. მეთოდი შემუშავებულია იაპონიის კიუშუს უნივერსიტეტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად. IET (Institution of Engineering and Technology), რომლის ისტორია 1871 წელს იწყება, ყველაზე დიდი საინჟინრო ინსტიტუტია მსოფლიოში. იგი აერთიანებს ინჟინერიის სხვადასხვა დარგების სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან.

გვერდები