გამოიცა წიგნი: "ქართველები XVI-XVIII საუკუნეების ირანში"
02 მაისი 2024
გამოიცა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი კაციტაძის წიგნი "ქართველები XVI-XVIII საუკუნეების ირანში".
წიგნი მოგვითხრობს XVI-XVIII საუკუნეთა ირანში მოღვაწე ქართველთა შესახებ.
XVI საუკუნის დასაწყისიდან სეფიანთა ირანმა გაააქტიურა მოქმედება აღმოსავლეთ საქართველოს წინააღმდეგ. რბევა-აოხრებასთან ერთად, ყიზილბაშებმა აუარებელი ქართველი ტყვედ წაიყვანეს და გადაასახლეს ირანში. მაგრამ ქართველები ირანში მარტო დატყვევების გზით არ მოხვედრილან: XVI საუკუნის საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ე. წ. სათავადოთა სისტემა. თავადი თავადს მტრობდა, სტაცებდა მიწებს, ყმებს; ამ შინაფეოდალურ ბრძოლაში ერთ–ერთი მხარე მარცხდებოდა. დამარცხებულს საქართველოში აღარ დაედგომებოდა და იგი თავს აფარებდა ირანს. ერთი სიტყვით, XVI საუკუნიდან საქართველოში მიმდინარე შინაფეოდალური ბრძოლის გამოც, ბევრი ქართველი აღმოჩნდა ირანში გადახვეწილი (ქართველ ფეოდალთან – თავადთან ერთად ირანს თავს აფარებდნენ მისი „მოკიდებულები“ – აზნაურები, გლეხები...).
ამრიგად, XVI საუკუნის შუახანებიდან ირანში უამრავი ქართველი ცხოვრობდა, რომელთა ნაწილიც გამუსლიმების პირობით დაწინაურდა სამხედრო, პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ სარბიელზე და ზოგიერთი მათგანი გავლენასაც კი ახდენდა ირანის ბედ-იღბალზე.
ნაშრომი გამოცემულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში.